• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

დონ გაბრიელ ასლანიშვილის მოხსენიება – 25 ოქტომბერი


25 ოქტომბერს კათოლიკე ეკლესია საქართველოში, იხსენებს მამა გაბრიელ ასლანიშვილს. ქართველ კათოლიკე მღვდელს, ჰუმანიტარს, მწიგნობარსა და საზოგადო მოღვაწეს, რომელიც 1931 წელს დახვრიტეს.



დონ გაბრიელ ასლანიშვილი 1860 წელს, ქალაქ ქუთაისში დაიბადა.


პირველდაწყებითი განათლება მიიღო შინ, სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მონტობანში (საფრანგეთი) მიიღო სასულიერო განათლება. ფლობდა ფრანგულ, რუსულ და სხვა ენებს. 1890 წელს, მღვდლად კურთხევის შემდეგ მსახურობდა რუსეთში, მოზდოკში, ქუთაისში, გორსა და როსტოვში. ყველგან ცდილობდა თავისი სამსახური ხალხის სასიკეთო მოღვაწეობით აღენიშნა და ქართველთა განათლება-განვითარებას ყველა ღონისძიებით უწყობდა ხელს.


ქუთაისის სამრევლო სკოლის პროგრამა ისე შეცვალა, რომ სკოლის მოწაფეები პირდაპირ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ახერხებდნენ შესვლას. გიმნაზიაში რამდენიმე სტიპენდია დააარსა ქუთაისის კათოლიკე მრევლს შორის შეგროვილი ფულით, გორში მსახურების დროს ეკლესიას შენობები შემატა, მამულების საქმე მოაწესრიგა, უმამულო გლეხები მესხეთიდან გორს - საბატონო და საეკლესიო მამულებზე დაასახლა და ერთის მხრივ, თუ გორის მრევლი გაზარდა, მეორეს მხრივ გაჭირვებულ ხალხს ცხოვრების სახსარი აღმოუჩინა. ამისთვის საჭირო ფული თვითონ მოკრიბა და გლეხებს გადასცა.


იგი, როგორც ჭეშმარიტი მოძღვარი, მუდამ მრევლის შემწეობასა და ნივთიერ-ზნეობრივ დაწინაურებაზე ზრუნავდა. პირადი მტრობით არაერთგზის დასმენილი და დევნილი სამშობლოს გაშორდა.


დონ გაბრიელ ასლანიშვილი ქართველ კათოლიკეთა შესახებ "ცნობის ფურცელში" წერდა წერილებს. ფრანგულიდან თარგმნა საყმაწვილო კომედიები - "შალვა ანუ მტკიცე პირობა" (ტფ.,1904), შეადგინა "ახალი ქართული ლოცვის წიგნი" და სხვ.

დახვრიტეს 1931 წელს, 71 წლის ასაკში.


აი რას იხსენებს ცნობილი ქართველი პოეტი, მწერალი, ლიტერატორი და მთარგმნელი – თამაზ ჩხენკელი…


„დახვრიტეს დედაჩემის ბიძა დონ გაბრიელ ასლანიშვილი, რომელიც იყო კათოლიკე მღვდელი, საფრანგეთში ჰქონდა განათლება მიღებული, ოთხი ენა იცოდა, თარგმნიდა კიდეც. ზაქარია ჭიჭინაძეს უწერია, რომ დონ გაბრიელ ასლანიშვილი იყო შესანიშნავი მამულიშვილი. 1931 წელს დახვრიტეს, იმიტომ, რომ არც ანაფორა გაიხადა, არც მათ ჭკუაზე არ გადავიდა. გააქრეს, არავინ იცის, სად დახვრიტეს. მისი ნათლული ვარ, რომ მიხვდა, ცუდად მიდიოდა მისი საქმე, მე მომნათლა. თუმცა, მე არც კათოლიკე ვარ, არც მართლმადიდებელი, ღმერთი მწამს, მაგრამ ეკლესიურ ცხოვრებას არ ვეწევი. როგორც იასპერსი ამბობს, ფილოსოფიური ღმერთის მაღიარებელი ვარ. ჩვენს სახლში ორჯერ იღებებოდა კვერცხი, გვიხაროდა ბავშვებს.


დიდედაჩემს დავყავდი ხოლმე კათოლიკურ ტაძარში. ქუთაისში სახლი გვქონდა, კათოლიკური ტაძრისგან პატარა ქუჩა გვყოფდა. ტაძარში იყო ორღანი, არაჩვეულებრივი რამ…“ – თამაზ ჩხენკელი „დილის გაზეთი“ 2001 წლის 26 მაისი


"პატრი დონ გაბრიელ ასლანიშვილი. ორი სურათი, ერთი მოწაფობის დროს და მეორე მღვდლობის.


დღეს დონ გაბრიელ ასლანიშვილი განაგებს ბათუმის ქართველ კათოლიკეთა დიდს ეკკლესიას. დონ გაბრიელი დაიბადა 1860 წ. სწავლა დაამთავრა რომს, იქვე ეკურთხა მღვდლად. იცის ევროპიული და აზიური ენები. ბათუმის ეკკლესიისთვის იგი არის შესაფერი წინამძღვარი, ვინაიდან ეს ეკკლესია სადაო სახეს იღებს, იგი ოდესმე იქნება ქართველ კათოლიკეებს წაართვან კიდეც. დონ გაბრიელი კი ისეთი მოძღვარი გახლავსთ, რომ ეკკლესიას კი არა და ჩხირსაც ვერავინ წაართმევს უსამართლოდ".


ბათუმის რომის ქართველ კათოლიკეთ ეკლესიის წინამძღვარი დონ გაბრიელ ასლანიშვილი დონ გაბრიელ ასლანიშვილი, ანუ სომეხთაგან ასლანოვად წოდებული, შთამომავლობით ქართველია და იგინი სოფ. ბავრელები არიან (ახალქალ. მაზ.).

დონ გაბრიელი დღეს ბათუმის ქართველ კათოლიკეთ ეკლესიის წინამძღვრად გახლავსთ.

დონ გაბრიელ ასლანიშვილი დაიბადა 1860 წ. ქუთაისში. სწავლა მიიღო ჯერ კონსტანტინეპოლს პ. ხარისჭისაშვილის სკოლაში, მერე მომთობანს და რომს, სწავლა დაამთავრა 1890 წ. და მაშინათვე ეკურთხა მღვდლად.


დონ გაბრიელმა იცის ევროპული და აზიური ენები, ზედ მიწევნით და ჩინებულად ქართული ენა, იგი დიდათ მოყვარეა საქართველოს ისტორიის, საქართველოს ყველა საზოგადო საქმეების არსებობასაც გულმხურვალედ ადევნებს თვალყურს.

დონ გაბრიელ ასლანიშვილი ხალხის ცხოვრებაზედ გონიერი შეხედულების არის და მსოფლიო მიმართულების მოძღვარი, ამიტომაც იმეცადინა მან და თავის ძმის წულებს, როგორც ვაჟს, ისე ქალს, მისცა სასწავლა-განათლება.


ქართველ კათოლიკეთა გვაროვნულ პირობებსაც კარგად ადევნებს თვალყურს, ამის შესახებ სწორე მოსაუბრე გახლავსთ. მანვე შეადგინა ქართულს ენაზედ რომის ქართველ კათოლიკეთათვის ფართო სახმარებელი ლოცვის წიგნი და 1906 წ. თფილისში ცალკეც გამოსცა.


დონ გაბრიელი, როგორც მსოფლიო შეხედულების პირი, დიდი მომხრეა ხალხის განათლების და განვითარების, ამიტომაც მისი წადილი დიდი მოწადინეა საქართველოში სკოლების გამრავლების შესახებ. თავის მრევლშიაც იგი ამ მცნებას საქვეყნოდ ღაღადებს. ღარიბ-ღატაკ ერთა გარემოებაც მას ყოველთვის ახსოვს, მრევლში იგი ფხიზლად უმზერს ამ სენს. ამიტომაც მან იმეცადინა და ერთ დროს ახალქალაქის მაზრიდამ, რამდენიმე კომლი ქართველ უმიწაწყლო გლეხები გორში გადმოასახლა, მათ მოუპოვა იჯარით გორისკენ მამულები და დაასახლა, ამ საქმის გამო მას მოუვიდა ბევრი შრომა და ნივთიერად დახარჯვა. ვიდრე ამ გლეხებს დააბინავებდა. თუ არ კაცთ-მოყვარე, უამისოდ ძნელად რომ ვინმემ აიტანოს ასეთი შრომა და ქონების შეწირვაც.


დონ გაბრიელი არის მეტის-მეტი ჭეშმარიტი და მართალი მღვდელი, მას სიმართლე, პატიოსნება და კაცის პიროვნების შეხება ძრიელ ეჯავრება. კაცის ავად მოქცევა, ვისიმე დაჩაგვრა, დაბრიყვება და სხვაც ყველა ასეთნი მისთვის აუტანელია. ასეთ საქმეთა ჩადენას იგი არავის აპატივებს. მკაცრი მოსარჩლეა დაჩაგრულთა და დევნილთა პიროვნების ხელშეუხებლობისთვისაც. კაცთა ცხოვრებაში დონ გაბრიელს სისწორე და ჭეშმარიტება დიდსსაჭიროებათ მიაჩნია. ამით იგი ისეა მომზადებული რომ მას შეუძლიან კარგი ვექილობაც გასწიოს, ამით იგი მომზადებული მღვდელი გახლავსთ. ამიტომაც უფრო სასიამოვნო იყო ის გარემოება რომ დონ. გაბრიელი ბათუმის ეკკლესიის წინამძღვრად ამოირჩიეს, აქ, ამ სადავო წასართმევ ეკლესიას სწორედ ასეთი მღვდელი სჭირია, რომ მან ეკკლესია წარტაცვისაგან დაიცვას. დონ გაბრიელმა ეკკლესიის საქმენი კარგად შემოფარგლა, მოდავეებსაც გული დაუდინჯა, ეკკლესიის შეკეთებაც მოახერხა, საეკკლესიო ადგილის ვალიც გადიხადა, _ სხვაც ბევრი რამ გააკეთა. დღეს ასეა ბათუმის ეკკლესიის საქმე, _ შემდეგ როგორ იქნება, ეს უწყის ღმერთმა" – ზაქარია ჭიჭინაძე, 1900–იანი წლები.


„ცნობის ფურცელი“ 1902, 25 მარტი, ორშაბათი, ნაწყვეტი მასალიდან „წერილი გორიდან“


...“გორში ამ მოკლე დროს გადასახლებულ იქმნენ მესხეთიდან რამდენიმე კომლი ქართველი კათოლიკე უმამულო გლეხები. ამ გლეხებს დიდს ხელმძღვანელობას უწევდა გორისავე ქართველთ კათოლიკეთ მოძღვარი დონ გაბრიელ ასლანიშვილი. ეს გლეხნი

თითქმის ამ პატიოსან მოძღვრის თავოსნობით გადმოსახლდნენ გორს. აქ მათ ამ მოძღვრისაგან ბევრნაირი მამაშვილური დახმარება და დარიგება დახვდათ და იგინი თთქმის ამ პატიოსანი მოძღვრის ხელის წარმატებით ფიქრობდნენ ქართლში ფეხის გამაგრებას. მაგრამ უცებ მათს ბედს ტაროსი შეეცვალა და ამ მოძრვრის გორიდან სხვა ქალაქში გადაყვანას ლაპარაკობენ, რომლის შესახებ ცნობებიც არის მოსული.


ეს გარემოება ხსენებულ გლეხთა პირდაპირი ყელის გამოჭრა არის და მთელის მათის პატარა შვილების დაღუპვა. უცხო ქვეყანას, უცხოთა შორის, ქართველ მესხებმა რა უნდა ჰქნან, თუ მათ სიღატაკესთან ერთად არ ეყოლებათ ისეთი გულ შემატკივარი პატიოსანი მოძღვარი, როგორიც პატრი გაბრიელ ასლანიშვილია, რომელიც ამ ღატაკ გლეხთა ოჯახების გამაგრების სასარგებლოდ არას იშურებდა და მათ თითქმის ყოველნაირი სახსარი მოუპოვა ქართლში დამკვიდრების და ფეხის გამაგრებისთვის. მეტად დიდი


დიდი უბედურება არის ამ მოძღვრის აქედან სხვაგან წასვლა ხსენებულ ღატაკ გლეხთა ცხოვრებისათვის. გლეხებს მან მოუპოვა თ.დ. ერისტავის მამულებზე 200 დესეტინა ადგილები. ამას გარდა, მუქთათ მისცა გორის საეკკლესიო ძველი სახლი და მასთან სხვა–და–სხვა საეკლესიო მამულებიც. ამას გარდა, მათვე მოუპოვა შემწირველობით სახსარი საქონლის მოშენების, ხვნა–თესვის და სხვა–და–სხვა ხელ წასამართ სახსრისა, რაც გლეხთა ცხოვრებისათვის მკურნალ მალამოდ ჩაითვალა და დღეს კი ასეთ პატრონ მამა მოძღვარ მფარველს აქედამ აშორებენ და სხვაგან გადაჰყავთ, რაც, რასაკვირველია, არც ჩვენი საზოგადოებისთვის უნდა იქმნეს სასიამოვნო. ამ საშვილიშვილო საქმისათვის ჩვენმა მამულიშვილმა სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა 1000 მ. შესწირა გლეხებს, რაც დიდს დახმარებად ჩაითვალა. იმედოვნებენ ეს ახალ მოსახლე გლეხნი, რომ ასეთი მოწყალება მათ სხვათაგანაც არ მოაკლდებათ. ზ–ია“.




Catholic.ge