არცერთი ერის წარმომადგენელი არ არის ლუდის ისეთი მოყვარული, როგორც გერმანელები. გერმანიის მთელი ისტორიის განმავლობაში ლუდი მისი კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო. არცერთ სხვა ენაში არ მოიპოვება ლუდთან დაკავშირებული იმდენი სიტყვა და ტერმინი, რამდენიცაა გერმანულში: Bierpalast - ,,ლუდის სასახლე“, Bierhalle - ,,ლუდის დარბაზი“, Biergarten - ,,ლუდის ბაღი“, Bierhaus - ,,ლუდის სახლი“, Bierkeller - ,,ლუდის მარანი“, Bierzelt - ,,ლუდის კარავი“.
მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არა აქვს ლუდის ესოდენ უძველესი მარკა, როგორც გერმანიას. ალბათ სიმბოლურია, რომ გამოჩენილი მისიონერი და ფრანკთა სახელმწიფოს ეკლესიის რეფორმატორი, ცნობილი როგორც „გერმანელთა მოციქული“ (,,Apostel der Deutschen“), მაინცის მთავარეპისკოპოსი წმიდა ბონიფაციუსი ღვინის მოწინააღმდეგე და ლუდის თაყვანისმცემელი იყო.
Franziskaner
,,ფრანცისკანერი“ - ლუდი, რომელსაც ეს სახელი ფრანცისკელი ბერების პატივსაცემად უწოდეს, სულაც არ არის სამონასტრო წარმოშობისა. თავიდანვე, 1363 წლიდან, ის იწარმოებოდა მიუნხენის საერო ლუდსახარშში, რომელსაც სახელი ფრანცისკელთა ორდენის ახლომდებარე მონასტრის მიხედვით ეწოდა.
1935 წელს ლუდისთვის ,,Franziskaner“ შეიქმნა ცნობილი ემბლემა ფრანცისკელი ბერის გამოსახულებით, რომლის ავტორი იყო ,,გერმანული სამრეწველო დიზაინის მამად“ წოდებული მიუნხენელი მხატვარი და დიზაინერი ლუდვიგ ჰოლვაინი (Ludwig Hohlwein).
2004 წლიდან კომპანია ,,Franziskaner“ შედის მსოფლიოში უმსხვილესი ლუდსახარში კონცერნის ,,InBev“ შემადგენლობაში. ლუდს ,,Franziskaner“ აქვს დაცული გეოგრაფიული წარმომავლობის პროდუქტის სტატუსი - Geschützte geographische Angabe.
Augustiner
ლუდის სახელწოდება ,,აუგუსტინერი“ მომდინარეობს ავგუსტინელთა ორდენის ბერებისაგან, რომელთა მონასტერი დაარსდა მიუნხენში 1294 წელს. ხოლო თავად ქალაქი მიუნხენი, ბავარიის დედაქალაქი, მონასტრის ირგვლივ ჩამოყალიბდა; მისი ლათინური სახელწოდება ,,Monachium“ ნიშნავს ,,სამონასტროს“. IX საუკუნეში მომავალი ქალაქის ერთ-ერთ ბორცვზე, რომელსაც მოციქულ პეტრეს პატივსაცემად ეწოდა პეტერსბერგი (Petersberg), დაარსდა ბენედიქტელთა სააბატო. 1294 წელს, ფრაიზინგის ეპისკოპოსის განკარგულებით, მიუნხენში ჩავიდნენ ავგუსტინელი ბერები. მათი მონასტრის მშენებლობა 1320 წლისთვის დასრულდა, 1328 წელს კი მონასტერში უკვე გაიხსნა ლუდსახარში.
1803 წელს მონასტერი გაუქმდა და ლუდსახარში სახელმწიფოს საკუთრება გახდა. ახლა ის კერძო კომპანიაა. დღეს ,,Augustiner“-ი მიუნხენში ერთადერთი ლუდსახარში საწარმოა, რომელიც ისევ ხის კასრებში აწარმოებს ლუდს, რაც მას განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.
Paulaner
მიუნხენური ლუდი ,,პაულანერი“ სამონასტრო წარმოშობისაა. 1627 წელს ჰერცოგმა მაქსიმილიან I-მა ბავარიაში მიიწვია იტალიელი ბერები მინიმიტების ორდენიდან. მინიმიტების ორდენი (მცირეთა ორდენი) დაარსდა მე-15 საუკუნეში წმიდა ფრანცისკე პაოლელის (Francesco di Paola) მიერ, სწორედ ფრანცისკეს სამშობლოს - ,,პაოლას“ სახელწოდების მიხედვით მიენიჭა მინიმიტ ბერებს სახელი „პაოლელები“. დღეს ლუდის ,,Paulaner“ ეტიკეტს ამშვენებს ფრანცისკე პაოლელის პროფილი.
მინიმიტებმა მიუნხენში დააარსეს წმიდა კარლო ბორომეოს მონასტერი. იტალიელი ბერები გაჭირვებით უძლებდნენ ბავარიის მკაცრ ზამთარს. იმისთვის, რომ ცოტა გამთბარიყვნენ, მათ დაიწყეს უფრო მაგარი ლუდის წარმოება. მოგვიანებით ლუდმა მიიღო სახელწოდება ,,დოპელბოკი“- Doppelbосk.
1803 წელს პაოლელების მონასტერი გაუქმდა და ახლა ის საერო კომპანიაა. ლუდს ,,Paulaner“ აქვს დაცული გეოგრაფიული წარმომავლობის პროდუქტის სტატუსი - Geschützte geographische Angabe.
Weideneder Papst-bier
2005 წლიდან ქალაქ ტანში ლუდსახარში ,,Weideneder“ აწარმოებს განსაკუთრებულ ლუდს Papst-bier (პაპის ლუდი), რომის პაპ ბენედიქტე XVI-ის პატივსაცემად. ქალაქი ტანი მდებარეობს ქალაქ მარკლტის (Marktl) მახლობლად, იქ, სადაც დაიბადა ბენედიქტე XVI. ეტიკეტზე, ბოლოში, გამოსახულია მისი მშობლიური სახლი, ზევით კი - პაპის პორტრეტი. ლუდი ძალიან პოპულარულია და დადებითადაა შეფასებული თავად პონტიფექსის მიერ.
ვერიკო ნოზაძე
ჟურნალი "საბა"/ 2022.09
Comentarios