
წეროვანში არსებული „შეხვედრების სახლის“ შესახებ, ალბათ საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) მცხოვრებ ყველა კათოლიკეს სმენია. მათი უმრავლესობა ყოფილა კიდეც აქ, სულიერი შეხვედრების, კონფერენციების, ტრენინგების, კონკურსების ან რაიმე სხვა ღონისძიების დროს.
სახლი ოთხსართულიანია, 23 ოთახით, თავისი სველი წერტილებით, შეხვედრების დარბაზით, სამზარეულოთი, სასადილო ოთახითა და მცირე სამლოცველოთი. აქვს ფართო ეზო და ღია ამფითეატრი.
ეს არის სივრცე, რომელიც ძირითადად კათოლიკე ეკლესიაში დაგეგმილ ძალიან ბევრ საინტერესო აქტივობას მასპინძლობს, თუმცა ასევე იღებს სტუმრებს სხვა კონფესიებიდან, სხვადასხვა რეგიონიდან, სამრევლოებიდან, რელიგიური და არარელიგიური არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სასულიერო და საერო სამყაროდან და ასევე მიმლოცველთა ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
მას შემდეგ, რაც აქტივობა სრულდება და ყველა სახლში მიდის, აქ რჩება კათოლიკე ცოლ–ქმარი, რომლებიც ჯერ სტუმრების სათანადოდ მიღებასა და გამასპინძლებაზე ზრუნავს, შემდეგ კი ყველაფრის მოწესრიგებასა და დასუფთავებაზე.
სოფია ასტოიანი და იოსებ ალბერტიანი
სოფია ასტოიანი წეროვნის შეხვედრების სახლის ადმინისტრატორია. აქ მუშაობა 2013 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დაქორწინებული არ იყო.
„თბილისიდან არც თუ ისე შორს, 15–20 კილომეტრში მდებარეობს ჩვენი სახლი, რომელიც საკმაოდ დიდია – 60 ადგილიანი. ეს სახლი ემსახურება ეკლესიის სხვადასხვა აქტივობებს და ასევე ღია ვართ ყველასთვის. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერს, ვინც მოგვმართავს, შეუძლია ჩვენგან მიიღოს სათანადო მომსახურება. გვსტუმრობენ არასამთავრობოებიც, სახვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც. ანუ რელიგიური ან სხვა ნიშნით შეზღუდვა არ გვაქვს. ვიღებთ მომლოცველთა ჯგუფებსაც უცხო ქვეყნებიდან: პოლონეთი, იტალია, საფრანგეთი. ისინი ჩვენთან ძირითადად მათი ნაცნობების რეკომენდაციის საფუძველზე მოდიან“, – ამბობს სოფია.
„შეხვედრების სახლის“ ადმინისტრატორობა ფიზიკურად რომ რთული საქმეა, ამას ადასტურებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მას ამ სირთულეებში ხალხთან ურთიერთობა ეხმარება: „თუ ფიზიკურ სირთულეებზე ვისაუბრებთ, დიახ, რთულია, თუმცა ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ხალხში ყოფნა, მათთვის მსახურება და ამიტომ გადავწყვიტე აქ მუშაობა, თან ამ ეკლესიის წევრი ვარ“.
წეროვნის სახლში სხვადასხვა ღონიძიების დაგეგმვა ძირითადად მარტიდან იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. ზამთრის ცივ დღეებში აქ სტუმრები არ მოდიან, თუმცა სოფია და მისი მეუღლე იოსები, მაინც „შეხვედრების სახლის“ ქვედა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელში რჩებიან.
„სულ აქ ყოფნა რთული არ არის, პასუხისმგებლობა გვაქვს დიდი და ასე მიტოვება და სადმე გასვლა არ შეგვიძლია. ზოგჯერ მეუფე (ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო) გვიწყობს ხელს და თვითონ რჩება, რომ ჩვენ გასვლა შევძლოთ და ამისთვის მადლობა მას“.
სოფოს მეუღლე იოსებ ალბერტიანი წეროვანში სამუშაოდ მას შემდეგ გადმოვიდა, რაც იქორწინეს. სოფლის მეურნეობის კუთხით ჯავახეთში მიღებული გამოცდილება გამოადგა. იგი ახლა ტერიტორიის სამეურნეო ნაწილს ხელმძღვანელობს.
„ჭიათურიდან ვარ, მას შემდეგ, რაც მე და სოფიკო დავქორწინდით, მეუფე ჯუზეპემ შემომთავაზა აგროკულტურაზე მუშაობა, დაბლა ნაწილში. აქ საერთოდ არაფერი იყო, მხოლოდ ცარიელი სათბურები და ორი ღორი. დამხვდა სხვა პიროვნებაც, ვასიკო, რომელთან ერთადაც დავიწყე მუშაობა. გამოცდილება მქონდა, მაგრამ იმ პერიოდში, სალათის განსხვავებული სახეობებისა და უცხო ბოსტნეულის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა. თავიდან რთული იყო, იმიტომ, რომ ჯერ მოყვანა უნდოდა, მერე ბაზრის შოვნა და ა.შ. თან ვასიკო წავიდა და დავრჩი მარტო“, – ამბობს იოსები.
ახლა ამ ტერიტორიაზე 6 სათბურს, 4 დიდ მიწის ნაკვეთსა და 1 ჰა–ზე ყურძენს უვლის, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოსთან ერთად:

„ამ სათბურებში ზამთარში მხოლოდ სალათის ფურცლები ითესება, ახლანდელ პერიოდში კი ყველაფერი: კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული, თუმცა ჩვენთან საქართევლოში გავრცელებული ჯიშები არ არის. თესლები იტალიიდან ჩამოდის, ცოტა განსხვავებული სახეობებია. მაგალითად: ბადრიჯანია, რომელიც საქართველოში მარტო ჩვენ გვაქვს. მრგვალია და მარცვალი საერთოდ არ აქვს. გვაქვს იტალიურად „კარჩოფი“ ანუ არტიშოკი (ხაჭიჭორა), რომლის მოყვანაც საქართველოში ახლა დაიწყეს და ძალიან სასარგებლო პროდუქტია. გვაქვს „რუკოლა“, რომელიც იტალიური ბოსტნეულია, ქართული წიწმატის ვარიანტი. ფაჯოლინი, განსხავებული ლობიო“...
ბოსტნეულის იტალიურ სახეობებში გარკვევას და მოყვანის თავისებურებებს ინტერნეტიდან სწავლობს, შემდეგ კი ქართულ რეალობას არგებს, რადგან საქართველოსა და იტალიაში არსებული კლიმატი განსხვავებულია.
იოსების მოწეული მოსავლის ნაწილი კურიაში მიდის; ნაწილით, საჭიროების მიხედვით, წეროვნის შეხვედრების სახლი მარაგდება; ნაწილი კი, იყიდება, თუმცა იოსები ამბობს, რომ ეს მეწარმეობასა და ბიზნესზე გათვლილი რეალიზაცია არ არის. ყიდიან იმისთვის, რომ ხარჯი არ დარჩეთ:
„თავიდანვე გამაფრთხილა ეპისკოპოსმა, რომ არავითარი ქიმია არ უნდა მივცეთ ბოსტნეულს, ჯობია ცოტა შეუხედავი იყოს, მაგრამ ბიოლოგიურად სუფთა და გემრიელი. სწორედ ამაშიცაა ამ საქმის სირთულე, როცა ქიმიას არ უკეთებ, პროდუქცია თავისთავად უნდა გაიზარდოს და ელოდები, შენ ვერ დააჩქარებ მის გაზრდას, ბალახს ვერ გაანადგურებ ქიმიური წამლების საშუალებით, ყველაფერი ხელით უნდა გააკეთო“.
გარდა ბოსტნეულისა, იოსები ეპისკოპოსთან ერთად, ვენახსაც უვლის. 1 ჰექტარზე გაშენებული ვაზის, საფერავისა და რქაწითელის ჯიშებიდან სუფთა ღვინო იწურება:

„ღვინოს მე და მეუფე იტალიური ტექნოლოგიით ვამზადებთ. ეს სუფთა ღვინოა, არავითარი დანამატი არ აქვს და წირვებზე გამოსაყენებლად, მთელი საქართევლოს მასშტაბით ეკლესიები ღვინით აქედან მარაგდება. როდის შევცვალო, როდის ავურიო, როდის ამოვწურო და ა.შ. ამას მეუფესთან შეთანხმებით, მისი მითითებებით ვაკეთებ“.
სამეურნეო საქმიანობას რომ მორჩება, „შეხვედრების სახლის“ ტექნიკურ ნაწილზე იღებს პასუხისმგებლობას. მისი მოვალეობაა დაგეგმილ ღონისძიებამდე გაასუფთაოს სახლის ეზო, მოთიბოს, გაიტანოს, შეამოწმოს ონკანები, განათებები და სახლი სურსათით მოამარაგოს.
ცოლ–ქმარი არა მხოლოდ სახლის მოვლა–პატრონობაზე, არამედ მის რეპუტაციაზეც ზრუნავს. უნდათ, რომ გარშემო მცხოვრები სხვა აღმსარებლობის ხალხი სახლს, როგორც სიკეთისა და სიყვარულის ადგილს, ისე იცნობდეს. სოფია ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმისთვის, რომ ადგილობრივებს კარგად გაეცნოთ აქ არსებული სიტუაცია, ერთგვარი ინტეგრაციისთვის, სამზარეულოში ადგილობრივები დაასაქმა:
„ახლოს მცხოვრებლები ყველა იცნობს ამ სახლს, როგორც „კათოლიკეების სახლი“.
სერიოზულად ვფიქრობდი, რომ ისინი ყოფილიყვნენ ჩართული ამ ყველაფერში. ამიტომ მოვიძიე და მოვიყვანე ძალიან კარგი ხალხი, ლტოლვილთა დასახლებიდან.
პარალელურად გაიგეს, ვინ არიან კათოლიკეები. მაგალითად, ერთი თანამშრომელი გვყავდა, რომელსაც ცოტა არაჯანსაღი წარმოდგენა ჰქონდა კათოლიკეებზე, ესაუბრა თავის მამაოს და უარი გვითხრა მუშაობაზე. თუმცა იგივე სიტუაცია არ განმეორდა მეორე თანამშორმლის შემთხვევში. მან მამაოსგან აიღო კურთხევა და დღემდე მუშაობს ჩვენთან. არ მინდა, რომ ხალხს სხვა, არასწორი წარმოდგენა ჰქონდეს ჩვენზე, ამიტომ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და შემიძლია ვთქვა, რომ ამ სახლის რეპუტაციას კბილებით ვიცავ“, – ამბობს სოფია.

სოფია და იოსები ახლა უკვე „შეხვედრების სახლსა“ და მეურნეობაში არსებული მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე ფიქრობენ. იოსებმა გეგმა დასახა:
„ვესაუბრე ეპისკოპოსს და მინდა, რომ მეურნეობაში ცხოველები და ფრინველებიც გვყავდეს. გავაკეთეთ საკურდღლე, სადაც გვყავს კურდღლები, შემოვიყვანეთ ფუტკარი. ახლა გვინდა, რომ პატარა ქათმის ფერმაც გავაკეთოთ“.
სოფიას იმედი აქვს, რომ შეხვედრების სახლის შესახებ უფრო მეტი მომლოცველთა ჯგუფი გაიგებს და საქართველოში ჩამოვლენ. ამბობს, რომ პანდემიის პერიოდის განმავლობაში, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებიც დააკლდათ, ამიტომ დანაკლისის შევსება მომავალ წლებში სურს.
„პანდემიამდე მომლოცველთა ჯგუფების წრე ფართოვდებოდა და ბევრმა იცნოდა ამ სახლის არსებობის შესახებ ევროპაში. მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა გაიგოს, რომ აქ ვართ და მომლოცველებს ველოდებით. უბრალოდ, ჩვენთან ასეთი წესია, ერთი ადამიანის მიღება არ შეგვიძლია, უნდა იყოს მიმლოცველთა ჯგუფი“.

სანამ უცხოელ მომლოცველთა ჯგუფებს უმასპინძლებენ, მანამდე ჩვეული გულმოდგინებით საქართველოში მყოფებს ემსახურებიან: „არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვიმუშავებთ, მაგრამ სადამდეც ვიქნებით, გულით ვემსახურებით“, – ამბობს სოფია ასტოიანი.
თაკო ფეიქრიშვილი /
რობი ზარიძე, შოთა გიქოშვილი