top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვალეში კათოლიკური ტაძრის მიმდებარედ არსებული სკვერი განახლდა

ვალეში, კათოლიკური ტაძრის მიმდებარედ არსებული სკვერი, რომელიც გასულ წელს გაიხსნა, ერთი წლის შემდეგ განაახლეს. სკვერში, საქართველოში კათოლიკე ეკლესიასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციის ბანერია განთავსებული. აქ ღონისძიების ჩატარება ყველა მსურველს შეუძლია.



ღვთისმშობელ „მარიამის სკვერი“ კიდევ ერთი რეაბილიტირებული სივრცეა ვალის კათოლიკურ სამრევლოში. წინამძღვრის დახმარებით, სამრევლომ ტერიტორიის კეთილმოწყობა პოლონეთის ერთ–ერთი ეპარქიის ფინანსური ხელშეწყობით შეძლო.

რადგანაც ვალის კათოლიკური ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა, განახლებულ სკვერსაც „მარიამის სკვერი“ უწოდეს.


დასასვენებელი სივრცე 300 კვადრატული მეტრზეა მოწყობილი. საგანგებოდ მოწყობილია სცენა, სადაც ქრისტიანული ნიშანი, ჯვარი და მარიამის ქანდაკება დგას. ქანდაკება ვალის წინამძღვარს, მიხეილ სურმავას საჩუქრად გადასცეს: „ეს მარიამის ქანდაკება და მასთან ერთად იესოს ქანდაკებაც (რომელიც ტაძარში დაიდგა) საჩუქრად გადმოგვცა ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ადამიანმა, პოლონელმა კათოლიკე მორწმუნემ ლილა პლაგომ, იგი წლების განმავლობაში მამა იეჟი შიმეროვსკისთან ერთად მესხეთში ცხოვრობდა და აქაურობა კარგად გაიცნო“, – ამბობს წინამძღვარი.


გარდა ქანდაკებისა, სკვერში განთავსებულია ბანერები, როლებიც საქართველოში კათოლიკე ეკლესიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და აქტივობებს ასახავს. აქვეა catholic.ge-ს ბანერიც. სკვერი სხვადასხვა სახეობის ნარგავებით გამწვანდა.



„ეს სკვერი არის ყველასთვის. ყველას შეუძლია აქ მოსვლა და ღია სივრცეში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება. პირადად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქედან იწყება ურთიერთობა ხალხთან“, - ამბობს ვალის მოძღვარი.


„მარიამის სკვერი“იქნება ის ადგილი, სადაც 7 ოქტომბერს, ვალეში ჩამობრძანებულ ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკებას დადგამენ.


მედეა ხითარიშვილი

bottom of page