‘ბოლო ხმის მიცემამდე ღრმად სუნთქავდა. კანფეტი შევთავაზე’ | კარდინალი ახალ პაპზე
- catholic.ge
- May 15
- 2 min read
Updated: May 16
ფილიპინელი კარდინალი, რომელიც კონკლავის წინ პაპობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად მიიჩნეოდა, „სიქსტეს კაპელაში“ გატარებულ დღეებზე ჰყვება.

კარდინალი ლუის ანტონიო ტაგლე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო კონკლავის წინა დღეებში. მისმა ვიდეოებმა, სადა იგი მღერის სიმღერას Imagine, სოციალური ქსელები დაიპყრო და ძალიან მოკლე დროში დიდი პოპულარობა მოუტანა. ბევრი მიიჩნევდა, რომ ფილიპინელი კარდინალი ერთ-ერთი მთავარი პაპობის კანდიდატი იყო — პაროლინის, ეველინის, ერდოს, ზუპისა და პიცაბალასთან ერთად. თუმცა ბოლო მომენტში, ყველა უკან ჩამოიტოვა რობერტ პრევოსტმა.
პონტიფექსის არჩევის შემდეგ, პრესკონფერენციისას, ტაგლემ სწორედ ახალ პაპზე — ლეონ XIV-ზე ისაუბრა.
„ის ძალიან ადამიანური და მოკრძალებულია, ასევე ძალიან გამჭრიახი“, — ასე დაახასიათა მან პაპი ლეონი. ისინი რომის კურიაში ერთად მუშაობდნენ, როგორც სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
ტაგლემ გაიხსენა, რომ ისინი ხშირად ერთად ისხდნენ ფორმალურ შეხვედრებზე, რადგან ორივე კარდინალ-ეპისკოპოსად იყო დანიშნული. ასევე აღნიშნა, რომ პრევოსტი სულაც არ იყო მუდამ სერიოზული და მას ხშირად დასცინოდნენ დილით, ძალიან ადრე, ყავის სმის გამო.
„ის ძალიან დაბალანსებული პიროვნებაა. არ არის იმ ტიპის ადამიანი, ვინც მხოლოდ იმპულსებით ან ემოციებით ხელმძღვანელობს“, — ხაზი გაუსვა ტაგლემ.
„სიქსტეს კაპელში“ დაკეტილ კარს მიღმა გატარებული ორი დღის აღწერისას, ფილიპინელმა კარდინალმა ახალი, ამერიკელი პონტიფექსის შესახებ, კულისებს მიღმა არსებული ინფორმაცია გაამხილა.
"ის დაბნეული ჩანდა — ჭეშმარიტი, გულწრფელი მნიშვნელობით,“ — ამბობს ტაგლე.
პრევოსტისთვის ეს იყო პირველი კონკლავი და ასე მკაცრად დაცულ კარდინალთა სხდომაზე თავისუფლად მოძრაობა იოლი არ იყო. მან არაერთხელ ჰკითხა ტაგლეს, როგორ ემოქმედა, როგორ „გაეცურა“ მოლაპარაკებების, შეთანხმებებისა და სტრატეგიების წყლებში.
"პრევოსტს ნერვიულობა ეტყობოდა, ბოლო ხმის მიცემისას ღრმად სუნთქავდა,“ — იხსენებს ტაგლე. სწორედ ეს იყო ის მომენტი, რომელმაც მალევე მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.
"კანფეტი შევთავაზე — ყოველთვის დამაქვს ჩანთით რამდენიმე“, — თქვა ტაგლემ ღიმილით. „და ის დათანხმდა. ეს იყო ჩემი პირველი ქველმოქმედება ახალი პაპისადმი“, — იხუმრა კარდინალმა.
კონკლავისას კანფეტის შეთავაზების ტრადიცია ტაგლეს 2013 წლიდან მოჰყვება. მაშინ, ერთ-ერთმა კოლუმბიელმა კარდინალმა მას ხუმრობით უთხრა, რომ „სიქსტეს კაპელაში“ კანფეტების ჭამა შეუფერებელი საქციელი იყო. მაგრამ ბოლოს იმავე კარდინალმა სთხოვა ტაგლეს ერთი კანფეტი.
— რა თქვი, რა შემოიტანე კაპელაში? — ჰკითხა მან.
— კანფეტები, — უპასუხა ტაგლემ.
— აი ეს „პატარა ბიჭი“, კანფეტები რომ დააქვს „სიქსტეს კაპელაში“, – ეხუმრა კარდინალი.
— სესიები ძალიან გრძელია, ხანდახან მშია, – უპასუხა ტაგლემ.
— შეგიძლია, კიდევ ერთი მომცე? – სთხოვა კარდინალმა .
გაიხსენა ტაგლემ და კვლავ პრევოსტის ხასიათის აღწერას დაუბრუნდა.
„ის უსმენს და როცა საჭიროა, ამ მოსმენიდან სწავლობს. არ იღებს გადაწყვეტილებას იმპულსურად — ჯერ ფიქრობს და როცა ბრუნდება, აშკარად ყველაფერი გარკვეული აქვს,“ — აღნიშნა მან. „მასთან საუბარი ადვილია,“ — დაამატა ტაგლემ — „ორივეს ინგლისური გვესმის. ძალიან დახვეწილი იუმორი აქვს. როცა იცინის, ხმამაღლა იცინის,“ — აღნიშნა ღიმილით.
კარდინალი ტაგლე, დიდი ალბათობით, ვერასდროს დაივიწყებს იმ ფაქტს, რომ სწორედ ის იყო პირველი, ვინც ახალ პაპს კანფეტი შესთავაზა.
Comments