top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ეს მხოლოდ პრიორიტეტის საკითხია!


ამბობენ, რომ კერძო რეპეტიტორობა მას შემდეგ არსებობს, რაც სასკოლო განათლების სისტემა დამკვიდრდა; მახსოვს, ბავშვობაში, კერძო რეპეტიტორი მხოლოდ მას სჭირდებოდა, ვისაც სწავლა უჭირდა და ამის გამხელა მაშინ სირცხვილიც კი იყო; სახლში ბავშვს ეხმარებოდნენ მშობლები, და-ძმები, ან ბიძაშვილები, ვისაც როგორ შეეძლო. მაგრამ, 21-ე საუკუნის დადგომასთან ერთად, კერძო გაკვეთილებმა შეიძინა სასიცოცხლო, თითქმის აკვიატებული მნიშვნელობა ბავშვებისა და მოზარდების სწავლაში. უფრო მეტად გაძლიერდა მოსაზრება, რომ რეპეტიტორობა ყველა სირთულის ან თუნდაც უკეთესი მოსწრების პანაცეაა: დამატებითი სასკოლო სერვისი და არა მისი შემცვლელი, როგორც აცხადებენ. მაგრამ ასეა სინამდვილეში? მაგალითად, საქართველოში, როგორც ჩანს, სასკოლო გაკვეთილებს, განსაკუთრებით ბოლო სასწავლო წლებში, აღარ აქვს ფასი: მთავარია, კერძო რეპეტიტორთან წახვიდე... და ფული გადაიხადო! ამასობაში კი სკოლა…


თითქოს ესეც არ იყოს საკმარისი, ამას ემატება ცურვის, ჭიდაობის, ფეხბურთის, თეატრის, ხატვის, ცეკვის, უცხო ენების ან კომპიუტერის შემსწავლელი წრეები, არც დაბადების დღეებს ივიწყებენ; ბავშვის დღის განრიგი ისეა გადატვირთული, როგორც ყველაზე ცნობილი მენეჯერის; არადა, ჯერ კიდევ არა აქვთ ხმის მიცემის უფლება! ამასობაში კი ოჯახი…


ნუთუ ამგვარი ზეაქტივობა უკიდურესად არ მოქმედებს ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრებაზე? რა თქმა უნდა, მშობლებს სურთ, რომ შვილებს რაც შეიძლება მეტი სტიმული მისცენ, რომ საუკეთესო იარაღით აღჭურვილნი შეხვდნენ ცხოვრებას, თავდაჯერებულ ზრდასრულებად იქცნენ, ებრძოლონ სოციალურ უთანასწორობას, მზად იყვნენ საზოგადოების მოთხოვნებზე საპასუხოდ… და რომ მთელი თავისუფალი დრო კომპიუტერთან ან ქუჩაში არ გაატარონ! მაგრამ, თუკი ბავშვის ადეკვატური სტიმულირება დადებითი მიდგომაა, მისი ვალდებულებებით გადატვირთვა საპირისპირო შედეგს ხომ არ მოიტანს? ხომ არ აისახება მშობლების აუხდენელი სურვილები და მოლოდინი მათ შვილებზე? განა აუცილებელი არ არის, რომ ბავშვებსა და მშობლებს შორის დრო დარჩეს დიალოგისთვის, მცირე თუ დიდი გამოცდილების გასაზიარებლად? განა არ იქნება ეს დიდი სიხარულისა და ზრდის მიზეზი როგორც მშობლებისთვის, ასევე ბავშვებისთვის? რამდენი საათი რჩება ოჯახური ცხოვრებისათვის? და მთელ ამ ორომტრიალში ვინ ფიქრობს ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების სარწმუნოებრივ აღზრდაზე? გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბევრ ოჯახში, რომლებიც თავს კათოლიკეებად მიიჩნევენ, საკვირაო წირვისთვის, კატეხეზებისა და სულიერი შეხვედრებისთვის... ამჟამად უკვე აღარ რჩება სივრცე და დრო, იმედი გვაქვს, ასე არ არის, და არც ინტერესი გაქრება. ამასობაში კი კათოლიკე ეკლესია საქართველოში…


თუ ოდესღაც „კომუნისტურ-სოციალისტური“ იდეოლოგია იყო დაკავებული ბავშვებისა და ახალგაზრდების აღზრდა-განვითარებით, დღეს უკვე ცხოვრების სხვა წესი უთხრის ძირს მათ ცხოვრებას; უწინ ამბობდნენ, რომ ,,ღმერთი არ არსებობს“ და ამიტომაც აზრი არ ჰქონდა ლოცვას, ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობას... დღეს აღარ ვამბობთ, რომ ღმერთი არ არსებობს, უბრალოდ ვაცხადებთ, რომ დრო აღარ გვაქვს მისთვის, ეკლესიისთვის... ნუთუ ასე ძნელია დღის იმგვარად დაგეგმვა, რომ დარჩეს დრო ქრისტიანული აღზრდისათვის? საბოლოოდ, ეს მაინც ადამიანის არჩევანის, პრიორიტეტის საკითხია; მაგრამ ვინ ეხმარება მას ამაში? ფაქტობრივად, ახალი თაობა ჩვენ თვალწინ ისე იზრდება, თითქოს ღმერთი, რომელიც არსებობს, არ არსებობდეს მათ კონკრეტულ ცხოვრებაში, კათოლიკე ეკლესიის ცხოვრების გარეშე, მშობლების გულგრილობისა და ტანჯვის ფონზე... თუმცა შვილი ხომ ეყოლებათ კარგი პროგრამისტი, დიდი ფეხბურთელი, ცნობილი მოცეკვავე...


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი "საბა" / მაისი, 2023



Comments


bottom of page