ასპინძის სოფელ ვარგავში კათოლიკური საკრებულოს დღეობა აღინიშნა. ტაძარი, რომელიც 2012 წელს არის აშენებული, მარიამ დედუფლის სახელზეა ნაკურთხი. ნეტარი ქალწული მარიამ დედუფლის მოხსენიებას კი კათოლიკე ეკლესია 22 აგვისტოს აღნიშნავს.
საზეიმო წირვა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა.
"22 წლის წინ იყო ამ ეკლესიის კურთხევა და იგი არის მარიამ დედუფლის სახელზე ნაკურთხი.... და როცა არის საკრებულოს დღესასწაული, არასდროს უნდა დავივიწყოთ, როდის და როგორ იყო აშენებული ეკლესია ამ საკრებულოსთვის.
22 წლის წინ აშენდა იგი და დარჩა, როგორც ლამაზი და მნიშვნელოვანი შენობა. ამ წლების განმავლობაში, აქ ყოველთვის ლოცულობდა ვინმე, იკრიბებოდა ხალხი მოძღვართან ერთად წირვისთვის... ეს ეკლესია არის „სოფლის გული“. აქ თქვენი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია"... – განმარტა ეპისკოპოსმა ქადაგებისას.
ლიტურგიაზე იმყოფებოდნენ: წმიდა საყდრის სადესპანოს დიპლომატიური მრჩეველი, მონსენიორ ჯუზეპე ლატერცა; არლის სამრევლოს ვიკარი მამა ბექა ჩილინგარაშვილი; კამილიელი მღვდლები – მამა ზიგმუნდ ნეჯვეჯი, მამა ლაშა მანუკიანი და ძმა პაატა ჩუბინიძე; ხიზაბავრისა და ვარგავის სამრევლოების წინამძღვარი მამა კაკი ჭელიძე; დიაკვანი ჯემალ დათაშვილი, კამილიელი მონაზვნები და სხვადასხვა სამრევლოს მრევლი.
წმ. წირვისას ოთხმა ახალგაზრდამ ეპისკოპოსის ხელიდან პირველი ზიარება მიიღო.
სოფელი ვარგავი ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, აქ 30 ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა კათოლიკეა. სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილია მესხური, ბანიანი სახლები, თუმცა მათი ნაწილი აღდგენას საჭიროებს. დასახლების ცენტრში 2012 წელს ნაკურთხი ერთი კათოლიკური ტაძარი დგას.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments