top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ამაღლების დღესასწაული ბუზმარეთში



2021 წლის 13 მაისს, კათოლიკე ეკელსიამ ამაღლების დღესასწაული იზეიმა. მესხი კათოლიკეების ტრადიციის მიხედვით, საზეიმო წმ. წირვა თურქეთ–საქართველოს საზღვართან არსებულ, ბუზმარეთის ტაძართან აღევლინა.


ღია ცის ქვეშ ლიტურგია კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ, ვატიკანის ელჩთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, ასევე მესხეთსა და დასავლეთ საქართველოში მოღვაწე კათოლიკე სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.


წმ. წირვაზე არლისა და უდის სამრევლოების ექვსმა წევრმა მირონცხების საიდუმლო მიიღო.



ლიტურგიისას ქადაგება ვატიკანის ელჩმა წარმოთქვა, რომლემაც ყურადღება ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკების საქართველოში ჩამობრძანებაზე გაამახვილა: "დღეს მომლოცველად ვეწვიეთ ბუზმარეთს, რათა პატივი მივაგოთ ფატიმას ნეტარ წმინდა ქალწულს და ვიზეიმოთ მისი გამოცხადება ფატიმას კოვა დ’ირიაში, 1917 წლის 13 მაისს.

ამგვარად ვიწყებთ ჩვენს სულიერ მომლოცველობას, რათა მოვამზადოთ ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკების ვიზიტი ამა წლის ოქტომბრის თვეში", – აღნიშნა არქიეპისკოპოსმა.


უკვე წლებია მესხი კათოლიკეები ამაღლების დღესასწაულზე ბუზმარეთის ტაძრებს მოილოცავენ და წმ, წირვასაც იქ აღავლენენ. მეორე წელია მიმლოცველობას ეპისკოპოსიც უერთდება. წელს, მან სოფელ არლიდან ბუზმარეთის ტაძრამდე გზა, დაახლოებით 10 კილომეტრი ფეხით, ახალგაზრდებთან ერთად გაიარა.




ბუზმარეთის სახელს ადიგენში, თურქეთ-საქრთველოს საზღვართან ორი ტაძარი ატარებს. ერთი, საქართველოს სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და უძველეს ნაეკლესიარზე, 2006–2007 წლებში სერგო და ანტონ მერაბიშვილებმა აღადგინეს. მეორე კი, საზღვრის გარეთაა. ორივე ტაძარი ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია, თუმცა კათოლიკეები აცხადებენ, რომ ეკლესიები სადავოა, რადგან მისი ისტორიული მესაკუთრეები კათოლიკეები არიან.


ტრადიციულად, ამაღლების დღესასწაულზე ამ ტაძრების მოსალოცად, როგორც კათოლიკეები (რომაული და სომხური წესის) ასევე მართლმადიდებლები (საკუთარი ლიტურგიული კალენდრის მიხედვით) დადიან.


გასული წლის მსგავსად, წელსაც კათოლიკეებს უარი ეთქვათ საზღვრის შიგნით შესვლაზე. შესაბამისად, წმ. წირვა საზღვრის გარეთ მდებარე ტაძრის მიმდებარედ აღევლინა.


თაკო ფეიქრიშვილი
ფოტოები – რობი ზარიძე, კოტე აკოფაშვილი

Comments


bottom of page