
რა არის ადვენტი, როგორი დატვირთვა აქვს მას კათოლიკურ ეკლესიაში და იქონიებს თუ არა პანდემია გავლენას ადვენტის პერიოდზე - ამ თემებზე „საბამედიამ“ თბილისის წმ. პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის კათოლკური სამრევლოს ვიკართან, მამა პაატა ქომოშვილთან ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს მასთან.
- მოეგსალმებით მამაო, დავიწყოთ შეკითხვით თუ რა არის ადვენტი?
ადვენტის შესახებ შეგვიძლია ძალიან დიდხანს ვისაუბროთ, ვინაიდან ეს არის განსაკუთრებული ჟამი ეკლესიაში. თვითონ სიტყვა Ad Ventian ნიშნავს მალე, ჩქარა მოსვლას და ზუსტად ამ დროს ველით ქრისტეს შობის დიდდღესასწაულის დადგომას.
ტრადიციები სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი იყო, თუმცა გავამახვილებ ყურადღებას ორ ტრადიციაზე, რომლებიცაა: გალიკანური და რომაული ტრადიციები. გალიკანური ტრადიცია გაცილებით ძველი ტრადიციაა, ვიდრე რომაული.
ადვენტი მოიცავს 4 კვირას და გაყოფილია ორ ნაწილად:
პირველი ნაწილი - დასაწყისიდან 16 დეკემბრამდე, როცა აღვნიშნავთ ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინს.
მეორე ნაწილი - 17 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქრისტეს პირველად მოსვლის პერიოდი ანუ შობა.
- როგორ აღინშინება ეს ჟამი კათოლიკურ ეკლესიაში, იმდენად რამდენადაც სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული კულტურა გააჩნია. რა არის საერთო ამ დროს?
რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას გააჩნია თავისი ტრადიციები, თავისი კულტურა და ყველგან თავისებურად აღინიშნება. ხაზი მინდა გავუსვა აღმოსავლურ ტრადიციებში მის მრავალფეროვნებაზე, თუმცა კათოლკე ეკლესია დიდია და მოიცავს მთელს მსოფლიოს, ამიტომ საერთო ყველგან რჩება საადვენტო გვრიგვინი 4 სანთელი და rorate - ანუ სისხამ დილის წირვები, რომლებიც საქართველოშიც არ არის გამონაკლისი.
- არის თუ არა ადვენტის პეიროდში მარხვა და თუ არის, რატომ?
როგორც უკვე ვსიაუბრე, ამ ორ ტრადიციაზე, გალიაში ჰქონდა მონანიების ხასიათი ამ პერიოდს და ისინი რომისგან განსხვავებით, არ ელოდნენ შობას, არამედ უფლის გაცხადების დღესასწაულს, რომელიც ახლა აღინიშნება 6 იანვარს. ამიტომაც ნათლობის წინ 40 დღიანი მარხვები იყო, 11 ნოემბრიდან 6 იანვრამდე, ზუსატდ 40 დღე. აქედან გამომდინარე, შემდგომ რომშიც გადმოდის მარხვის „შერბილებული“ სახე, მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ისეთი ასკეტური სახე, როგორც გალიკანურ ტრადიციაში იყო მიღებული.
შემდგომში კი, ლიტურგიაში მარხვის პერიოდში ეთიშება საგალობელი Gloria და დილის ქებანს ეთიშება Te Deum.-ი. აქედან მკვიდრდება ადვენტის პერიოდში მსუბუქი მარხვის ფორმა.
- 29 ნოემბერს დავიწყებთ საადვენტო პერიოდს, საქართველოს კათოლიკე ეკლესიაში არის თუ არა პანდემიის პერიოდში რაიმე სახის განსაკუთრებული შეზღუდვები?
როგორც მე მაქვს ინფორმაცია, რაიმე სახის განსაკუთრებული შეზღუდვები არ იგეგმება. რჩება მხოლოდ ის შეზღუდვები, რომლებიც უკვე არსებობს: დისტანცია, ნაკურთხი წყლის ამოღება, დეზინფექციის საშუალებები და ზიარების ხელის გულზე დადებით მიღება, თუ რაიმე დამატებითი შეზღუდვები საშობაოდ იქნება, ამას ჯერ ვერ გეტყვით.
- და ბოლოს, რას ეტყვით ხალხს, როგორ განიცადონ ეს ადვენტის ჟამი. საით მივყავართ ამ პერიოდს?
ჩემი პირადი შეხედულებებიდან ვიტყვი, რომ ყოველივე ცუდს, რაც ხდება, უნდა მოვახერხოთ და შევხედოთ სხვაგვარად, როგორც პაპი საუბრობდა სამ კოვიდზე ანუ უნდა ვიაზროვნოთ უფრო გლობალურად და მხოლოდ ვიწრო შეხედულებებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ყოველი ცუდი უნდა ვაქციოთ დადებითად ჩვენს თავში, ჩვენს პირად ცხოვრებაში და ეს იქნება ზუსტად, როგორც პირადი, ასევე საკრებულოებრივი ზრდა.
დიდი მადლობა მამა პაატა ქომოშვილს საინტერესო საუბრისთვის.
ესაუბრა შოთა გიქოშვილი