top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ერთიანობა არ ნიშნავს ერთგვაროვნებას' - მამა ბენიამინი


ძვირფასო მეგობრებო,

ეკუმენიზმი გაცილებით მეტია, ვიდრე სიტყვა. ეს არის გზა, მოვალეობა, რომელიც გვიხმობს, რომ გავიხედოთ ჩვენს განსხვავებებს მიღმა და თავი შევიგრძნოთ კაცობრიობის დიდი ოჯახის ნაწილად.


თავად იდეა, რომ „ეკუმენიზმი მთელ კაცობრიობასთან იდენტიფიცირებას ნიშნავს“, ერთიანობის მიმართ გვიძლიერებს პასუხისმგებლობას, ეს არ არის მხოლოდ აბსტრაქტული იდეა, ეს უფრო მეტად კონკრეტული გამოცდილებაა, რასაც ყოველი ადამიანი განიცდის, მთელი თავისი მრავალფეროვნებით, თავისი ისტორიითა და ცხოვრებისეული გზით.


არ შეიძლება კაცობრიობის დაყოფა გარკვეულ კატეგორიებად, თითქოს თითოეულ ჩვენგანს შეიძლება მივაკეროთ ისეთი იარლიყები, როგორიცაა ,,კარგი“ ან ,,ცუდი“, ,,სამართლიანი“ ან ,,უსამართლო“, ,,წმიდა“ ან ,,ცოდვილი“. ეს რედუქციული ხედვა უპირისპირდება პიროვნების კომპლექსურობას, სიღრმესა და სილამაზეს. ყოველი ადამიანი უნიკალური სამყაროა, სისუსტისა და სიძლიერის, სინათლისა და ჩრდილის ნაზავი. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას მივუყვებით, არასრულყოფილნი ვართ, მაგრამ გვასულდგმულებს აზრის, სიყვარულისა და ჭეშმარიტების ძიება. ვერცერთ ჩვენგანს ვერ წარმოაჩენს მთელი სისრულით რომელიმე ერთი თვისება; ჩვენ დღენიადაგ ვიზრდებით და ვყალიბდებით შეძენილი გამოცდილებითა და ურთიერთობებით.


ერთიანობის ძიებაში არ უნდა უგულებელვყოთ ჩვენ შორის არსებული განსხვავებები, პირიქით, უნდა დავაფასოთ ისინი. ჭეშმარიტი ეკუმენიზმი არის იმის აღიარება, რომ ყველა კულტურას, ყველა ტრადიციას, ნებისმიერ ადამიანურ გამოცდილებას თავისი წვლილის შეტანა შეუძლია კაცობრიობის მოზაიკის გამრავალფეროვნებაში. ამ თვალსაზრისით, ერთიანობა არ ნიშნავს ერთგვაროვნებას, ეს არის ხელოვნება განსხვავებების ქცევისა ისეთ ქსოვილად, რომელიც  ასახავს მთელი კაცობრიობის სილამაზეს. გობელენის ძაფების მსგავსად, თითოეული ჩვენგანი საკუთარ ფერს, საკუთარ შუქ-ჩრდილს ვიძლევით და ერთად ვქმნით სრულყოფილ და ნათელ სურათს.

ეკუმენური ვალდებულება მოგვიწოდებს, რომ გავისიგრძეგანოთ ყველა ადამიანის ოცნება, სიხარული და ტკივილი, განურჩევლად ყველასი. ეს ნიშნავს ცრურწმენის, გულგრილობისა და შიშის ბარიერების დაძლევას და იმის გაცნობიერებას, რომ რელიგიურ, კულტურულ თუ სოციალურ განსხვავებათა მიღმა, ჩვენ გვაკავშირებს სიყვარულისა და სამართლიანობის ერთი და იგივე წყურვილი. როდესაც სხვა ადამიანს ვაღიარებთ ჩვენს და-ძმად, თავიანთი სიმყიფითა და მისწრაფებებით, მხოლოდ მაშინ შევძლებთ ნამდვილი მშვიდობიანი საზოგადოების აგებას.

ამრიგად, ეკუმენიზმი არის კაცობრიობის მიმართ რწმენა; რწმენა იმისა, რომ მიუხედავად ჩვენი არასრულყოფილებისა, თითოეულ ჩვენგანს გააჩნია შინაგანი ღირსება. ეს რწმენა გამოიხატება კონკრეტულ ვალდებულებაში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში თანაგრძნობის, სამართლიანობისა და იმედის ცხოვრებისეულ მოვალეობებში. ეკუმენიზმი არ არის მხოლოდ აზროვნების გზა, ის ცხოვრებისეული გზაა, რომელიც გვიხმობს, რომ გარდავქმნათ ჩვენ ირგვლივ არსებული სამყარო და ვაქციოთ იგი ყველასთვის გულღია და ერთიანობის ადგილად.


მოდით, გადავდგათ ნაბიჯი წინ, ერთიანობის ამ ხედვისაკენ, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებით, ყველა შემხვედრის მიმართ მზაობითა და მოსმენით. ასე ნამდვილად შევძლებთ იმის თქმას, რომ ჩვენ ვართ უფრო ძმური, უფრო სამართლიანი და უფრო ერთიანი საზოგადოების აღმშენებლები.

მამა ბენიამინ ბეთ-იადეგარი

 ჟურნალი "საბა"/ 2025.01

Comentários


bottom of page