top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘გვინდა, კათოლიკე ეკლესიაში ქეთევან წამებულის ნაწილები ჩამოვიტანოთ’ – მამა გაბრიელე

საქართველოში კათოლიკე ეკლესია ცდილობს, ქეთევან წამებულის წმინდა რელიკვიები მიიღოს. ამასთან დაკავშირებით, ინდოეთის ქალაქ გოას ეპარქიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


ეპისკოპოსის ვიკარიუსი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი 2022 წლის ოქტომბერში ინდოეთში იმყოფებოდა. ამბობს, რომ მის გამგზავრებას ორი მიზეზი ჰქონდა: ძმა დემეტრე თბილელი და წმინდა ქეთევან წამებული.


წინდა ქეთევან წამებულის საკითხთან დაკავშირებით, იგი ქალაქ გოაში იმყოფებოდა. ეს ის ქალაქია, სადაც დედოფლის ნაწილები იპოვეს.


„გოაში წავედით წმ. ქეთევანისთვის, რადგან 2004 წელს, მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივით, აქ ნახეს დედოფლის საფლავი. ამისათვის მადლობელი ვართ. ცნობილია, რომ ეს საფლავი იპოვეს ავგუსტინელების ეკლესიაში და დღეს კამათია იმის შესახებ, კათოლიკე იყო თუ მართლმადიდებელი დედოფალი. ფაქტია, რომ ავგუსტინელი ბერები იმდენად სცემდნენ მას პატივს, რომ ჩვეულებრივ სასაფლაოზე კი არა, საკუთარ ეკლესიაში დაასვენეს. შემდეგ, საფლავი დაიკარგა, რადგან იმ ადგილიდან ავგუსტინელები წავიდნენ, მაგრამ პორტუგალიაში, ზუსტად ავგუსტინელების მონასტერში არის ყველაზე დიდი პანელი, სადაც ძალიან ლამაზად არის გაკეთებული, წმინდა ქეთევანის ცხოვრება. სწორედ ეს ამბობს, ვისთან და როგორ დასრულდა წმინდა ქეთევანის ცხოვრება“, – ამბობს მამა გაბრიელე.


მისივე აზრით, წმინდა ქეთევან დედოფალი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლებისთვის, არამედ კათოლიკეებისთვისაც. ამიტომ ეკლესია ცდილობს მისი სხეულის ნაწილი კათოლიკე ეკლესიასაც ჰქონდეს:


„შევხვდით [გოას] არქიეპისკოპოსის მდივანს, ვინაიდან, გვაინტერესებდა წმინდა ქეთევანის რელიქვიები. ვფიქრობდით, რომ ეს რელიკვიები ეკლესიის მფლობელობაში იქნებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგი სახელმწიფოს საკუთრებაშია, ანუ ის ნაწილები, რომლებიც ინდოეთში დარჩა, როცა 2004 და 2017 წლებში დაამტკიცეს, რომ ავგუსტინელთა ეკლესიაში ნაპოვნი ნაწილები ნამდვილად ქართველი ქალის სხეულს ეკუთვნოდა. ეს რელიკვიები ახლა დელის მუზეუმშია. ვცდილობთ, რომ ჩვენი ეკლესიისათვის რაღაცა ნაწილი ჩამოვიტანოთ“.


მისივე თქმით, წმინდა ქეთევანის ნაწილები რომლებიც ახლა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაბრძანებული, 2021 წელს ინდოეთის სახელმწიფომ ქართველ ხალხს გადასცა და არა მხოლოდ ერთ კონფესიას:


„საინტერესოა, რომ როდესაც საქართველოში ჩამოაბრძანეს წმინდა ქეთევანის რელიკვიები და ჩამოსული იყო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მან თქვა: ეს რელიკვიები საჩუქარია ინდოელი ხალხისგან ქართველი ხალხისთვისო. და არ ვიცი, მათ იციან თუ არა, რომ ეს რელიქვიები მხოლოდ ქართველი ხალხის ერთმა ნაწილმა მიიღო. მათი მიზანი კი იყო, რომ გადმოეცათ, როგორც მეგობრული ნიშანი, საქართველოს მთელი ერისათვის და არა მხოლოდ ნაწილისათვის [კონფესიისთვის]“, – განმარტავს მამა გაბრიელე.


ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს. შაჰმა შესთავაზა მას ცოლობა და მაჰმადიანობის მიღება, მაგრამ დედოფალმა უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე, რის გამოც 1624 წელს ის ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს.


დედოფლის წამების მოწმე, პორტუგალიელმა კათოლიკე მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე, ვატიკანსა და ბელგიაში.

გოაში მდებარე მონასტერი მე – 19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY –მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ს ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

ინდოეთის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჯერ დროებით ჩამობრძანების, შემდეგ კი საჩუქრად გადაცემის შესახებ.




თაკო ფეიქრიშვილი

Opmerkingen


bottom of page