• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

გორისა და ბეთლემის საკრებულოების მოძღვარი მღვდელი დარიუშ კომადოვსკი იქნება


დღეს, 7 ნოემბერს ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ გორის კათოლიკე მრევლს ახალი მოძღვარი ოფიციალურად წარუდგინა. ამიერიდან, გორისა და ბეთლემის საკრებულოებზე პასუხისმგებელი მღვდელი დარიუშ კომადოვსკი იქნება.



მამა დარიუშ კომადოვსკი ორ წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში 2021 წლის აგვისტოში დაბრუნდა. ორი თვის განმავლობაში იგი სოხუმის საკრებულოში მუშაობდა, ამიერიდან კი გორში დაიდებს ბინას.


საკრებულოს ახალ მოძღვარს ეპისკოპოსმა უფლება–მოსილება წმ. წირვაზე გადასცა.

„როგორც სიმბოლური ჟესტი, ახლა მე მამა დარიუშს ვაძლევ ტაბერნაკულუმის გასაღებს. ეს არის მნიშვნელოვანი ნიშანი, რადგან ტაბერნაკულუმში არის იესო. ამ ტაბერნაკულუმის გაღება და იესოს გადაცემა ხალხისთვის, ნიშნავს, რომ იესო არის თქვენ შორის. მერე ალბათ გამოჩნდება ბევრი გასაკეთებელი საქმე, მაგრამ მთავარია იარო ხალხთან ერთად იესოსკენ. ევქარისტია, აღსარება, ქადაგება, საუბარი – ყველაფერს აქვს თავისი მიზანი, იესოსკენ გზაზე. მამა დარიუშ, მე მინდა გაკურთხო ამ გზისთვის“, – აღნიშნა ლიტურგიისას ეპისკოპოსმა.



საკრებულოში ახლადდანიშნულმა მოძღვარმა ეპისკოპოსს მადლობა გადაუხადა და მრევლს ერთ ოჯახად ცხოვრებისკენ მოუწოდა.


„მინდა, რომ ყველაფერი დაფუძნებული იყოს იესო ქრისტეზე, რომ ჩვენ ვიყოთ მორწმუნე ადამიანები, რომლებსაც გულში ჰყავთ იესო ქრისტე. ცენტრში ყოველთვის უნდა იყოს იესო, რომელიც ცოცხალია. ვიცი, რომ არ იქნება ადვილი, შეიძლება იყოს პრობლემები, გამოწვევები, მაგრამ თუკი იესო პირველ ადგილზეა, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე იქნება – როგორც წმ. ავგუსტინე ამბობს. თქვენთვის ვარ, მოძღვარი, მაგრამ თქვენთან ვარ მორწმუნე კათოლიკე, რომელსაც უნდა თქვენთან ერთად იაროს ამ გზით. არ მინდა გიყურებდეთ ზემოდან. მინდა, რომ ვიყო თქვანთან ერთად, პრობლემების დროს, ფიქრებში, ოჯახებში...“, – განმარტა მამა დარიუშ კომადოვსკიმ.


გორისა და ბეთლემის საკრებულოების ადმინისტრატორი 2017 წლიდან 2021 წლის სექტემბრამდე მამა მერაბ ტატალაშვილი იყო. სექტემბერში იგი იტალიაში გაემგზავრა. მამა მერაბის მოკითხვა მის ყოფილ საკრებულოს დღეს ეპისკოპოსმა გადასცა.


„გასულ კვირას იტალიაში ვიყავი და 2–3 საათით ვნახე მამა მერაბიც. მითხრა, რომ ყველაფერი კარგად არის, სწავლობს და აკეთებს ყველაფერს, რაც დაეხმარება სულიერ ზრდაში. მითხრა, რომ როცა ვიქნებოდი თქვენთან, ყველასთვის გადმომეცა მისგან მოკითხვა. ყველანი მის გულში ხართ“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.



მღვდელი დარიუშ კომადოვსკი საქართველოში 2014 წლის ივლისში ჩამოვიდა. სამი თვის განმავლობაში იგი თბილისში ცხოვრობდა.


2014 წლის ოქტომბრიდან კი არლის, უდის, ბენარის, უნწისა და აბასთუმნის სამრევლოებში იყო დამხმარე მღვდელი.


ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, 2019 წელს იგი პოლონეთში დაბრუნდა და მსახურება გააგრძელა ვარშავაში, „ღვთიური გულმოწყალების სამრევლოში“.


ამავდროულად, სწავლობდა კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში, დოქტორანტურის საფეხურზე. ამჟამად მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე – „გავლის რიტუალების ინკულტურაცია მესხეთში“.


გორსა და ბეთლემში უკვე წლებია მუშაობენ კამილიელი დედებიც მუშაობენ.


წმ. წირვები სამრევლო სახლებში აღევლინება.


რაც შეეხება საკვირაო წმ. წირვებს:


გორში – 11.00 საათზე

ბეთლემში – 15:00 საათზე.


ფოტოებისა და ვიდეოსთვის მადლობა სოფია ასტოიანს


თაკო ფეიქრიშვილი