• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ექნებათ თუ არა კათოლიკეებს საშობაო ღამისთევაზე დასწრების უფლება უცნობია



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 26 ნოემბერს პანდემიასთან დაკავშირებით გამკაცრებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ღამის 21:00 საათიდან გამთენიის 05:00 საათამდე გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით იზღუდება.


პრემიერის განცხადებით, ეს შეზღუდვა მხოლოდ 31 დეკემბრის ღამეს, ანუ ახალ წელსა და 6 იანვარს ანუ მართლმადიდებელ ეკლესიაში საშობაო ღამისთევისთვის მოიხსნება:


გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იქნება მთელი ამ ორი თვის განმავლობაში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი წლის ღამეს მოვხსნით, ისევე, როგორც მოვხსნით შობის ღამეს. ამ ორ დღეს, გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყნის მასშტაბით, არ იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.


შესაბამისად, გამოდის, რომ სხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ და მათთვის საშობაო ღამისთევის წირვა 24 დეკემბრის ღამით (სომხური სამოციქულო ეკლესიის შემთხვევაში 5 იანვრის ღამით) უნდა აღევლინოს, გადაადგილებას ვერ შეძლებენ.


წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეები გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო, კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან.


25 დეკემბრის ღამეს გადაადგილების შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით არაფერი თქმულა, თუმცა ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა: „28 ნოემბრიდან 24-დეკემბრამდე ჩვენ გვაქვს წერტილოვანი შეზღუდვების მაქსიმალური რაოდენობა, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, კათოლიკეებს, მართლმადიდებლებს ყველას ერთად საშუალებას, რომ ვიზეიმოთ ახალი წელი და რელიგიური დღესასწაულები ხოლო შემდგომ უკვე ისევ ვუბრუნდები შეზღუდვებს 3 იანვრიდან 16 იანვრამდე", – განაცხადა გიორგი გახარიამ.


ამ ეტაპზე, უცნობია მიმართავენ თუ არა რელიგიური გაერთიანებები მთავრობას, რომ საშობაო ღამისთევასთან დაკავშირებით შეზღუდვები რელიგიური უმცირესობებისთვისაც მოიხსნას.


„საბამედია“ ამ საკითხზე კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს კომენტარს შემოგთავაზებთ.