ახალციხეში კათოლიკე მონაზვნების საერთო შეხვედრა გაიმართა
- catholic.ge
- Mar 22
- 1 min read
ახალციხეში, კათოლიკე მონაზვნების საერთო შეხვედრა გაიმართა. სხვადასხვა კონგრეგაციის დებისთვის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამრევლოებში მოღვაწეობენ, სულიერ ვარჯიშებს მამა დარიუშ კომადოვსკი წარუძღვა.

შეხვედრის თემა 2025 – საიუბილე წელს მიეძღვნა.
„განვიხილეთ პაპის ბულა, ანუ დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საიუბილეო წელი დაიწყო. ამ ბულას ასე ჰქვია - Spes Non Confundit - „ხოლო სასოება არასდროს გვიმტყუნებს“ (რომ 5,5). ამ თემის ფარგლებში ვისაუბრეთ სასოებაზე, ანუ იმედზე ორი მიმართულებით: იმედი ღვთის სიტყვაში, პაპის შეხედულებით და წმიდა წელი, როგორც იმედის გზა. ასევე ვისაუბრეთ ჩვენი ეპისკოპოსის, ჯუზეპე პაზოტოს სამწყსო წერილზე „იმედით მოგზაურნი“, სადაც მოცემულია სამი რჩევა და გზაა, რომელზეც იმედით მომლოცველებმა უნდა იარონ“, – ამბობს მამა დარიუშ კომადოვსკი.
შეხვედრას ახალციხეში წმ. ნინოს კონგრეგაციის მონაზვნებმა უმასპინძლეს:
„ეს სულიერი ვარჯიშები ჩემთვის იყო გააზრება: როგორი უნდა იყოს ჩემთვის დიდმარხვა, როგორც იმედის გზა.
რადგანაც, სწორედ იმედზეა დაფუძნებული სიყვარული, რომლის დანახვასაც სჭირდება მოთმინება. მოთმინების უნარის გარეშე, ვერ დავინახავთ ღვთის მოქმედებას ჩვენს ცხოვრებასა და ამ სამყაროში.
ამ იმედის გზაზე სიჩუმე და ლოცვა გვეხმარება რომ ჩვენი მოვალეობები და ვალდებულებები დავინახოთ. სიტყვების გამოყენებით კი შეგვიძლია სიკეთე დავთესოთ და ამ სიკეთეში აღვზარდოთ ადამიანი.
ამ შეხვედრების შემდეგ ვფიქრობ: ამ დიდმარხვასა და ამ საიუბილეო წელიწადში: როგორა ჩემი გზა? რა უნდა შევცვალო ამ წელს ჩემს ცხოვრებაში?", – ამბობს წმ. ნინოს კონგრეგაციის მონაზონი, დედა ჟორჟეტ საჰანი.
შეხვედრას ესწრებოდნენ მონაზვნები: წმ. იოსების მცირე ქალიშვილთა კონგრეგაციიდან, დედა ელიზაბეტის დების კონგრეგაციიდან, სალეზელ დათა კონგრეგაციიდან და წმ. ნინოს კონგრეგაციიდან.
მსგავსი სულიერი შეხვედრები მონაზვნებისთვის ეტაპობრივად, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments