წმიდა მარგარიტა მარია ალაკოკისადმი იესოს უწმნიდესი გულის გამოცხადების 350–ე წლისთვაზე, პაპმა ფრანცისკემ გამოსცა ახალი, რიგით მეოთხე ენციკლიკა სახელწოდებით: “Dilexit Nos” (შეგვიყვარა ჩვენ). ენციკლიკაში საუბარია იესო ქრისტეს უწმინდესი გულის ღვთაებრივ და ადამიანურ სიყვარულზე.

ენციკლიკა იწყება წმიდა პავლეს სიტყვებით ქრისტეს სიყვარულის შესახებ, რომლისგანაც ვერავითარი ძალა ვერ დაგვაშორებს (რომ. 8,39). ეს უპირობო სიყვარული ყოველ ჩვენგანს თან სდევს, ვინაიდან უფალი ყველა ადამიანს უღებს გულს, მიუხედავად დამსახურებისა ანდა მოლოდინებისა. ქრისტეს წყალობით შევიცანით და ვირწმუნეთ ღვთის სიყვარული (1,იოან. 4,16).
თანამედროვე საზოგადოებაში რელიგიური ფორმები ხშირად გვერდს უვლიან ღმერთთან პირად ურთიერთობებს. საჭიროა განვაახლოთ ქრისტეს თაყვანისცემა, რადგან სწორედ მასში ვპოვებთ სახარების სინთეზს, რომელიც გვეხმარება საკუთარი თავის შეცნობასა და ნამდვილი სიყვარულის დასწავლაში.
რომის ეპისკოპოსი ყურადღებას ამახვილებს კაცობრიობის წინაშე მდგარ მწვავე გამოწვევებზე, როგორიცაა: ომი, სოციალური უთანასწორობა, რესურსების ყოვლისმომცველი მოხმარება და ტექნოლოგიების არაეთიკური გამოყენება. ტექსტში მოყვანილია ლოცვა, რათა უფალმა შეიწყნაროს მრავალტანჯული დედამიწა და თავისი სიყვარულით განკურნოს იგი, დაუბრუნოს მას სიყვარულისა და წყალობის დაკარგული ფასეულობები.
ენციკლიკა შედგება ხუთი თავისგან. პირველ თავში პაპი უმთავრესზე საუბრობს – გულთან დაბრუნების მნიშვნელობაზე. თანამედროვე სამყარო სიყვარულს უფრო მეტად ამჯობინებს რაციონალიზმსა და მატერიალიზმს, რაც განხეთქილებას იწვევს.
მეორე თავი ხაზს უსვამს ქრისტეს ჟესტებსა და სიყვარულს, მათ შორის მის სიახლოვეს, თანაგრძნობას და სინაზეს ადამიანების მიმართ, რომლის კულმინაციაც არის მისი გამომსყიდველი ტანჯვები და ჯვარზე სიკვდილი.
მესამე თავში წმინდა მამა საუბრობს ქრისტეს „სამმაგ სიყვარულზე“ - ფიზიკურზე, სულიერსა და ღვთაებრივზე. ეს სიყვარული არის შთაგონება სხვების მსახურებისაკენ, აძლიერებს ძმურ კავშირებს და ზრუნავს სამყაროზე. პაპის მოწოდებაა განახლდეს ქრისტეს გულისადმი თაყვანისცემა, რათა წინ აღუდგეს საზოგადოებაში უსხეულო სულიერების ახალ გამოვლინებებს.
მეოთხე თავში საუბარია ბევრი წმინდანის მაგალითზე, რომლებიც ძალას ხაპავდნენ უფლის სიყვარულში. პაპი იმეორებს წმინდა მარგარიტა მარია ალაკოკის სიტყვებს, რომლებიც იესომ გამოცხადებისას უთხრა: “უცქირე გულს, რომელმაც შეიყვარა კაცობრიობა თვით სიკვდილამდე, რათა მათთვის დაემოწმებინა თავისი სიყვარული”.
ბოლო, მეხუთე თავი ეძღვნება გამომსყიდველი გულის თაყვანისცემის სოციალურ და მისიონერულ ასპექტს. ჭეშმარიტი თაყვანისცემა შეუძლებელია ძმური სიყვარულის, თანაგრძნობისა და მსახურების გარეშე. სწორედ ამიტომ, ქრისტიანები მოწოდებულნი არიან იყვნენ სიყვარულის მისიონერები, რომლებიც ადამიანებს მიიყვანენ ღმერთამდე უფრო სამართლიანი და ძმური საზოგადოების ჩამოყალიბებით.

პაპი ენციკლიკას იესო ქრისტესადმი ლოცვით ამთავრებს, რათა მისმა უწმინდესმა გულმა სამყაროს მოუტანოს სულიერი სიმრთელე, ასევე ადამიანები ერთობლივად ისწრაფოდნენ ერთობის, სამართლიანობისა და ძმობისაკენ თვით აღმდგარი ქრისტეს ზეციურ საკურთხევლამდე, რომელიც შემოირიგებს წუთისოფელს და გააქრობს თავისი ღია გულის ნათლით უთანხმოებას.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments