
12 დეკემბერს გვადალუპეს ღვთისმშობლის დღესასწაულია. (თუ დღესასწაული კვირა დღეს ემთხვევა, კვირა უფრო მნიშვნელოვნად ითვლება).
გადმოცემის თანახმად, 1531 წლის 12 დეკემბერს, ინდიელთა ტომის წარმომადგენელს, ხუან დიეგოს ღვთისმშობელი მარიამი გამოეცხადა და ნაჰუატის ენაზე (ინდიელთა ტომის ენა) ელაპარაკა.
მარიამი ვარდისფერ სამოსელსა და ცისფერ მოსასხამში იყო გამოწყობილი და წელზე შავი სარტყელი ერტყა, რაც აცტეკთა ტომისათვის (მექსიკელ ინდიელთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი) ორსულობის ნიშანი იყო.
გამოცხადებისას, ღვთისმშობელმა წმინდა ხუან დიეგოს უთხრა: „საყვარელო შვილო, მიყვარხარ. მე ვარ მარად ქალწული მარიამი, ჭეშმარიტი ღვთის დედა, რომელიც იძლევა სიცოცხლეს და იცავს მას. იგი არის ყოვლისშემძლე და ყოველივეს შემქმნელი. არის ცისა და მიწის უფალი. მსურს იმ ადგილზე მქონდეს საწმინდარი, სადაც შენს ხალხს და ყველა ადამიანს ვანუგეშებ, რომლებიც გულწრფელად მთხოვენ დახმარებას თავიანთ საქმეებსა და მწუხარების ჟამს. აქ ვიხილავ მათ ცრემლებს, მაგრამ თან ვანუგეშებ მათ. ახლა კი წადი და ყველაფერი, რაც იხილე და მოისმინე მოუყევი ეპისკოპოსს“.
მექსიკის ეპისკოპოსმა ხუანის ნათქვამი არ დაიჯერა, ამიტომ წმინდა ხუან დიეგომ ქალწულ მარიამს ნიშანი სთხოვა, რითაც ეპისკოპოს დაარწმუნებდა.
შემდგომი გამოცხადებისას, მარიამმა წმინდა ხუანს უთხრა ასულიყო იმ მთაზე, სადაც ულამაზესი ყვავილები იზრდებოდა, დაეკრიფა და დაემალა ისინი თავისი მოსასხამის ქვეშ (ინდიელების მოსასხამს ბოლოში ჰქონდა ტომრის ფორმა, სადაც შეიძლებოდა ნივთების შენახვა). წმინდანმა მყისვე შეასრულა მარიამის ნათქვამი, ეპისკოპოსთან წარდგომის შემდეგ კი, მოსასხამიდან კასტილიური ვარდები გადმოცვივდა, რის შემდეგაც ეპისკოპოსმა და იქ შეკრებილებმა ირწმუნეს ხუანის და მუხლი მოიდრიკეს.
გვადალუპეს ღვთისმშობლის ყველაზე დიდ სასწაულად მექსიკელი ინდიელების მშვიდობიანი გაქრისტიანება მიიჩნევა. იმ პერიოდში, მიმდებარე ტერიტორიების ევანგელიზაცია საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა.
აცტეკების პირველი მოქცევა 1524 წელს მოხდა, თუმცა იმ დროს ძალიან ცოტა ადამიანი მოინათლა. ტომი თაყვანს სცემდა მზეს და სხვადასხვა ღმერთს. მათ შორის, ბუმბულით შემოსილ გველს და სჯეროდათ, რომ ღმერთები უნდა ეკვებათ მსხვერპლად შეწირული ადამიანების სისხლითა და გულით.
გამოცხადებისას, მარიამმა წმინდა ხუან დიეგოს მისსავე ენაზე სთხოვა დაეწერა ხატი, რომელიც შემდგომ „გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატად“ იწოდა.
მარიამის სხვა გამოცხადებების შესახებ წაიკითხეთ აქ – ღვთისმშობლის 5 სახე
Catholic.ge