25 თებერვალს, მოახლოებული მარხვის შესახებ პაპ ფრანცისკეს გზავნილი გამოქვეყნდა. იგი მორწმუნეებს მოუწოდებს, გააღრმაონ სულიერი მომლოცველობა ცოდვასა და სიკვდილზე ქრისტეს აღდგომის გამარჯვებით. წერილში პაპმა სამ ასპექტზე გაამახვილონ ყურადღება: “წინსვლა, ერთობლივი მიმლოცველობა და იმედი”.

მიუხედავად იმისა, რომ პაპი ფრანცისკე ჯემელის კლინიკაში მკურნალობს, მორწმუნეებისთვის მისი სამარხვო გზავნილი გამოქვეყნდა. წერილი 6 თებერვლით თარიღდება, ანუ იგი დაწერილია ერთი კვირით ადრე, ვიდრე პაპს 14 თებერვალს ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ. ვატიკანმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში ყოფნის დროსაც კი, პაპი აგრძელებს გარკვეული სამუშაო მოვალეობების შესრულებას, მდივნების დახმარებით.
ამ წელს, კათოლიკე ეკლესიაში დიდმარხვა 5 მარტს, ნაცრის ყრის ოთხშაბათს დაიწყება.
გზავნილში რომის ეპისკოპოსი მორწმუნეებს შეახსენებს, რომ კათოლიკე ეკლესიაში დიდმარხვა იწყება თავზე ნაცრის დაყრის სიმბოლური რიტუალით, რაც სინანულისკენ მოწოდებას ნიშნავს: „ქრისტიანები მოწოდებულნი არიან მოაქციონ გულები ღვთისაკენ, უარი თქვან ცოდვის მონობაზე და დაიბრუნონ ღვთის შვილების თავისუფლება“.
წმიდა მამა საუბრობს ისრაელიანი ხალხის ეგვიპტიდან გამოსვლის ბიბლიურ მაგალითზე – „გზა მონობიდან აღთქმულ მიწამდე არის თითოეული მორწმუნის გზის პროტოტიპი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი დროის გამოწვევებთან“.
პაპი საუბრობს მილიონობით ადამიანზე, რომლებიც ძალადობისა და უსამართლობის გამო იძულებულნი არიან საკუთარი სახლები დატოვონ: „გაჭირვებულ ადამიანებთან შეხვედრა შეიძლება გახდეს სულიერი განახლების შესაძლებლობა“.
წმინდა მამა მოგვიწოდებს დავფიქრდეთ მავნე ჩვევებზე, შიშებზე, ჩაკეტილობაზე და ვკითხოთ საკუთარ თავს: “ვისწრაფვით ჭეშმარიტი განთავისუფლებისაკენ? მივდივართ ღვთისკენ თუ პარალიზებული ვრჩებით ჩვეულ კომფორტის ზონაში?”
დიდმარხვის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი, პაპის აზრით, არის სინოდალური სულისკვეთებით საერთო პილიგრიმობა. „ქრისტიანები მოწოდებულნი არიან, იარონ არა მარტოსულად, არამედ ერთად და აშენონ ეკლესიის ერთობა. სულიწმინდას მიჰყავს ღვთის ერი ჭეშმარიტი ძმობისაკენ, სადაც არავინ უნდა თავი მივიწყებულად და უკუგდებულად იგრძნოს“.
პაპი ყურადღებას უთმობს ინდივიდუალიზმისა და ჩაკეტილობის საცდურს, რომლებიც ხელს უშლიან ქრისტიანებს სწორ გზაზე სიარულში – „ყოველი მორწმუნე მოწოდებულია დასვას კითხვა: ‘შეუძლია თუ არა ქრისტიანს გაუზიაროს თავისი გზა სხვებს, ოჯახის წევრებს, სამრევლოს წევრებს, სამონასტრო საკრებულოებს, თანამშრომლებს სამსახურში?”
სასულიერო და საერო პირებს პაპი მოუწოდებს ხელჩაკიდებულებმა იშრომონ ღვთის სასუფევლისთვის, ყურადღებითა და პატივისცემით მოექცნენ მოყვასს, თავისი მაგალითით სხვებიც ჩართონ ეკლესიის ცხოვრებაში – „სინოდური სულისკვეთება მჟღავნდება ურთიერთყურადღებაში, მოთმინებაში, სუსტებზე ზრუნვაში, შურისა და დაყოფის თავიდან აცილებაში. ეს არის განსაკუთრებული ჟამი ძმობის დამოწმებისა, რომელიც უნდა გამოვლინდეს არა სიტყვებში, არამედ კონკრეტულ საქმეებში“.
დიდმარხვის მესამე და მნიშვნელოვანი ასპექტია - იმედი. პაპი ფრანცისკე ხაზს უსვამს, რომ ყოველი ქრისტიანის გულში უნდა ენთოს ნდობა ღვთის გულმოწყალებასა და მარადიული ცხოვრების აღთქმაში. პაპს მაგალითად მოჰყავს წმიდა პავლეს სიტყვები: “სასოება კი არ გვარცხვენს” (რომ.5,5). აღნიშნული ტექსტი მოუწოდებს მორწმუნეებს საკუთარ თავს ჰკითხონ: “ნამდვილად გვწამს ღმერთი? შეგვიძლია მასში დავინახოთ ხსნის წყარო, თუ იმედებს მხოლოდ საკუთარ ძალებზე ვამყარებთ? რამდენად ვლინდება ჩვენი რწმენა კონკრეტულ საქმეებში, რომლებიც ვლინდება ძმობაში, სამართლიანობასა და სამყაროზე ზრუნვაში?”
წმიდა მამა მორწმუნეებს შეახსენებს, რომ დიდმარხვა აღდგომამდე მიმავალი იმედის განმტკიცების პერიოდია: „იმედი არ არის მხოლოდ ნუგეში, არამედ ფუნდამენტური ძალა, რომელიც განსაცდელების მიუხედავად, ქრისტიანებს წინ სვლისაკენ უბიძგებს, ის არის „სულის ღუზა“, რომელიც ხსნის გზაზე მათ მყარად იჭერს. „იმედს აღდგომამდე მივყავართ და ვერაფერი დაგვაშორებს ღვთის სიყვარულს (რომ.8:38-39)“.
“ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, იმედის დედა, დაე, წაგვიძღვეს ამ დიდმარხვის გზაზე”, - წერს პაპი ფრანცისკე.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Commentaires