• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ეპარქიათაშორისი უმაღლესი სასულიერო სემინარია 'მარიამი - დედა ეკლესიისა'


სემინარისტი ილია შაბაშვილი ყაზახეთში, კათოლიკურ სემინარიაში სწავლობს. იგი ფილოსოფიის II კურსის სტუდენტია. გთავაზობთ მის მონათხრობს სემინარიის შესახებ. სტატია ჟურნალ „საბას“ 2022 წლის მაისის ნომერში დაიბეჭდა.



მსურს, გიამბოთ სემინარიისა და სემინარისტების ცხოვრების შესახებ. ყაზახეთის სემინარიაში დღესდღეობით სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან, ასევე რუსეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან. ყოველი ჩვენგანი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება მენტალიტეტითა და ხასიათით, მაგრამ ვცდილობთ, ვისწავლოთ ერთმანეთთან თანაცხოვრება. მთავარი, რაც გვაერთიანებს, არის ქრისტე, რადგან აქ ჩამოვედით ჩვენი სამღვდელო მოწოდების გასაღრმავებლად და ფორმაციის გასავლელად. ერთად ვლოცულობთ, ვსწავლობთ სხვადასხვა საგანს, ფილოსოფიას, თეოლოგიას, დღეში ხუთი ლექცია გვაქვს. სემინარიის დღის წესრიგი ასეთია: დილის 6 საათზე იწყება მედიტაცია ღვთის სიტყვის შესახებ და აღევლინება წმიდა წირვა, რის შემდეგაც მივდივართ სასაუზმოდ. საუზმის შემდგომ ლექციები გრძელდება სადილამდე. კვირაში ორჯერ გვაქვს გარეთ გასვლის საშუალება, სხვა შემთხვევაში სადილის შემდეგ არის შუადღის ჟამი, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალურ მეცადინეობას ჩვენს პირად სივრცეში ანუ ოთახში. ზოგი ემზადება მეორე დღის ლექციებისთვის, ზოგი კითხულობს ფილოსოფიურ ან თეოლოგიურ ლიტერატურას, ზოგიც რაიმე თემაზე მუშაობს. საღამოს ექვს საათზე მწუხრის ლოცვებია. ვახშმის შემდეგ კი ორი საათით მოგვეწოდება ინტერნეტი და გვეძლევა შესაძლებლობა, დავურეკოთ მშობლებს, ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს, ან კიდევ უბრალოდ რომელიმე სოციალური ქსელით ვისარგებლოთ. ცხრა საათზე იწყება თაყვანისცემა და დილამდე გრძელდება ,,SILENCIUM“-ი. შემდგომ დგება სასულიერო ლიტერატურის კითხვის დრო თერთმეტის ნახევრამდე. გვაქვს ასევე თავისუფალი დრო, როდესაც შეგვიძლია შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი განცდები, ვიცინოთ, ვიკამათოთ და ვიხალისოთ. ვცდილობთ, ერთი ოჯახივით ვიცხოვროთ, ეს ზოგჯერ ძნელია, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო, რადგან ვიზრდებით როგორც ინტელექტუალურად, ასევე სულიერად.


შესაძლოა, ასეთი განრიგი ვინმეს ძალიან რთული ეჩვენოს. თავდაპირველად, როდესაც სემინარიაში შევედი, მეც ასეთი რეაქცია მქონდა, ვფიქრობდი, რომ საშინელი განრიგია, ამინდიც საშინელი, -20-30 გრადუსი ყინვა. ვიფიქრე, რომ აქ ვერ გავძლებდი და სჯობდა ისევ საქართველოში დავბრუნებულიყავი. მახსოვს, ერთმა მღვდელმა მითხრა, ბავშვივით კი არ უნდა შეუშინდე სიძნელეებს და გაიქცე, არამედ, პირიქით, უნდა გაუმკლავდე ყოველივესო. ამან დამაფიქრა, გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი და მესინჯა, გამომეცადა საკუთარი თავი. ახლა უკვე მეორე კურსზე ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე მოსვლა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ ვგრძნობდი სემინარიის აღმზრდელთა და კურსელთა თანადგომას, ასევე მამხნევებდნენ სასულიერო პირები და მრევლი საქართველოდან, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ფორმაცია სემინარიაში ეხმარება ყველას ნამდვილი მოწოდების აღმოჩენაში, ეს კი ყველაზე მთავარია.


ქართველი სემინარისტები – ილია შაბაშვილი და პაატა ჩუბინიძე

ილია შაბაშვილი

ჟურნალი "საბა"/ 2022, მაისი