ახალგაზრდა კათოლიკე მღვდლების ფორმაციული შეხვედრა სომხეთში
- catholic.ge
- Jun 6
- 2 min read
2-5 ივნისი სომხეთში, ქალაქ ერევანში, საქართველოში მოღვაწე ახალგაზრდა კათოლიკე მღვდლების ფორმაციული შეხვედრა და მიმლოცველობა მოეწყო.

ოთხი კათოლიკე მღვდლის ფორმაციულ შეხვედრას ორგანიზება მამა პაატა ქომოშვილმა გაუწია. შეხვედრისთვის მამა მერაბ ტატალაშვილი, მამა ბექა ჩილინგარაშვილი, მამა ლაშა მანუკიანი და მამა კონსტანტინე აკოფაშვილი ოთხდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდნენ.
საიუბილეო წლიდან გამომდინარე, შეხვედრის მთავარი თემა იყო „იმედის მომლოცველები“. მის ფარგლებში, სასულიერო პირებმა მოილოცეს ერევანში არსებული სომხური სამოციქულო ეკლესიისა და კათოლიკური ეკლესიის ტაძრები/სამლოცველოები, ასევე ისტორიული ძეგლები.
„ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მღვდლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ღვთისმეტყველებაში უწყვეტი ფორმაცია. მისი მეშვეობით მაქვს შესაძლებლობა, უკეთ ჩავუღრმავდე ღვთაებრივ უსასრულობას და ჩემს ურთიერთობას ღმერთთან;
აღმოვაჩინო ღმერთი ჩემში ხოლო ეს აღმოჩენა განვახორციელო ჩემს ცხოვრებაში, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ, პირველ რიგში, საქმით. მღვდლისთვის პირველი ქადაგება ცხოვრებით დამოწმებაა, ამიტომაც ჩემთვის მნიშვნელოვანია „ღვთით კვება“, რათა ეს საკვები მივაწოდო მორწმუნეებს“, – ამბობს მამა ბექა ჩილინგარაშვილი.

შეხვედრის მთავარი ნაწილი იყო მღვდლების ფორმაცია, თემაზე – ჰომელია და მისი არსი, რომელსაც სომხური წესის ეპისკოპოსი გევორგ ნორატუნიანი უძღვებოდა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს:
– ჰომელიის ისტორიულ, თეოლოგიურ, ლიტერატურული ასპექტები;
– როგორ უნდა მომზადდეს/აიგოს ჰომელია, რა არის გასათვალისწინებელი;
– ჰომელია ევქარისტიასა და სხვა საიდუმლოებებში. სირთულეები, სამწყსო მხარეები, რჩევები.

„ეს შეხვედრა მრავალ მხრივ განსაკუთრებული იყო. მომხიბლა სომხეთმა და პირველი ქრისტიანული ტაძრების მონახულებამ სულიერად შემავსო. ასევე, გვქონდა ფორმაციული შეხვედრა სომეხ კათოლიკეთა ეპისკოპოსთან – მეუფე გევორგთან, რომელსაც სხვადასხვა უნივერსიტეტში აქვს ნასწავლი და მათგან ერთ–ერთია სალელთა პონტიფიკალური უნივერსიტეტი, სადაც მე ვსწავლობდი. ქადაგების შესახებ, მისი რჩევები ვფიქრობ ძალიან დაგვეხმარება. მან დაგვანახა სხვადასხვა ეკლესიაში ქადაგების სტილი, ქადაგების სირთულეები, მოგვცა მრავალი გზამკვლევი თუ როგორ შეიძლება ქადაგება ადამიანის ფერისცვალების მიზეზი გახდეს“, – ამბობს მამა კონსტანტინე აკოფაშვილი.

სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსის მოხსენება ჰომელიის შესახებ, სასარგებლო და საინტერესო იყო მამა მერაბ ტატალაშვილისთვისაც:
„შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, რადგანაც საუბარი იყო ჰომილეტიკაზე (ქადაგებზე), სადაც ბევრი საინტერესო მაგალითი და პირადი გამოცდილება გაგვიზიარა მეუფე გევორგმა; მან ძალიან გახსნილად და სიყვარულით მიგვიღო. იმედი მაქვს, მომავალში გავითვალისწინებ გამოცდილებას, რომელიც ამ დღეებში მივიღე. მადლობა ღმერთს და მათ ვინც დააორგანიზა და საშუალება მოგვცა ასეთი მადლის მიღებისათვის“.
ფორმაციული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, სასულიერო პირების განვითარება/სრულყოფა, როგორც პიროვნული, ასევე საკრებულოებრივი მსახურებისთვის.

„ჩემთვის ეს შეხვედრა იყო ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების გამდიდრების საშუალება, რაც პრაქტიკულად გამომადგება ჩემს ყოველდღიურ მსახურებაში.
სომხური კათოლიკური წესის არქიეპისკოპოსმა გაგვიზიარა თავისი გამოცდილება, ჰომილიის შესახებ და გვირჩია როგორ მოვამზადოთ, ავაგოთ და რა გავითვალისწინოთ შედეგიანი (ნაყოფიერი) ჰომილიისათვის. ასევე გვესაუბრა ჰომილიის სირთულეებზე და რჩევები მოგვცა თავისი გამოცდილებიდან“, – ამბობს მამა ლაშა მანუკიანი.
შეხვედრით კმაყოფილია თავად ორგანიზატორი. მამა პაატა ქომოშვილი მიიჩნევს, რომ ამ საიუბილეო წელს, გასვლითმა ფორმაციულმა შეხვედრამ გაამართლა:
„ამ შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდა მღვდლების ფორმაცია, ფორმაციის განმტკიცება და პრაქტიკული თემები, რომლებიც ყოველდღიურ მსახურებასა და ცხოვრებაში გამოადგებათ“, – ამბობს შეხვედრის ორგანიზატორი, მამა პაატა ქომოშვილი.
კათოლიკე მღვდლებმა მოინახულეს: ახტალის მონასტერი, ახპატის სამონასტრო კომპლექსი, დედა ტერეზას დების მონასტერი, ერევნის წმინდა გრიგორ განმანათლებლის საკათედრო ტაძარი. ეჩმიაძინი, სევანის მონასტერი, ალავერდი - სანაჰინის მონასტერი და ოძუნი.
ეს რიგით მეორე შეხვედრა იყო, რომელიც ახალგაზრდა კათოლიკე მღვდლების ფორმაციისთვის დაიგეგმა.
თაკო ფეიქრიშვილი
Kommentare