top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბოტიჩელის Ecce Homo – 45,5 მლნ. დოლარად გაყიდული ნახატი


ნახატი, სახელწოდებით Ecce Homo, სანდრო ბოტიჩელმა XV საუკუნის ბოლოს შექმნა. მხატვარმა გადაწყვიტა, თავზე ეკლის გვირგვინდადგმულ ქრისტესათვის ერთი განსაკუთრებული და საინტერესო ელემენტი დაეხატა. თუ ნახატს ახლოდან დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ იგი თავისი სიმბოლიზმით მაცხოვრის ვნებას სრულყოფილად შეესაბამება.


„სწორედ ასეთი უნიკალური ნახატების გამო გვხიბლავს უზომოდ ბოტიჩელი“, - ამბობს Sotheby's-ის აუქციონის სახლის ამერიკული ფილიალის პრეზიდენტი ჯორჯ ვახტერი.


2021 წლის დასაწყისში, ბოტიჩელის ამ იშვიათი ტილოს აუქციონი ნიუ-იორკში გაიმართა. იგი, იმ დროისთვის, ჯერ კიდევ ხელოვნების ბაზარზე იყო და 40 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.


ნახატში წარმოდგენილია ქრისტე - დამწუხრებული კაცი, გაშოლტვის, ეკლის გვირგვინით დაგვირგვინებისა და პილატეს წინაშე განკითხვის შემდეგ. იესოს სახეზე არსებული სევდა და სიბნელე ამძაფრებს მოახლოებული ვნების ტრაგედიას. თუმცა გასაკვირი ის არის, რომ მაცხოვრის თავის გარშემო ათი ანგელოზი დანარნარებს. რა დანიშნულება აქვთ მათ?


ამაზე პასუხს იძლევა ნივთები, რომლებიც ხელში უჭირავთ: კიბე, შუბი, ლურსმნები და ღრუბელი... ყველას ხელში ტანჯვის ინსტრუმენტი აქვს. ქრისტეს თავზე ბოტიჩელმა დახატა ჯვარი, რომელიც, როგორც ჩანს, მაცხოვარს აკრავს. ტილოზე გამოსახული ხელსაწყოები გვახსენებს სრულყოფილ მსხვერპლს, რომლისთვისაც ქრისტე ემზადება. ისინი ასევე გიწვევთ ფიქრისთვის. ქრისტეს სევდით სავსე მზერა, მას გოლგოთას დრამას უწინასწარმეტყველებს. მკერდზე გადაჯვარედინებული ხელები კი, ხაზს უსვამს ვნების გამომსყიდველ განზომილებას.


ბოტიჩელის ამ განსაკუთრებულად სულისშემძვრელი და საკმაოდ უჩვეულო ნახატის მიღმა, ცოცხალი სულიერება დგას, რომელიც ახასიათებდა მხატვარს სიცოცხლის ბოლო წლებში. შემდეგში მასზე დიდი გავლენა მოახდინა ფლორენციელმა მქადაგებელმა და რეფორმატორმა ჯიროლამა სავონაროლიმ, რომელმაც თავის ცეცხლოვან ქადაგებებში დაგმო ეკლესიის შეურაცხყოფა. ბოტიჩელიმ გაიზიარა თავისი შეხედულებები და მითოლოგიურ და პოეტურ თემებს, რომლებსაც ჩვეულებრივ მიმართავდა, დაშორდა ასკეტური თემების სასარგებლოდ.


ბოტიჩელის Ecce Homo – ის ნამუშევარი ნაჩვენები იყო ლოს-ანჯელესში, ლონდონსა და დუბაიში გამართულ გამოფენებზე. შემდეგ იგი დაბრუნდა ნიუ-იორკში, სადაც 2021 წლის 27 იანვარს გრანდიოზულ აუქციონზე გაიტანეს და 45,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.




წყარო: pl.aleteia.org


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page