top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ბავშვის სიცოცხლე ფასდაუდებელია’ - პაპი ფრანცისკე

ვატიკანში, „ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სამიტზე“, პაპმა  ფრანცისკემ მონაწილეებს მოუწოდა ერთობლივი ძალისხმევისკენ, რათა დაცული იყვნენ ბავშვები, რომელთა უფლებებიც ყოველდღიურად ირღვევა.



გამოსვლისას, პაპმა დამსწრეებს შეახსენა, რომ მთელს მსოფლიოში მილიონობით არასრულწლოვანი აწყდება ომის პრობლემას, სიღარიბეს, ექსპლუატაციას და არ აქვს განათლების მიღების საშუალება. განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ბევრი ბავშვი ავიწყდება საზოგადოებას. ისინი განიცდიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, ძალადობასა და  სოციალურ იზოლაციას.

 

”როდესაც მომავალი გაურკვეველია და ოცნებებშიც კი მიუწვდომელია, ამავდრულად, განათლება არ გვთავაზობს პერსპექტივას, ხოლო სტაბილური სამუშაოს ან საკმარისი დასაქმების არარსებობა საფრთხეს უქმნის ოცნებებს – აწმყო აუცილებლად ივსება მელანქოლიითა და მწუხარებით”, – აღნიშნა წმიდა მამამ.

 

რომის ეპისკოპოსმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ე.წ. „უხილავ ბავშვებს” - ოფიციალური სტატუსის არმქონე 150 მილიონი ბავშვის ბედს, რომლებსაც ეკრძალებათ განათლება და არ გააჩნიათ სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება.

 

პაპმა ისაუბრა ასევე მაინმარელი ბავშვების ბედზე, რომლებიც რეგისტრირებული არ არიან: “ეს ბავშვები იძულებითი მიგრაციის ტალღის პირველი მსხვერპლი არიან. მიუღებელია ბავშვების მსხვერპლად შეწირვა ძალაუფლებისადმი, იდეოლოგიისა და ნაციონალისტური ინტერესების კერპებისადმი, რადგან ბავშვის სიცოცხლე ფასდაუდებელია”, – ხაზგასმით აღნიშნა წმიდა მამამ.

 

„ემიგრაციაში გაქცეული ბევრი ბავშვი იღუპება ზღვაში, უდაბნოში ან იმ სასოწარკვეთილ მოგზაურობაში, რომლებისკენაც ისინი უკეთესი ცხოვრების იმედით მიისწრაფვიან. ბევრი ბავშვი იღუპება მზრუნველობის არ არსებობის ან სხვადასხვა სახის ექსპლუატაციის გამო. ეს განსხვავებული სიტუაციებია, მაგრამ კითხვა ერთია: “როგორ შეიძლება ბავშვის სიცოცხლე ასე დასრულდეს”?

 


პაპმა დაგმო "აბორტით მკვლელობის პრაქტიკა" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საზოგადოებას იმედის წყაროს ართმევს. „არდაბადებული ბავშვის  ცხოვრების განადგურება ნიშნავს მომავლის უარყოფას, რადგან ყოველი დაკარგული ბავშვის სიცოცხლე არის დაკარგული შესაძლებლობა უკეთესი სამყაროს ასაშენებლად. წმიდა მამამ გაიხსენა ბავშვების ტრაგედიები - ომებისას, მძევლობისას თუ კრიმინალური დაპირისპირებისას; ბომბების, ნარკოტიკებისა და ძალადობის შედეგად გამოწვეული დაუცველი ბავშვები მსხვერპლად შეწირვა ჩვენს საერთო მომავალზე დარტყმაა“.

 

„სიცოცხლის ჭეშმარიტი ღირებულების გაგება შესაძლებელია მხოლოდ იმით, რომ შეხედოთ სამყაროს იმ ადამიანების თვალით, ვინც ომი საკუთარ თავზე გამოცადა. თანაბრად მნიშვნელოვანია ბავშვების ხმის შესმენა, რომელთა ბავშვობაც ძალადობით, ექსპლუატაციითა და უსამართლობით დაინგრა. ეს გვეხმარება გადამწყვეტად უარი ვთქვათ ომზე, ფლანგვისა და მოგების კულტურაზე, სადაც არ მოიძებნება პატივისცემისა და სიცოცხლეზე ზრუნვის ადგილი. განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ბავშვებისათვის”.

 

საუბრის ბოლოს, პაპმა სამიტის მონაწილეებს მოუწოდა მოუსმინონ  ბავშვებს, ვინაიდან, მათი ხმა და დუმილი ყველა ხმამაღალ სიტყვაზე უფრო მრავლისმთქმელია. „ძალების გაერთიანებით, ღვთის წყალობით შესაძლებელია მსოფლიო უკეთესი გავხადოთ, ბავშვებისა და მთელი კაცობრიობისათვის.

 

წყარო: www.vaticannews.va


 შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page