top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

და იესოს მარია (ლუჩია) მარჩელი


[2024 წლის 26 ნოემბერს, იტალიის დროით 07:30 საათზე, გარდაიცვალა ბენედიქტელი მონაზონი, დედა მარია დი ჯეზუ. დედა მარია, წლების განმავლობაში, ახალციხეში, რაბათის ბენედიქტელ დედათა მონასტერში ცხოვრობდა].

(30. 12. 1956 - 26. 11. 2024)

„სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხ.2,10)

„უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!” (იოან.20,28)

საყვარელო დაო იესოს მარია, უფლის სიტკბოებავ,

 

ამ წერილით მსურს მადლობა შევწირო უფალს იმ საქმისათვის, რაც შენში მოიმოქმედა ცხოვრების ამ 67 წლის მანძილზე. ამიერიდან შენც შეუერთდები ქალწულ მარიამის საგალოებლს: „ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს...დიდი საქმე მიყო ძლიერმა და წმიდაა სახელი მისი“ (ლუკ.1,48-49).


როდესაც სინათლის სხივთა კონა კარგად დაწახნაგებულ ბრილიანტს ეცემა, ის არა მხოლოდ მისი ზედაპირიდან აირეკლება, არამედ მის შიგნით აღწევს და მთელ კრისტალს მოჰფენს ელვარებას. სხივები ისეთი ნაირფერი ელვარებით გაიშლება, გეგონება ბრილიანტის შიგნიდან გამოდიოდეს. შენც ასე იყავი იესოს მარია, როგორც ბრილიანტის ნატეხი, სულიწმიდის ნაწილი, მის შუქს აირეკლავდი, ამას მოწმობს კიდეც შენი ნათლობის სახელი: ლუჩია, სინათლე. შენ დაიბადე და ბავშვობა გაატარე ასკოლი პიჩენოში, წმ. ბართოლომეოს საკრებულოში დადიოდი და აქვე გაიარე კათაკმევლის გზა. აქ გაეცანი წმიდა წერილის სიახლესა და სილამაზეს; წირვებზე გიტარის თანხლებით  გალობდი. შემდეგ უფალმა გააღვიძა შენში მოწოდება ღვთივშეწირული ცხოვრებისადმი და ბენედიქტელთა ჩაკეტილ მონასტერს მიაშურე, ოფიდაში. აქ წარმოთქვი შენი მყარი და შეუპოვარი „დიახ!“, გამოწვევად მიიღე ყველა დაბრკოლება, მათ შორის, თოვლიც.  ეს მოხდა 1993 წლის 6 იანვარს.


მონასტერში ახალი სულიერი გზა გელოდა: უფრო ღრმად გაცნობოდი ღმერთს და საკუთარ თავს. მონასტრის დებმა მიგიღეს, შეგიყვარეს,  შემოსვის დროს გეწოდა სახელი წმიდა მონაზონისა, რომელიც შენამდე მოღვაწეობდა და რომლის ცხოვრებასაც კარგად იცნობდი: და იესოს მარია ვოლპი, რომელიც 92 წლის ასაკში  მიიცვალა. 1995 წლის 21 მარტს ღმერთს პირველი სამონასტრო აღთქმები დაუდე და 1998 წლის 19 აპრილს სამუდამოდ მიუძღვენი მას თავი.


მონასტერში დამწყებ მონაზონთა აღმზრდელად მიგიწვიეს და, შეიძლება ითქვას, სიმტკიცით აღზარდე ზოგიერთი დაუმორჩილებელი სული. წლების განმავლობაში წმიდა წირვისთვის ჰოსტიას დამზადების პროცესში იყავი ჩართული, წმიდა წირვებს შენი ლამაზი ხმითაც აცოცხლებდი, გიტარისა და ციტრას თანხლებით. ჩვენი მონასტრის კედლის ფრესკები აღადგინე, რითაც დაძლიე მაღალ ხარაჩოებზე ასვლის შიში. აღდგომის სანთლები მოხატე და უამრავი ხატი დაწერე (განსაკუთრებული იყო იესოს თვალები, რისი ხატვაც მარტივად გამოგდიოდა), ლიტურგიული სამოსელიც შეგიკერავს, მონაზვნის კაბები.


შენი სულიერი და ფიზიკური ცხოვრების გადამწყვეტ მომენტში თანხმობა განაცხადე საქართველოში წასვლაზე. ღმერთს მიენდე და საქართველოში ახალი ცხოვრება დაიწყე. განსაკუთრებული მადლობა, რამეთუ 12 წლის მანძილზე შეიყვარე ეს მისია, მადლობა იმ სიყვარულის გამო, რასაც იჩენდი ქართველი ხალხის, მღვდლებისა და ეკლესიასთან დაახლოებული ბავშვების მიმართ.


ამ წლის იანვრის თვეში დაავადების პირველი ნიშნები შენიშნე. მრავალი კლინიკური კვლევის შემდეგ, შენდა სამწუხაროდ, აპრილის თვეში იტალიაში მოგიწია დაბრუნება, აქ დაიწყო გოლგოთის აღმართზე შენი სვლა,  საავადმყოფოდან საავადმყოფოში გიწევდა სიარული, რომ დაგედგინა, რა სახის სიმსივნესთან გქონდა სქმე. ერთ დღესაც გამანდე: „იმ დღიდან, როცა მითხარი, რომ სიმსივნე მქონდა, მშვიდად ვარ და ხალისით ვიღებ ავადმყოფობას, როგორც ძვირფას დროს, როგორც უფლის წყალობას. მინდა ეს წყალობის დრო ტყუილად არ გავფლანგო, სიკვდილის არ მეშინია“.


ივნისში დიაგნოზიც დაგისვეს: იშვიათი და აგრესიული ფორმის სარკომა, ფილტვებში, თირკმელებსა და ხერხემლის მალებში გასული მეტასტაზებით. ქიმიო და რადიოთერაპიის კურსი დაიწყე და იმედი გქონდა, რომ სიმსივნე დაუძლურდებოდა და ისევ შეძლებდი საქართველოში ჩამოსვლას, თუნდაც ინვალიდის ეტლით. როგორც გვაუწყებს ფსალმუნი (40, 4): „უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს“. შენი ღიმილით ნუსხავდი ყველა მნახველს: ექიმებს,  სანიტრებს, დებს, მეგობრებს. ვინც კი მოგიკითხავდა, როგორ ხართო, ყველას პასუხობდი: „კარგად“. არ წყვეტდი ინტერესს და გატაცებას მომღერალ რენატო ძეროს მიმართ, ფეხბურთის მიმართ, სპორტული თამაშების მიმართ, საავადმყოფოშიც გახარებული იყავი, როცა მათ გადაცემებს ტელევიზიით ადევნებდი თვალს.  


ოქტომბერში, როდესაც უშედეგო გახდა ქიმიოთერაპიის კურსის გაგრძელება და შენი ჯანმრთელობაც გაუარესდა, დათანხმდი პალიატიურ ცენტრში გადასულიყავი, სან ბენედეტოს საავადმყოფოს ჰოსპისში. 40 დღე დაჰყავი იქ, როგორც იესომ 40 დღე უდაბნოში, უმძაფრესი ტკივილით, რაც ამ სახის სიმსივნემ იცის, მაგრამ ყოველდღიურად უფლის ხორცი განუგეშებდა.  


26 ნოემბერს, 7:30 სთ-ზე, გამთენიისას, როცა წირვა დაიწყო ოფიდას მონასტერსა და სლოვაკეთის მისიაში, შენმა გულმა ფეთქვა შეწყვიტა და შენი ამქვეყნიური ცხოვრება დაასრულე. 


დაო იესოს მარია, ვინც კი ლოცვას გთხოვდა, ყველას თანხმობით პასუხობდი. ახლა კი, უწინდელზე მეტად, ილოცე ჩვენთვის, შენი საკრებულოსათვის, ეკლესიისათვის, განსაკუთრებით ეკლესიისათვის საქართველოში, რაბათის მონასტრის მისიისათვის. ევედრე უფალს მოწოდებისათვის, რათა შენი ცარიელი ადგილი შეივსოს სამონასტრო გუნდში. მადლობა შენი ლამაზი სიცოცხლისათვის, მადლობა, რამეთუ შენ ღმერთის სილამაზის ანარეკლი იყავი, კომპრომისების გარეშე და მთელი სიწრფელით. მადლობა  შენი შეუპოვრობის, მორჩილების, თავმდაბლობის, მრავალი ნიჭის გამო, მადლობა იმ სიყვარულისათვის, რასაც წმიდა წერილის, ეკლესიის, ღარიბი ხალხის მიმართ იჩენდი. 

როგორც წმიდა ფრანცისკე მიუგებს ძმა მასეოს: ,,(...) უფალმა ამირჩია, მხდალი ქმნილება, რომ ეს დიდებული საქმე მოემოქმედა (...), რათა შეერყია სიბრძნე წუთისოფლისა და შეეცნო ყველას, რომ ყოველი სიკეთე და სათნოება მისგან მოედინება და არა ქმნილებისგან, და თუ ვინმე დიდებას იქადის, უფალში იქადდეს, მასში, ვისაც მართებს საუკუნო პატივი და დიდება“ (შდრ. Fioretti di S. Francesco, X).


მადლობა, უფალო, რამეთუ ირჩევ უმცირესთ, წამოაყენებ მდაბლებს და დიად საქმეებს მოიმოქმედებ მათში. მადლობა, უფალო, რამეთუ აირჩიე  ჩვენი და მარია იესოსი, ვითარცა ლამპარი, შენი ბრწყინვალე ნათლის გასავრცელებლად. ამენ.

           

და მარია გრაცია, რაბათის მონასტრის  უფროსი

 ჟურნალი "საბა" / 2025, იანვარი




Comentários


bottom of page