• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ამაგდარი მამულიშვილი

ჟურნალი "საბა" – 6/318


წიგნის მოყვარულებმა კიდევ ერთი, ახალი საჩუქარი მიიღეს, გამომცემლობა ,,უნივერსალმა“ გამოსცა ჟუჟუნა ფეიქრიშვილის ახალი წიგნი, რომელიც ეძღვნება ცნობილი მეცნიერის, ქართული ქიმიური მეცნიერების სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ვიქტორ კოკოჩაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.



ქალბატონ ჟუჟუნა ფეიქრიშვილს სპეციალური წარდგენა არ სჭირდება, მას, როგორც ამაგდარ მეცნიერსა და პედაგოგს, მრავალი თაობა აღუზრდია, იგი მრავალი სამეცნიერო მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორია, ბოლო ათწლეულებში კი საზოგადოებას წარუდგა, როგორც საქართველოში კათოლიკური მემკვიდრეობის ერთ-ერთი ნაყოფიერი და საინტერესო მკვლევარი. წინამდებარე ნაშრომი, რომელიც ცნობილი მეცნიერის, ვიქტორ კოკოჩაშვილის მოღვაწეობას ეძღვნება, ამ თემატიკის წიგნების მორიგი გაგრძელებაა. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ნაშრომი ქალბატონი ჟუჟუნა ფეიქრიშვილის რიგით 35-ე წიგნია.


ქალბატონ ჟუჟუნა ფეიქრიშვილის ნაშრომებს, ისტორიულ ფაქტთა კვლევისა და გასაჯაროების გარდა, კიდევ ერთი დატვირთვა - საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ფუნქციაც გააჩნია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე გამოიკვეთა მცდარი ტენდენცია, მიჩქმალულიყო ცალკეულ პიროვნებათა კონფესიურობა, თუ ისინი არ წარმოადგენდნენ დომინანტი ეკლესიის წევრებს. სწორედ ამიტომ სულხან-საბა ორბელიანის, ზაქარია ფალიაშვილის, ძმები ზუბალაშვილების, პეტრე მელიქიშვილის კათოლიკობის საჯარო გაცხადებაზე ტაბუ იყო დაწესებული. სამწუხაროდ, ეს მანკიერი, არასახელმწიფოებრივი ტენდენცია ზოგჯერ ინერციით, ზოგ შემთხვევაში კი, რუსული პროპაგანდის გავლენით, დღესაც გრძელდება. სწორედ მტრული პროპაგანდის გავლენების აშკარა გამოვლინებაა, როდესაც მულტიეთნიკურ და პოლიკონფესიურ ქვეყანაში ცდილობენ სახელმწიფო ნაციონალიზმის ჩანაცვლებას ეთნო-კონფესიური ნაციონალიზმით.


"მონოგრაფია ეძღვნება ქართველ კათოლიკეთა ერთ-ერთი სახელოვანი გვარის წარმომადგენელს, ვიქტორ ივანეს ძე კოკოჩაშვილს. შევეცადეთ, კოკოჩაშვილების საგვარეულოს საინტერესო ისტორიის ფონზე, მკითხველისათვის წარგვედგინა ბატონი ვიქტორი არა მხოლოდ საქვეყნოდ აღიარებული მეცნიერი და გამორჩეული პედაგოგი, არამედ როგორც ადამიანი თავისი პიროვნული ღირსებებით, თავისი სულიერი ტკივილებითა თუ ბედნიერება-სიხარულით, ახლობელთა მოგონებებით გაცოცხლებული ცხოვრებისეული ცალკეული ეპიზოდებით", - ამგვარი შესავლით წარმოგვიდგენს ქალბატონი ჟუჟუნა თავისი მორიგი წიგნის გმირს - ცნობილ მეცნიერსა და თაობების აღმზრდელ პედაგოგს, გამორჩეულ პიროვნებას, ვიქტორ კოკოჩაშვილს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზოგადად მეოცე საუკუნის ეროვნული ქიმიური სკოლის განვითარებაში.


ჟუჟუნა ფეიქრიშვილის წინამდებარე წიგნი კომპოზიციურად საინტერესოდ არის შეკრული, ვიქტორ კოკოჩაშვილის ცხოვრებისა და გენიალოგიის აღწერას ენაცვლება მისი მეგობრების, აღზრდილებისა და ოჯახის წევრების მოგონებები, მონოგრაფიის ბოლოს ავტორი ვიქტორ კოკოჩაშვილის "დიდ მასწავლებლებს" გვაცნობს, და ეს ძალზე სწორი ჩანაფიქრია, ვინაიდან პიროვნების ფორმირებაზე სწორედ მის მასწავლებლებს აქვთ უდიდესი გავლენა, მით უმეტეს, თუ ეს მასწავლებლები ქართული ქიმიის სკოლის ფუძემდებლები, პეტრე მელიქიშვილი და ვასილ პეტრიაშვილი არიან. და ეს "გაცნობა" ხდება თავად ვიქტორ კოკოჩაშვილის მეშვეობით, მის მიერ სხვადასხვა წლებში გამოქვეყნებული წერილებით, ანუ თავად მონოგრაფიის გმირი ორიგინალური ნარატივით გვაცნობს თავის უშუალო პედაგოგს, პეტრე მელიქიშვილს და თავად პეტრე მელიქიშვილის უფროს მეგობარს, ვასილ პეტრიაშვილს. პარალელურად ვიქტორ კოკოჩაშვილის მონათხრობით თვალს მივადევნებთ ეროვნული ქიმიის სკოლის ჩამოყალიბების მთავარ ეტაპებს და, ამავდროულად, ვეზიარებით მის პუბლიცისტურ მემკვიდრეობასაც.


ქალბატონი ჟუჟუნა ფეიქრიშვილის მონოგრაფიაში ვრცელი ადგილი უკავია თავად ვიქტორ კოკოჩაშვილის მიერ გადმოცემულ პეტრე მელიქიშვილის მოღვაწეობის აღწერას, რაც, თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორის, პეტრე მელიქიშვილის ცხოვრებისეულ ეპიზოდებთან ერთად, მთელი ეპოქის სურათს აცოცხლებს. ქალბატონმა ჟუჟუნამ, პეტრე მელიქიშვილზე მანამდე უცნობი ბიოგრაფიული მასალების ძიებისას, ,,აღმოაჩინა“ პროფესორ ვიქტორ კოკოჩაშვილის არქივი. ამ არქივში დაცული მასალების გაცნობამ კი დაარწმუნა, რომ მის წინაშე იყო გადაშლილი ცხოვრება ადამიანისა, რომლის ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი წიგნით მნიშვნელოვნად გაამდიდრებდა ქვეყნისთვის მოღვაწე ადამიანთა ვრცელ გალერეას. შემდგომ კი ჯერი დადგა ავტორის დაუღალავ შრომაზე, პროფესიონალიზმსა და მიზანზე - ,,არ დაიკარგოს არც ერთი გამოჩენილი ადამიანის ღვაწლი სათანადო დაფასების გარეშე“.


ნუგზარ ბარდაველიძე

ჟურნალი "საბა" / ივნისი, 2022