• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘დაე, დადუმდეს იარაღის ხმაური’ – პაპი ფრანცისკე



27 თებერვალს, პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს განსაკუთრებული მოწოდებით მიმართა. მან დაგმო ომი და სთხოვა მორწმუნეებს ომის დასრულებისთვის ელოცათ.


“ძვირფასო ძმებო და დებო. ბოლო დღეებში, ომის ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩემში აღშფოთება გამოიწვია. ჩვენ არაერთხელ ვილოცეთ, რომ ეს გზა არ აერჩიათ. ჩვენ არ ვწყვეტთ საუბარს, არამედ უფრო მეტად ვაძლიერებთ ღმერთისადმი თხოვნას.


მე ყოველ თქვენგანს კვლავ მოგმართავთ. 2 მარტი, ნაცრისყრის ოთხშაბათი უკრაინაში მშვიდობისათვის გაატაროთ მარხვასა და ლოცვაში. ეს უნდა გახდეს დღე ჩვენი სიახლოვისა ტანჯული უკრაინელი ხალხისადმი. უნდა შევიგრძნოთ, რომ ჩვენ ყველანი ძმები და დები ვართ და ვთხოვოთ ღმერთს ომის შეწყვეტისათვის.


ის, ვინც აწარმოებს ომს, ივიწყებს ადამიანობას. ის არ არის ერის წარმომადგენელი, ვერ ამჩნევს ადამიანების კონკრეტულ სიცოცხლეს, არამედ ყველაზე მაღლა აყენებს პირად ინტერესებსა და ძალაუფლებას. ასეთი ადამიანის ლოგიკა არის ეშმაკეული და გარყვნილი, რომელიც ძალიან შორს დგას ღვთის ნებისაგან. ის შორდება უბრალო ადამიანებს, რომელთაც სურთ მშვიდობა.


ეს უბრალო ადამიანები ნებისმიერი კონფლიქტის დროს ხდებიან უბრალოდ მსხვერპლნი, რომელთაც ომის სიგიჟეს საკუთარი სიცოცხლის ფასად იხდიან.


მე ვფიქრობ ქვეყნებზე; მათზე, რომლებიც ამ წუთში ეძებენ თავშესაფარს; იმ დედებზე, რომლებმაც გაქცევის გზით გადაარჩინეს თავიანთი შვილები. მათთვის უნდა გაიხსნას აუცილებლად ჰუმანიტარული დერეფნები, უნდა მოხდეს მათი მიღება.


გული მაქვს გატეხილი იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ომები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგალითად, იემენში, სირიაში, ეთიოპიაში… მე ვიმეორებ. დაე, დადუმდეს იარაღის ხმაური. ღმერთი არის არა მოძალადეებთან, არამედ მშვიდობის მყოფელებთან. იტალიის კონსტიტუციის თანახმად, მშვიდობის მოყვარულნი უარყოფენ ომს, როგორც სხვა ხალხების თავისუფლების ხელყოფის ინსტრუმენტს და როგორც საერთაშორისო დავების გადაწყვეტის გზას”.


მიმართვის ბოლოს, რომის ეპისკოპოსი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მომლოცველებს, რომელთაც ხელში უკრაინის დროშები ეჭირათ უკრაინულ ენაზე მიესალმა: «Слава Иисусу Христу!». (ქებული იყოს იესოს სახელი).


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი