ახალი პაპი არჩეულია
- catholic.ge
- May 8
- 2 min read
Updated: May 9
კათოლიკე ეკლესიას ჰყავს ახალი პაპი – ლეონ XIV იგივე კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო, ავგუსტინელი, რომელსაც ეკავა ეპისკოპოსთა დიკასტერიის პრეფექტის თანამდებობა.

2025 წლის 8 მაისს, რომის დროით, 18:08 საათზე, სიქსტეს კაპელას საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა.
ამ ფაქტს ტაშით, სიხარულის შეძახილებითა და დროშების ფრიალით მიესალმა წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ათასობით მორწმუნე.
დაახლოებით 19:30 საათზე (რომის დროით), ახალი პაპი პირველად იხილია მსოფლიომ. მან ცრემლიანი თვალებით წარმოთქვა სიტყვა, რომელიც „მშვიდობის" თემას შეეხებოდა.
„მშვიდობა თქვენდა!“ — იყო მისი პირველი სიტყვები.
"ძვირფასო ძმებო და დებო, ეს იყო აღმდგარი ქრისტეს — კეთილი მწყემსის — პირველი მისალმება, რომელმაც სიცოცხლე ღვთის სამწყსოს შესწირა. მეც მსურს, რომ ამ მისალმებამ მიაღწიოს ჩვენს გულებამდე, თქვენს ოჯახებამდე, თითოეულ ადამიანამდე, სადაც არ უნდა იმყოფებოდს იგი, ყველა ერამდე, მთელს დედამიწამდე.
მშვიდობა თქვენდა!
ასეთია აღმდგარი ქრისტეს მშვიდობა — მშვიდობა, რომელიც განიარაღებულია და რომელიც თავად განაიარაღებს; მშვიდობა, რომელიც თავმდაბალია და შეუპოვარი. ის მოდის ღვთისგან — ღვთისგან, რომელიც ყველა ჩვენგანს უპირობოდ გვიყვარს.
ჩვენს ყურებში კვლავ ისმის პაპ ფრანცისკეს ის სუსტი, მაგრამ ყოველთვის მამაცი ხმა, რომელმაც აკურთხა რომი. იმ დიდმოციქულეობრივ აღდგომის დილას პაპმა აკურთხა რომი და მთელი მსოფლიო. ნება მომეცით, გავაგრძელო ეს კურთხევა.
ღმერთს ვუყვარვართ! ღმერთს ყველა ჩვენგანი უყვარს. ბოროტება ვერ გაიმარჯვებს.
ყველანი ღვთის ხელში ვართ.
ამიტომ, უშიშრად, ერთიანად, ხელჩაკიდებულნი — ღმერთთან და ერთმანეთთან — წინ წავიდეთ!
ჩვენ ქრისტეს მოწაფეები ვართ. ქრისტე მიგვიძღვის წინ.
მსოფლიოს სჭირდება მისი სინათლე. კაცობრიობას სჭირდება ის, როგორც ხიდი, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს ღმერთამდე და მისი სიყვარულამდე.
დაე, თქვენც დაგვეხმარეთ ამ ხიდის მშენებლობაში — დიალოგის, შეხვედრის გზით — რათა ყველა გავერთიანდეთ და ვიყოთ ერთი ერი, მუდამ მშვიდობაში.
დიდი მადლობა პაპა ფრანცისკეს!
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ძმებს — კარდინალებს, რომლებმაც ამირჩიეს, რომ ვყოფილიყავი პეტრეს მემკვიდრე და თქვენთან ერთად, როგორც ერთი ეკლესია, ვიარო მშვიდობისა და სამართლიანობისკენ. შევეცდები მუდამ ვიმოქმედო, ქრისტეს მორწმუნეებთან ერთად უშიშრად, რათა ვაუწყო სახარება და ვიყო მისიონერი.
ვარ წმიდა ავგუსტინეს შვილი — ავგუსტინელი, რომელმაც თქვა: „თქვენთან ერთად ვარ ქრისტიანი, თქვენთვის — ეპისკოპოსი.“ ამ მნიშვნელობით, ყველას ერთად შეგვიძლია ვიაროთ იმ სამშობლოსკენ, რომელიც ღმერთმა მოგვიმზადა.
განსაკუთრებით მივესალმები რომის ეკლესიას. ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ მისიონერული ეკლესია — ხიდების აღმშენებელი ეკლესია, დიალოგის ეკლესია, ყოველთვის ღია — როგორც ეს მოედანი, გაშლილი ხელებით ყველასთვის, ვინც ჩვენს სიყვარულს, ჩვენს თანდასწრებას, დიალოგსა და სიყვარულს საჭიროებს.
თუ ნებას მომცემთ, ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით მივესალმო ყველას, განსაკუთრებით კი პერუში ჩემს საყვარელ ჩიკლაიოს ეპარქიას, სადაც მორწმუნეები მუდამ ახლდნენ თავიანთ ეპისკოპოსს, იზიარებდნენ რწმენას და ბევრს სწირავდნენ, რათა ერთგულნი ყოფილიყვნენ იესო ქრისტეს ეკლესიის მიმართ.
თქვენ ყველას — რომიდან, იტალიიდან და მთელი მსოფლიოდან — გეუბნებით: გვინდა ვიყოთ სინოდალური ეკლესია. ეკლესია, რომელიც წინ მიიწევს, რომელიც მუდამ მშვიდობას ეძებს, სიყვარულს ეძებს, რომელიც ყოველთვის ცდილობს ახლოს იყოს, განსაკუთრებით მათთან, ვინც იტანჯება.
დღეს არის პომპეის ღვთისმშობლისადმი ლოცვის დღე. ჩვენს დედა მარიამს ყოველთვის სურს, რომ იყოს ჩვენთან, იყოს ახლოს, დაგვეხმაროს თავისი მეოხებითა და სიყვარულით. ამიტომ მსურს, რომ თქვენთან ერთად ვილოცო.
ვილოცოთ ერთად ამ ახალი მისიისთვის, მთელი ეკლესიისთვის, მსოფლიოს მშვიდობისთვის.
ვთხოვოთ ეს განსაკუთრებული მადლი ღვთისმშობელს, ჩვენს დედას.“
მას შემდეგ, რაც ათასობით მორწმუნის წინაშე წარდგა, რომის ახალი ეპისკოპოსი ყველა კარდინალს მიესალმა და ილოცა.
კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო პეტრეს 267-ე მემკვიდრედ 133 კარდინალმა ამომრჩეველმა აირჩია.
თაკო ფეიქრიშვილი
Komentarze