ვატიკანმა, ყაზახეთში პაპის სამოციქულო ვიზიტის ლოგო და დევიზი გამოაქვეყნა. წმინდა მამის ვიზიტი 13-15 სექტემბერს გაიმართება, ქალაქ ნურ-სულთანში, სადაც მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა რიგით VII შეკრებაა დაგეგმილი.

სამოციქულო ვიზიტის დევიზია “მშვიდობისა და ერთობის მოციქულნი”. წარწერა ლოგო ზედა ნაწილში, ყაზახურ ენაზეა დატანილი, ხოლო ქვედა ნაწილში – რუსულ ენაზე. ლოგოზე გამოსახულია მტრედი, რომელსაც ნისკარტით უჭირავს ზეთისხილის რტო (მშვიდობის ნიშანი), მტრედის ფრთები ორი შეერთებული ხელის ფორმით არის გამოსახული და აღნიშნავს ერთობასა და მშვიდობის მოციქულობას. ფრთებში გამოსახული გული, როგორც სიყვარულის, ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და დიალოგის ნაყოფი. ზეთისხილის რტო გამოსახულია ზედმიწევნით ყაზახურ ორნამენტებში. მისი მწვანე ფერი აღნიშნავს იმედს, ხაზოვანი ჯვარი – იურტას ყელს. ამ ხაზებში მოთავსებულია ყვითელი ფერის ჯვარი. ლოგოზე დომინირებს ყვითელი და ლურჯი ფერები, როგორც ყაზახეთის ფერები, ყვითელი და თეთრი კი, როგორც ვატიკანის ფერები.
შედარებით ადრე, გამოქვეყნდა ყაზახეთის რესპუბლიკაში წმიდა მამის სამოციქულო ვიზიტის პროგრამა.
13 სექტემბერს, პაპი ფრანცისკე გაემგზავრება რომის ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტიდან და ჩავა ნურ - სულთანის საერთაშორისო აეროპორტში.
17:45 საათზე გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია.
18:30 საათზე წმინდა მამა ყაზახეთის პრეზიდენტს ნურ - სულთანის რეზიდენციაში ეწვევა, შემდეგ კი ყაზახეთის ცენტრალურ საკონცერტო დარბაზში ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება და სიტყვით მიმართავს.
14 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე, დედაქალაქის მშვიდობისა და შეთანხმების სასახლეში, პაპი ფრანცისკე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესის გახსნის ცერემონიასა და პლენარულ სხდომაში; ყრილობის დროს დაგეგმილია საერთო ლოცვა და წუთი დუმილი.
შუადღისას, რომის ეპისკოპოსი მშვიდობისა და შერიგების სასახლეში კერძო შეხვედრებს გამართავს ზოგიერთ რელიგიურ ლიდერთან.
16:45 საათზე პაპი წმინდა წირვას EXPO-ს საგამოფენო ცენტრის წინ მდებარე მოედანზე აღავლენს და იქადაგებს.
15 სექტემბერს, დილის 9:00 საათზე, სამოციქულო ნუნციატურის რეზიდენციაში, წმინდა მამა პირად შეხვედრას გამართავს იესოს საზოგადოების ძმებთან, (იეზუიტები) მოგვიანებით კი, შეხვდება ადგილობრივ ეპისკოპოსებს, მღვდლებს, დიაკვნებს, ბერ-მონაზვნებს, სემინარიელებს და სამწყსოს მუშაკებს დედაქალაქის „ღვთისმშობლის დაუღალავი ნუგეშის“ სახელობის საკათედრო ტაძარში. მათ წმინდა მამა სიტყვით მიმართავს.
15:00 საათზე მშვიდობისა და შეთანხმების სასახლეში მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესის შედეგების წაკითხვა და შედეგების შეჯამება გაიმართება, რომლის დროსაც, პაპი ფრანცისკე საგანგებო სიტყვით გამოვა.
ნურ - სულთანის საერთაშორისო აეროპორტში გამოსამშვიდობებელი ცერემონია 16:15 საათზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც წმინდა მამა თვითმფრინავით რომში გაემგზავრება და ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტში 20:15 საათზე ჩავა.
ყაზახეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტმა, მეუფე ხოსე ლუის მუმბიელა სიერამ განაცხადა:
”წმინდა მამის მონაწილეობა ნურ-სულთანში მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესში დიდი მიღწევა იქნება. რადგან პაპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აღიარებული საერთაშორისო ფიგურა ერებს, კულტურებსა და რელიგიებს შორის დიალოგის ხელშეწყობის სფეროში”.
მსოფლიო რელიგიების ლიდერთა პირველი კონგრესი 2003 წელს,ასტანაში ჩატარდა.იგი ეფუძნებოდა მშვიდობისთვის ლოცვის დღის მოდელს, რომელიც 2002 წელს, ჩაატარა წმინდა პაპმა იოანე პავლე II-მ, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა რელიგიური ტრადიციების დადებითი როლი დიალოგში და 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმით გამოწვეული დაძაბულობის შემდეგ ხალხებსა და ერებს შორის ჰარმონია.
შემდეგი კონგრესი, რომელშიც პაპი ფრანცისკე მიიღებს მონაწილეობას, დაეთმობა თემას „მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების როლი კაცობრიობის სოციალურ-სულიერ განვითარებაში პოსტპანდემიურ პერიოდში“.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი