„პოლიტიკის კეთება“ მსახურების ფორმაა, პასუხისმგებლობის აღება, რომელიც ძალას იძენს რეალობასა და მის საჭიროებებზე ღრმა და გულისხმიერი დაკვირვებისაგან. თუკი ჩვენ ცხოვრება გვიწევს იმ დროში, როდესაც სულ უფრო მეტად ჭირს სირთულეში გზის გაკვლევა და ამ სირთულეში შესაძლო სიკეთის ძიება, სწორედ დღეს არის აუცილებელი, დავუბრუნოთ სიტყვას „პოლიტიკა“ თავისი მშვენიერება.

რა ცუდია, როცა ხვდები, რომ ტრიბუნის ,,ზემოდან გიყურებენ“ დემაგოგიური, ირონიული, ცბიერი, ცრუ და გულუბრყვილო გამონათქვამებითა და მოქმედებებით, თითქოს ამბობენ, რომ საუკეთესონი არიან, რომ ისინი გაიმარჯვებენ... მაშინ, როცა „არაბინძური“ პოლიტიკა არის ის, რომელიც „იწყება ქვემოდან“, გარეუბნებიდან, ხალხის და, განსაკუთრებით, მოსახლეობის უღარიბესი ფენების საჭიროებიდან, არა იმიტომ, რომ მათი ტყავის გაძრობით იშოვონ ფული, არამედ ხალხის პრობლემები გადაჭრან კონკრეტულ სფეროებში, როგორიცაა სკოლა, უნივერსიტეტი, საავადმყოფო, ოჯახი…;
რატომ არავინ მიდის ხალხის მოსასმენად აფთიაქების, საავადმყოფოების, მაღაზიების კარებთან... და იქაც არ იძლევა საარჩევნო დაპირებებს?
რა ცუდია, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვები, როგორიცაა ,,მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა“, დღეს გამოიყენება როგორც ზღვარი, როგორც თითქმის მუქარა უფრო ზოგადი მიმართულებებისათვის. სწორი პოლიტიკა უნდა ინარჩუნებდეს მჭიდრო ურთიერთობას სიტყვასა და მოქმედებას შორის: ღირებულებებით, რაც უნდა დაიცვან; პროექტებით, რაც უნდა შესრულდეს; აქტივობებით, რაც უნდა განხორციელდეს. იდეალები მოითხოვენ განხილვას, დებატებს, დახვეწას, გადახედვას, ერთსულოვნებასა და აქტიურ მონაწილეობას.
რა ცუდია, როცა გვესმის სხვებისგან, რომლებიც ჩვენს იდეებს არ იზიარებენ, რომ არ მოგვცემენ ხმას, როგორც მტრებს, მოღალატეებს, ფანატიკოსებს... გარკვეულწილად, ამით ადასტურებენ იმას, რაც გვესმის ჩურჩულით, რომ ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სამუშაო, თუკი ის ხმას არ მისცემს შესაბამისი მითითებით, თუკი მისი ოჯახი... ნუთუ ასე განვითარდება ნამდვილი დემოკრატია? სულ უფრო მეტად ემუქრება მას დემაგოგიის სერიოზული საფრთხე, ზეპიროვნული ინტერესები, ძალაუფლების თამაშები, ადვილად გასამრავლებელი ფული... არადა, დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმად რჩება, ამავე დროს, ყველაზე მომთხოვნ და საპასუხისმგებლო ფორმად.
რა ცუდია, როცა აღარ გაინტერესებს, რა ხდება ან არ ხდება საზოგადოებაში: სად არის ათასობით სტუდენტი, გასულ თვეებში დემონსტრაციებში რომ მონაწილეობდა? იქნებ აღარ არსებობს ის მიზეზები, რის გამოც გამოთქვამდნენ პროტესტს? ნაცვლად ამისა, მოედნები ივსება მიტინგების გასამართავად, ტაშის დასაკვრელად, თავის დასაქნევად...
დემოკრატია არის ღირებულება, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორიელდება სრულად, თუ გავრცელდება მთელ საზოგადოებაზე - პარტიებზე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ნებაყოფლობით სამსახურზე, პროფკავშირებზე (მაგრამ არსებობენ კი ისინი საქართველოში?) - მკაფიო და რეალური ფორმით. მოქმედმა პოლიტიკამ იცის, რომ მას სჭირდება ყველას დახმარება, გამონაკლისის გარეშე.
რა ცუდია, როცა ხედავ , რომ რელიგია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ,,instrumentum regni“ (,,ხელისუფლების ინსტრუმენტად“). იქნებ იმიტომ, რომ დღეს დემოკრატია მყიფეა? რატომ ექვემდებარება იგი მრავალ გარე და შიდა შეტევას, და არა მხოლოდ ,,უცხოური აგენტების“ მხრიდან? საინტერესოა, მაინც ვინ არიან ეს აგენტები, რომლებიც ქვეყნის მთლიანობისა და მშვიდობის წინააღმდეგ აწყობენ შეთქმულებას.
ზუსტად ამ კონტექსტში, პოლიტიკური არჩევნები რჩება მნიშვნელოვან მომენტად ერის ცხოვრებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველამ უნდა შეძლოს და გააკეთოს არჩევანი, რითაც გამოხატავს თავის აზრს იმის შესახებ, რაც გაკეთდა აქამდე (ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქებარიც) და როგორი უნდა იყოს უახლოესი მომავალი. თუმცა, ხშირად ყველაზე მარტივი სათქმელი და გასაკეთებელი ეს არის: „არაფერი შეცვალო, რათა ყველაფერი ძველებურად დარჩეს“. ნუთუ მართლა ასე მოხდება?
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ჟურნალი "საბა"/ 2024, ოქტომბერი
Comments