top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ევროკავშირის დროშის ისტორია

67 წლის წინ, 1955 წლის 8 დეკემბერს, ქალწული მარიამის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულზე, ევროსაბჭოს კომიტეტმა ევროკავშირის დროშის პროექტი დაამტკიცა.


ბიბლიური სიმბოლიკა


დროშა, რომელიც წარმოდგენილია ცისფერ ფონზე თორმეტი ხუთქიმიანი ვარსკვლავით, არსენ ჰეიტცის პროექტის მიხედვით შეიქმნა, რაც მოგვიანებით, 1985 წელს ევროპის კავშირში შემავალი ქვეყნების საერთო დროშა გახდა. დროშაზე დიდი ყურადღება ეთმობა ქრისტიანულ რელიგიას, განსაკუთრებით კი ახალი აღთქმიდან იოანე მოციქულის გამოცხადებას.


საინტერესოა, რომ 1955 წელს, დროშის ორი დიზაინიდან ერთ-ერთის შესარჩევად კენჭისყრა, მინისტრთა კომიტეტში თავდაპირველად 9 დეკემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს თარიღი შეიცვალა.


მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ოფიციალურად შემთხვევითობის პრინციპად ჩათვალეს, პროექტის ავტორმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა იდეა და ცნობები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა დიზაინის შექმნისას.


ავტორი წარმოშობით სტრასბურგიდან იყო, სადაც, ადგილობრივ საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლის ულამაზესი ქანდაკება იდგა. იგი გამოცხადების წიგნის ფრაგმენტს ასახავდა: “მაშინ დიდი ნიშანი გამოჩნდა ცაზე. ქალი მზით შემოსილი, რომელსაც ფეხქვეშ მთვარე ჰქონდა, თავზე კი გვირგვინი ედგა თორმეტი ვარსკვლავით შემკული”.


ოფიციალური განმარტებით, დროშაზე დატანილი 12 ვარსკვლავი დაკავშირებულია რიცხვ “12”–თან. მას აქვს ბიბლიური ფესვები და ასოცირდება ისრაელის 12 შტოსთან. ასევე 12 საათთან, წელიწადში 12 თვესთან, 12 მოციქულთან და სხვა. ასევე ბევრი ბიბლიური განმარტებაა მოცემული რიცხვისა, რაც ნათლად ასახავს უფლის წესრიგისა და სრულყოფილების სიმბოლოს.


მრავალეროვნული გაერთიანება


შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ევროსაბჭოს შტაბი სტრასბურგში მდებარეობს. შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა ამ სიმბოლური რიცხვში – „12“ ამავე კავშირის წევრი სახელმწიფოების რაოდენობა დაინახოს, თუმცა ეს თეზისი არ შეესაბამება სინამდვილეს. დროშის მიღების დროს, საბჭოს უკვე 14 სახელმწიფო ჰყავდა. უფრო გონივრული ჩანს დროშის სიმბოლიზმის მიმაგრება ევროპის ერებს შორის სოლიდარობისა და ჰარმონიის იდეასთან, რაც, როგორც ჩანს, პირდაპირი შედეგია ევროკავშირის დევიზისა, რომელიც ლათინურად ასე ჟღერს: „In Varietate Concordia“, რაც ნიშნავს - “ერთიანობა მრავალფეროვნებაში”.


ევროპის კავშირის სიმბოლო


მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ დროშის დიზაინის ავტორმა, არსენ ჰეიცმა ერთ-ერთ მონათხრობში განმარტა, რომ დიზაინის პროექტირებისას, შთაგონება მიიღო წმინდა იოანე მოციქულის გამოცხადების მიხედვით შექმნილი ღვთისმშობლის გამოსახულებიდან, რომელსაც თავზე გვირგვინი ადგას და თორმეტი ვარსკვლავითაა შემკული.


ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში დროშის ასზე მეტი დიზაინი იყო წარმოდგენილი. ჰაიტცი მეოცე წარსდგა. ეს ფრანგი კარიკატურისტი იმ დროისათვის ევროპის საბჭოს ფოსტის თანამშრომელი იყო.


რაც მთავარია, 1983 წელს ევროპის საბჭოს დროშა ევროპული გაერთიანებისათვის

მისაღებ სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ასე რომ, 1985 წლის ივნისში, მილანში, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ეს დროშა ასევე იქნებოდა ევროპის დროშა, როგორც სახელმწიფოთა თანამეგობრობის სიმბოლო. მოგვიანებით, 1986 წლის 29 მაისს, იგი საზეიმოდ ჩამოკიდეს ევროკომისიის შტაბ-ბინის წინ, ბრიუსელში. რა თქმა უნდა, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ჰანგების ფონზე – „სიხარულის ოდა“.. - ეს მელოდია ევროკავშირის ოფიციალური ჰიმნია.


შოთა გიქოშვილი


Comments


bottom of page