top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ერთნაირსქესიანთა კურთხევა, ქალთა ხელდასხმა – პაპი კარდინალების შეკითხვებს პასუხობს

პაპმა ფრანცისკემ პასუხი გასცა ხუთი კარდინალის მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც გამოცხადებებს, ერთნაირსქესიანთა კავშირის კურთხევას, სინოდურობას, ქალების მღვდლად ხელდასხმასა და ცოდვების მიტევებისთვის სინანულის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.


კარდინალებმა ბრანდმიულერის, ბერკის, სანდოვალის, ინიგესის, სარას და ძენ ძე-კიუნიდან პაპ ფრანცისკესთან ხუთი მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრეს, რომელთა შესახებაც მოითხოვეს პასუხები. პაპმა იერარქებს პასუხები გასცა, თუმცა მანამდე აღნიშნა: “მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ყოველთვის არ არის გონივრული ვუპასუხო ყველა შეკითხვას და ხშირად ეს შეუძლებელიც კია, ამ სიტუაციაში ვთვლი, რომ საჭიროა გიპასუხოთ“.


შეკითხვები შეეხებოდა:


1. საღვთო გამოცხადებას;

2. ერთნაირსქესიანთა კავშირის კურთხევას;

3. სინოდურობას, როგორც ეკლესიის განმსაზღვრელ განზომილებას;

4. ქალების მღვდლად ხელდასხმის საკითხს;

5. სინანულს, როგორც აუცილებელ პირობას ცოდვების მიტევებისათვის აღსარების საიდუმლოში.


კარდინალების პირველი შეკითხვა – ღვთაებრივი გამოცხადების ინტერპრეტაციის შესახებ: „უნდა განაახლოს თუ არა ეკლესიამ საღვთო გამოცხადება ჩვენი ეპოქის კულტურული ცვლილებებისა და ამ ცვლილებებით გამოწვეული ახალი ანთროპოლოგიური შეხედულებების შესაბამისად? თუ ღვთაებრივი გამოცხადება ყოველთვის სავალდებულოა? არის ის უცვლელი, რომელიც არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ვატიკანის მეორე კრების მითითებას, რომ ღმერთმა, გამოცხადების მომცემმა უნდა მოგვცესრწმენის მორჩილება?


„პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მნიშვნელობას მივცემთ სიტყვას „ხელახალი ინტერპრეტაცია“. თუ ეს გაგებულია, როგორც "საუკეთესო ინტერპრეტაცია", მაშინ ეს სწორია. ამ თვალსაზრისით, ვატიკანის მეორე კრებამ დაადასტურა, რომ აუცილებელი იყო ეგზეგეტების - და მე დავამატებ, თეოლოგების შრომით - "ეკლესიის მსახურება მომწიფებულიყო" (Dei Verbum 12)“.


პაპი დასძენს, რომ ეკლესიას უნდა ეყოს თავმდაბლობა და აღიაროს, რომ ვერასდროს ამოწურავს თავის ზე-აღმატებულ სიმდიდრეს, არამედ უნდა გაიგოს ის და გაიზარდოს მასთან ერთად.


„კულტურული ცვლილებები და ახალი ისტორიული გამოწვევები ვერ შეცვლიან გამოცხადებებს, თუმცა მათ შეუძლიათ ჩვენში აღძრანმისი უხვი სიმდიდრის უკეთ დანახვის შესაძლებლობა. ეს აუცილებლად უკეთ წარმოაჩენს ზოგიერთ ადრინდელ სწავლებას. მეორეს მხრივ, მართალია, რომ სწავლება ვერ იქნება ღვთის სიტყვაზე აღმატებული, თუმცა ისიც მართალია, რომ წმინდა წერილის ტექსტები და ტრადიციის ჩვენება ინტერპრეტაციას მოითხოვს, რათა განასხვაოს მათი უცვლელი არსი. მაგალითად, ბიბლიურ ტექსტებში და სწავლების ზოგიერთ გამონათქვამში, რომელიც გამოხატავს მონობის შემწყნარებლობას. იგივე ეხება ქალების შესახებ ახალი აღთქმის ზოგიერთ დისკუსიას (1კორ. 11:3-10; 1ტიმ. 2:11-14) და წმინდა წერილების სხვა ტექსტებსა და ტრადიციის მოწმობებს, რომელთა ზუსტად გადმოტანა დღეს შეუძლებელია".


მეორე კითხვა – ერთნაირსქესიან წყვილთა კურთხევა:


ეკლესიას ქორწინების მკაფიო კონცეფცია აქვს, ეს არის ერთადერთი, სტაბილური და ურყევი კავშირი მამაკაცსა და დედაკაცს შორის, რომელიც ბუნებრივი გზებით არის მიმართული გამრავლებისაკენ. მხოლოდ ეს კავშირი შეიძლება იყოს ქორწინება. კავშირთა სხვა ფორმები მას მხოლოდ ნაწილობრივ და მიმსგავსებულად (Amoris laetitia 292) გამოხატავენ, ამიტომ, ვერ ვუწოდებთ მათ ვიწრო გაგებით ქორწინებას. თავად ეს სიტყვა ვერ იქნება გამოყენებული იმასთან მიმართებაში, რაც არ არის სრული გაგებით ქორწინება.

ამიტომ, ეკლესია თავს არიდებს ყოველგვარ რიტუალსა თუ საიდუმლოებას, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ რწმენას და სავარაუდოს ხდიდეს, თითქოს ქორწინებად აღიარებული იყოს ის, რაც სინამდვილეში არ არის“.


პაპი დასძენს, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში, საჭიროა მწყემსური გულმოწყალების გამოჩენა, რომელიც გამოიხატება თავაზიანობაში, მოთმინებაში, გაგებაში, სიმშვიდესა და გამხნევებაში. მწყემსურმა წინდახედულობამ სათანადოდ უნდა შეიცნოს კურთხევის ფორმები, რათა ისინი არ იქცნენ ქორწინების კონცეფციის არასწორ გამოხატულებად. არის სიტუაციები, რომლებიც მორალურად მიუღებელია ობიექტური თვალსაზრისით, თუმცა მწყემსური გულმოწყალება მოგვიწოდებს, არ მოვექცეთ ადამიანებს უბრალოდ ცოდვილებად, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება იყოს ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ დანაშაულის სუბიექტურ პასუხისმგებლობაზე. (შედარ. Reconciliatio et Paenitentia 17).


გადაწყვეტილებები, რომლებიც ზოგიერთ ვითარებაში შეიძლება ჩაითვალოს მწყემსურ წინდახედულობად, არ უნდა გახდეს ნორმა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერი ეპარქიის, ეპისკოპოსთა კონფერენციის ან სხვა საეკლესიო სტრუქტურისთვის შეუსაბამოა მუდმივ და ოფიციალურ საფუძველზე დააწესოს პროცედურები და რიტუალები“.


კარდინალთა მესამე შეკითხვა – სინოდურობა


„ეპისკოპოსთა სინოდი არ წარმოადგენს ეპისკოპოსთა კოლეგიუმს, არამედ მხოლოდ სათათბირო ორგანოს. სინოდალურობა შეიძლება იყოს ეკლესიის მუდმივი მმართველობის კრიტერიუმი, მისი შემოქმედის მიერ განსაზღვრული სტრუქტურის დარღვევის გარეშე, რომლის ძალითაც ეკლესიაში უზენაეს და სრულ ხელისუფლებას ახორციელებს როგორც პაპი, ასევე ეპისკოპოსთა კოლეგიუმი რომის პონტიფიკთან ერთად.


სწორედ ამ კითხვებით, თქვენ აჩვენებთ მონაწილეობის, თავისუფალი გამოხატვისა და თანამშრომლობის აუცილებლობას და ითხოვთ სინოდალურობის გარკვეულ ფორმას ჩემი მსახურების აღსრულებაში.


ეკლესია - არის მისიონერული თანაზიარების საიდუმლო, ეს თანაზიარება არ არის აბსტრაქტული, არამედ მოიცავს რეალურ მონაწილეობას არა მხოლოდ იერარქიის, არამედ ღვთის ხალხისაც სხვადასხვა ფორმითა და სხვადასხვა დონეზე. მეორე მხრივ, არ უნდა დაწესდეს გარკვეული სინოდალური მეთოდოლოგია, რომელიც მოსწონს გარკვეულ ჯგუფს და ყველასთვის სავალდებულო გზად აქცევს. ეს მხოლოდ და მხოლოდ გაყინავდა სინოდალურ გზას და იქნებოდა ადგილობრივი ეკლესიების სპეციფიკის უგულებელყოფა“.


მეოთხე საკითხი – ქალების მღვდლად ხელდასხმა:


კარდინალები კითხულობენ, არის თუ არა ქალების ხელდასხმის შეუძლებლობა ეკლესიის საბოლოო სწავლება?


პაპი ფრანცისკე აღნიშნავს, რომ წმინდა იოანე პავლე II–ს, ქალის მღვდლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებაზე საუბრისას, არ მიუცია მამაკაცებისთვის ქალებზე უფრო მაღალი უფლებამოსილება. მიუხედავად იმისა, რომ ევქარისტიას მხოლოდ მღვდელი აღასრულებს, ეს მას არავითარ შემთხვევაში არ ანიჭებს სხვებზე რაიმე უპირატესობას. სანამ მორწმუნეები ამას საკმარისად არ გააცნობიერებენ, მათ გაუჭირდებათ იმის აღიარება, რომ მხოლოდ მამაკაცები შეიძლება იყვნენ მღვდლები და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ქალების უფლებებს ან მათი მონაწილეობის აუცილებლობას ეკლესიის მართვაში სხვადასხვა გზით.


მეორეს მხრივ, უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ დღემდე არ შემუშავებულა საბოლოო გადაწყვეტილების ზუსტი ხასიათის მკაფიო და ავტორიტეტული დოქტრინა. აქ საუბარი არ არის დოგმატურ განსაზღვრებაზე, ამის მიუხედავად, იგი ყველამ უნდა მიიღოს.არავის შეუძლია მასზე საჯაროდ დავა, თუმცა ეს შეიძლება იყოს განხილვის საგანი, როგორც ეს იყო ანგლიკანურ საზოგადოებაში ხელდასხმასთან დაკავშირებით.


კარდინალების მიერ დასმული მეხუთე შეკითხვა – მონანიების საიდუმლოს შესახებ – რამდენად აქტუალურია დღემდე ტრიდენტის კრების სწავლება, რომლის თანახმად, ჭეშმარიტი აღსარებისთვის აუცილებელია მომნანიებელმა უარყოს ჩადენილი ცოდვა, ხელმეორედ არჩადენის განზრახვით. წინააღმდეგ შემთხვევაში მღვდელმა ცოდვების მიტევება მანამდე უნდა გადადოს, სანამ ეს მდგომარეობა არ იქნება დაცული?


„მონანიება აუცილებელია ცოდვების ჭეშმარიტი მიტევებისათვის და გულისხმობს განზრახვას აღარ შესცოდოს, თუმცა აქ მათემატიკას ვერ ჩავრთავთ და მე კვლავ მსურს შეგახსენოთ, რომ აღსარება არ არის საბაჟო“.


პაპი განმარტავს, რომ მონანიების გამოხატვის უამრავი ფორმა არსებობს. „ხშირად, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანისათვის საკუთარი დანაშაულის აღიარება მძიმე წამებას წარმოადგენს, მაგრამ ის ფაქტის, რომ ასეთი ადამიანები აღსარებისას აღიარებენ ცოდვებს, სინანულისა და ღმერთის დახმარების ძიების სიმბოლური გამოხატულებაა.


მე ვთვლი, რომ არ უნდა მოვითხოვოთ მორწმუნეებისგან გამოსწორების ზედმეტად მკაფიო და თავდაჯერებული განზრახვები, რადგან საბოლოოდ, ისინი შეიძლება იყოს აბსტრაქტული ან ნარცისული, მაგრამ ახალი დაცემის პროგნოზირებადობაც კი არ ანადგურებს განზრახვის ავთენტურობა“, - ციტირებს პაპი წმინდა იოანე პავლე II-ის სიტყვებს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page