დღეს, 19 დეკემბერს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში წმინდა წირვა აღავლინა.
ქადაგებისას მან ყურადღება გაამახვილა ღვთის მოქმედებაზე ჩვენს ცხოვრებაში, ეპისკოპოსმა ისაუბრა თუ როგორ შეიძლება მოხდეს ის, რაც ჩვენ შეუძლებელი გვგონია. მრევლს მოუწოდა ლოცვისაკენ და შობისთვის სუფთა გულებით შეხვედრა უსურვა.
ახალშენის ტაძრის დღეობას საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები 22 ნოემბერს, „ქრისტე სამყაროს მეფის" დღესასწაულზე აღნიშნავენ. ტაძარი 1998 წელს იკურთხა. სოფელი ძირითადად კათილიკე ქრისტიანებითაა დასახლებული.
„ეს ეკლესია, მხოლოდ კათოლიკური კი არა, პირველი ქრისტიანული ეკლესიაა, რომელიც საქართველოში აშენდა კომუნისტური მმართველობის შემდეგ. ყველა ერთად ვიყავით ჩართული ამ საქმეში და პირველი ქვის კურთხევიდან, ზუსტად 10 თვეში, 1998 წლის 4 აპრილს ეკურთხა ეკლესია, ჩვენი მოძღვარი კი მაშინ მეუფე ჯუზეპე იყო", - ამბობს ერთ-ერთი მრევლი, ვახტანგ ხითარიშვილი.
ამ წელს, პანდემიის გამო ვერ მოხერხდა 22 ნოემბერს საზეიმო წირვის აღვლენა. სწორედ ამის გამო, ეპისკოპოსმა წირვა დღეს, 19 დეკემბერს სწირა.
/ნელი ზარიძე/
Comments