top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

გარდაიცვალა ემერიტუსი პაპი ბენედიქტე XVI

31 დეკემბერს, დილით, 95 წლის ასაკში, ვატიკანის რეზიდენციაში გარდაიცვალა ემერიტუსი პაპი, ბენედიქტე XVI.


წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, ემერიტუსი პაპი გარდაიცვალა დილის 9:34 საათზე Mater Ecclesiae - ის მონასტერში, ეს ის ადგილია, რომელიც პაპმა, 2013 წელს, გადადგომის შემდეგ რეზიდენციად აირჩია.


იოსებ რაცინგერი, 1927 წელს, გერმანიაში, ბავარიის მხარეში დაიბადა. 1951 წელს მღვდლად ეკურთხა. 31 წლის ასაკში ფრაიზინგის ფილოსოფიურ-თეოლოგიური უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი გახდა. იყო დოგმატიკის პროფესორი ბონის, მიუნსტერის, ტიუბინგენისა და რეგენსბურგის უნივერსიტეტებში.


ვატიკანის II მსოფლიო კრების დროს, რაცინგერი იყო კიოლნის კარდინალის, იოზეფ ფრინგსის მრჩეველი. მისი შედგენილი ტექსტებით, რომელსაც იგი კარდინალის მოხსენებებისთვის წერდა, მსოფლიო კრებაზე სახელი გაითქვა.


1977 წელს პავლე VI- მ დანიშნა მიუნხენისა და ფრაინზინგის არქიეპისკოპოსად და იმავე წელს მიენიჭა კარდინალის წოდება.


1981 წლიდან პაპად არჩევამდე იყო რწმენის კონგრეგაციის თავკაცი. ამ მაღალი უფლემოსილებით, მთელი ამ წლების განმავლობაში, იცავდა კათოლიკური ეკლესიის ქრისტიანული მოძღვრების სიწმინდეს ლიბერალიზმის მომძლავრებისგან (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში) და შიდაგამთიშველური გამოვლინებებისგან, ასევე წინ აღუდგა გარკვეულ მღვდელთა პოლიტიკურ (სოციალისტურ) აქტიურობებს ლათინურ ამერიკაში.


2005 წელს იგი პაპად აირჩიეს. 2013 წლის 11 თებერვალს კი, პაპმა ბენედიქტე XVI-მ განაცხადა, რომ 28 თებერვალს ტახტიდან გადადგებოდა, ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო.


2013 წლის 28 თებერვალს, 20:00 ბენედიქტე XVI გადადგა. 15–ე საუკუნის შემდეგ, ის იყო პირველი პაპი, რომელმაც თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა. 28 თებერვლიდან 13 მარტამდე, ახალი პაპის, ფრანცისკეს არჩევამდე, ვატიკანი იმყოფებოდა ე.წ. ,,სედე ვაკანტეს" მდგომარეობაში.


ბენედიქტე XVI იყო რიგით 295-ე პაპი. აღსანიშნავია, რომ მისი პაპობის დროს, ორჯერ შედგა მსოფლიო ახალგარზდული დღეები, სადაც იმყოფებოდნენ ქართველი ახალგაზრდებიც. პირველად ის იყო გერმანიაში, კერძოდ ქალაქ კიოლნში, შემდეგ კი 2011 წელს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში.


შოთა გიქოშვილი


bottom of page