top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"და შექმნა ღმერთმა ადამიანი..." – INER Georgia



ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით გამოწვეული ვნებათაღელვა ყურადღების ეპიცენტრშია, რაც ადამიანებს ერთდროულად აღუძრავს შიშს, ბრაზს, სინანულს, გაურკვევლობას და ისეთ გრძნობას, რომლის უმართავობა მუდმივი შფოთის რეჟიმში აცხოვრებს. უამრავი სწორი თუ მცდარი ინფორმაცია, კითხვა თუ კომენტარი, ძალადობა, გამეტება და ღვთის მიერ ბოძებული უდიდესი საჩუქრის - ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა...


„სინდისმა უნდა აკრძალოს ის, რასაც კანონი ვერ კრძალავს“. მართალია, საქართველოში დიდი ხნის წინ მიიღეს ანტიდისკრიმინაციის კანონი, რომელიც არ მოქმედებს, რადგან სხვისი დავალებით და ფანატიზმით ცდილობენ,სამართლიანობის მანტია მოარგონ ძალადობას და ასე გაამართლონ ის.


,,და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად - ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად“ (დაბ. 1, 27) ... და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო (დაბ. 1, 31). ბიბლიაში ღმერთი ,,განსხვავებული გზით“ ქმნის. სამყაროს შექმნის გულში ვხედავთ გამოყოფისა და დიფერენციაციის პროცესს. ადამიანის უჯრედოვანი ზრდა-განვითარებაც ხომ ამ გზით ხდება: უჯრედები იზრდებიან, იყოფიან და დიფერენცირდებიან. ღმერთი ,,გამოყოფის გზით“ ქმნის: უკუნისაგან- ნათელს, დღისაგან - ღამეს, წყლისაგან - ხმელეთს... ამგვარი პროცესი თავის კულმინაციას აღწევს მამაკაცისა და დედაკაცის შექმნისას. ბუნებრივი მეცნიერებები (გენეტიკა, ანატომია, ენდოკრინოლოგია, ფსიქოლოგია) უპირობო და ცალსახა რეალობას გვამცნობენ: არის მამრობითი და არის მდედრობითი.


იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ეკლესია პიროვნებას მისი სექსუალური ორიენტაციის გამო არ აკრავს ,,იარლიყს“: ადამიანი, ვიდრე ,,ჰეტეროსექსუალი“ ან „ჰომოსექსუალი“ გახდება, პირველ რიგში, ღვთის ქმნილებაა და ამ წყალობის ძალით - ღვთის შვილი, მარადიული ცხოვრების მემკვიდრე. ეს კი ყოველ ადამიანს დიდ ღირსებას სძენს ღვთისა და მოყვასის წინაშე. ეკლესია იმასაც აცნობიერებს, რომ ადამიანის სისუსტე, რაც შეიძლება გამოიხატოს ღმერთისა და ადამიანის არსის უგულებელყოფით და უწესრიგო სქესობრივი ცხოვრებით, თავდაპირველი ცოდვის შედეგია.



ადამიანის სქესობრივი სიმწიფის მნიშვნელოვან ფაქტორთა შორის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ურთიერთკავშირები, რაც ყალიბდება სუბიექტსადა ოჯახურ და სოციალურ-კულტურულ გარემოს შორის. ურთიერთობის საუკეთესო გზა არის აღზრდა და სოციუმში ჩართულობა, სწორი ინფორმაციული და ფორმაციული საქმიანობა, დიალოგი, მოთხოვნის გათვალისწინება, მიღება და არა დისკრიმინაცია. ,,როდესაც მშობლები თავიანთ შვილებში, ყრმობის ან მოზარდობის ასაკში, მსგავს მიდრეკილებას ან ქცევას ამჩნევენ, კვალიფიცირებულ ექსპერტებს უნდა მიმართონ ყველა შესაძლო დახმარების მისაღებად. „შეუძლებელია არსებობდეს იმაზე ძლიერი მოთხოვნილება ბავშვობაში, ვიდრე მამის მფარველობაა“ (ზიგმუნდ ფროიდი).


საზოგადოებაში ყველას უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მისაღები არ არის ლგბტ თემის მოთხოვნები, ჩვენ დისკომფორტს არ გვიქმნის მათი არსებობა. ქრისტიანული და ეროვნული ღირებულებების მქონე ქვეყნისთვის, სადაც ოჯახი წმიდათაწმიდა კერად არის მიჩნეული, აღზრდისა და ოჯახური თანაცხოვრების ჯანსაღი ფორმები საუკუნეთა მანძილზეა ჩამოყალიბებული, ძნელად მისაღებია ოჯახის სხვა ალტერნატივა. სოციალური ქსელების, ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელი გახდა უფრო მეტი ცოდნის მიღება იურიდიული, სოციალური, სამედიცინო მიღწევების შესახებ; შორს მიმავალი გეგმებიც არის - ერთსქესიანთა ქორწინება, სამოქალაქო თანაცხოვრება. პრობლემა გაცილებით კომპლექსური და დელიკატურია, ვიდრე ლგბტ თემის ბრძოლა დამკვიდრებისათვის.


კათოლიკე ეკლესიას არაერთგზის გაუმახვილებია ყურადღება ამ თემაზე. არგუმენტს სხვადასხვა თვალსაზრისით განიხილავენ, რაც შემდგომ აისახება დეკლარაციებში, წერილებში, ოფიციალურ გამოსვლებში. ისინი არსებითად ეყრდნობიან შემდეგ სამ ორგანიზმს: რწმენის მოძღვრების კონგრეგაცია, ოჯახების პონტიფიკალური საბჭო და კათოლიკური აღზრდის კონგრეგაცია. ამას ემატება წმიდა მამების პირდაპირი საუბრები მორწმუნეთა წინაშე და საკვირაო ქადაგებები.


ჩვენ მივიჩნევთ, რომ გონივრულად მოძიებული და გააზრებული მიზეზების შემდეგ უნდა მოხდეს ინტეგრალური აღზრდის პროცესის წახალისება, მათი გაგებით მიღება, ნდობის ატმოსფეროს შექმნა, ინდივიდის თავისუფლებისადა თვითმფლობელობის უნარის განმტკიცება. საჭიროა მორალური ძალა, ღვთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის გამოხატვა და, გადაუდებელ შემთხვევაში, სამედიცინო-ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა.


ინერ-ჯორჯია

ჟურნალი "საბა" / აგვისტო 2021


댓글


bottom of page