top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

„ეს არის ზედმეტი აჟიოტაჟი, ალბათ ჩვენ მეტად უნდა აგვეხსნა“ - მინისტრი საშობაო ღამისთევაზე


საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ რელიგიურ უმცირესობებს საშობაო ღამისთევაზე დასასწრებად ხელი შეეწყობათ და ეს მთავრობას თავიდანვე გათვალისწინებული ჰქონდა: „ეს არის ზედმეტი აჟიოტაჟი, შეიძლება ჩვენ უნდა დაგვემატებინა, მეტი კომუნიკაცია, მეტი ახსნა ამ საკითხში. თავდაპირველადვე იყო გათვალისწინებული, რომ ეს სისტემა იმუშავებდა იგივენაირად, როგორც გაზაფხულზე და დავადასტურებ, რომ ყველა კონფესიის და რელიგიური მიმდევარის უფლება იქნება დაცული, განურჩევლად მისი რელიგიური მრწამსისა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.


მისივე თქმით, პრემიერის განცხადება, რომ ღამის 21:00 საათიდან გამთენიის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ ახალი წლის ღამესა და 6 იანვრის მართლმადიდებლურ ეკლესიაში საშობაო ღამისთევისთვის იქნება მოხსნილი, ასევე სხვა კონფესიებსაც მოიცავდა:

„ჩვენი მოსახლეობის ძირითადი და უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენი უქმე დღეებიც დაკავშირებულია მართლმადიებლური ეკლესიის დღესასწაულებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ ამ კონფესიების ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით მანამდეც, როგორც ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე, როგორც რელიგიის სააგენტო, ასევე ჩვენი საკოორდინაციო შტაბი ძალიან მჭირდო კონტაქტში იყო ყველა ამ რელიგიურ კონფესიებთან და უშუალოდ საკოორდინაციო შტაბის მიერ გაცემული საშვებით ხდებოდა ამ ადამიანებისთვის იმ უფლების დაცვა, რომელიც მათ აქვთ. მათ აქვთ სრული უფლება აღნიშნონ დღესასწაული იმ დღეებში, როდესაც ეს არის მათი რელიგიით გათვალიწინებიული“, - განაცხადა ვიცე-პერმიერმა.


მისივე თქმით, რეგიონებში, სადაც რელიგიური უმცირესობები ცხოვრობენ, ადგილობრივი საკოორდინაციო შტაბი მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ უნდა მიეცეთ მათ უფლება დღესასწაულების აღნიშვნისა.


„იცით, რომ არის კათოლიკური საზოგადოებით დასახლებული რეგიონები, სადაც უკვე ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივი საკოორდინაციო შტაბი მიიღებს იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც იმ რეგიონისთვის უფრო მეტად არის საჭირო“.


შეგახსენებთ, რომ გუშინ 26 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათის დაბრუნებისა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს შეზღუდვა მხოლოდ 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს და 6 იანვარს, მართლმადიდებელ ეკელსიაში საშობაო ღამისთევისთვის მოიხსნება. პერმიერის გიორგი გახარიას განცხადებას რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისა და უფლებადამცველების პროტესტი მოჰყვა.


როგორც კათოლიკურ ეკლესიაში განმარტავენ, რელიგიური უმცირესობები ერთობლივ წერილს ამზადებენ, რომ ამ საკითხზე საქართველოს მთავრობას მიმართონ.

Comments


bottom of page