ერთსქესიანთა ქორწინება, აბორტის მომხრე პოლიტიკოსების ზიარების საკითხი და ვაქცინაციის ირგვლივ ეპარქიებში გაჩენილი უნდობლობა – ამ თემებზე ბრატისლავიდან დაბრუნებისას, პაპს თანმხლებმა ჟურნალისტებმა, ჰკითხეს. Catholic.ge გთავაზობთ პაპის საინტერესო პასუხებს.
იტალიელმა ჟურნალისტმა პაპს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა სტრასბურგში მიღებულ ერთსქესიანთა ქორწინების რეზოლუციის შესახებ.
„ქორწინება არის საიდუმლო, ეკლესიას არ აქვს უფლება შეცვალოს საიდუმლო, რომელიც თვით უფალმა დაადგინა ისეთი ფორმით, როგორიც ის არის.
არსებობს კანონები, რომლებიც მიმართულია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთა დასახმარებლად.
აღსანიშნავია, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს საშუალება მათ დაეხმაროს, როგორც თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებს. მათ უნდა ჰქონდეთ ქონების, ჯანდაცვისა და სხვა მსგავსი საშუალებების უფლება. ეს არა მხოლოდ განსხვავებული სექსუალური ტრადიციის მქონე ადამიანებსეხება, არამედ ყველას, რომლებსაც სურთ გაერთიანება. თუმცა ქორწინება რჩება ქორწინებად.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უნდა განვიკითხოთ ისინი. ისინი არიან ჩვენი ძმები და დები, მათ უნდა დავეხმაროთ და ეს სულაც არ არის ქორწინებასთან, როგორც საიდუმლოსთან კავშირში, რომელიც მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის უნდა შედგეს. ხშირად შეცდომაში შევდივართ. ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანია, ღმერთი ყველას მიმართ მოწყალეა, მას ყველას ცხონება სურს, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ დააძალებთ ეკლესიას გადაუხვიოს ჭეშმარიტებიდან. ბევრი ადამიანი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით მიდის აღსარებაზე, მღვდელს სთხოვენ რჩევებს, ეკლესია ყველას უნდა დაეხმაროს, მაგრამ ქორწინების საიდუმლო სულ სხვაა“.
შეერთებული შტატებიდან ჩასულმა ჟურნალისტმა პაპს ჰკითხა იმ პოლიტიკოსების ზიარების შესახებ, რომლებიც აბორტს ახალისებენ.
“მე არასდროს არავისთვის მითქვამს უარი ზიარებაზე, არც კი მსმენია მსგავს სიტუაციაზე. მოგიყვებით ერთ შემთხვევაზე, რომელიც მოხდა ჩემი ერთ–ერთი ვიზიტისას მოხუცთა თავშესაფარში. წმინდა წირვისას ვიკითხე, თუ ვინ იღებდა ზიარებას? ხელი ყველამ ასწია, ზიარების შემდეგ, ერთმა ბებომ მადლობა გადამიხადა და დასძინა, რომ იგი ებრაელია. მე კი ვუპასუხე, რომ ვინც მან მიიღო ახლა, ისიც ებრაელია.
ზიარება არ არის ჯილდო სრულყოფილებისათვის, ვიფიქროთ იანსენიზმზე. ზიარება არის მადლი, საჩუქარი, იესოს ყოფნა ეკლესიასა და საკრებულოში. ის, ვინც არ არის საკრებულოში, ვერ ეზიარება, ისე, როგორც ეს ებრაელი ქალი, თუმცა უფალმა იგი დააჯილდოვა ჩემს გარეშე. საკრებულოს არ ეკუთვნის ის, ვინც მას ჩამოშორებულია, ისინი ან მოუნათლავნი არიან, ან თავად ჩამოშორდნენ მას.
რაც შეეხება აბორტს, ეს არის მკვლელობა. აბორტის გამკეთებელი კლავს, ამაში არ არსებობს ორი აზრი. ეკლესია მკაცრია ამ საკითხზე, ვინაიდან მისი მიღება იქნებოდა ყოველდღიურ მკვლელობაზე თანხმობა.
წმინდა მამამ, დააზუსტა პასუხი პოლიტიკოსების ზიარების შესახებ და თქვა, რომ აქ საუბარი არა საღვთისმეტყველო, არამედ სამწყსო საკითხზეა. ხანდახან ზოგიერთი ეპისკოპოსი სამწყსო საქმიანობის ნაცვლად დაკავებულია პოლიტიკური საქმიანობით. აუცილებელია ჩამოშორებულთათვისაც ბოლომდე დარჩე მწყემსად. ყველა უფლის შვილია, მათ სჭირდებათ ჩვენი მწყემსური სიახლოვე, მწყემსი კი თავის მხრივ ისე წყვეტს, როგორც სულიწმიდა კარნახებს მას.
სლოვაკმა ჟურნალისტმა პაპს ვაქცინაციის შესახებ ჰკითხა და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა ორად გაყო სლოვაკი ქრისტიანები. ერთის მხრივ მათ გაიგეს წმინდა მამის მოწოდება, რომ აცრა სიყვარულის გამოვლინების აქტია, თუმცა ეპარქიებში აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებააქვთ. როგორ შევჯერდეთ ამ საკითხზე? – ჰკითხა ჟურნალისტმა.
“ეს ყველაფერი ცოტა უცნაურია, იმიტომ, რომ ადამიანი უკვე დიდი ხანია მეგობრობს ვაქცინებთან”, – აღნიშნა პაპმა. “კარდინალთა კოლეგიუმშიც არიან ნეგაციონისტები. ერთ–ერთი მათგანი ამჟამად საავადმყოფოში ებრძვის ვირუსს. ეს ბედის ირონიაა”, – დასძინა პაპმა. „ვერ ვხსნი ამ მოვლენას. ზოგიერთები ამბობენ, რომ ვაქცინა არ არის სათანადოდ გამოცდილი. უნდა აღინიშნოს, რომ ვატიკანში თითქმის ყველა აცრილია, ხოლო დარჩენილ ნაწილს ვცილობთ როგორმე დავეხმაროთ”.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments