top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ვარდისფერი' დიპლომატია - მამა გაბრიელე ბრაგანტინი პრეზიდენტის ვატიკანში ვიზიტზე



საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველამ იცის, რომ 2021 წლის 18 ივნისს პაპმა ფრანცისკემ პირად აუდიენციაზე მიიღო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. შეხვედრის შინაარსის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ გულითად საუბრებში ორივე მხარემ ,,გამოხატა კმაყოფილება წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობების, განსაკუთრებით კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობისა და ქვეყანაში კათოლიკე ეკლესიის წვლილის გამო“.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს ,,რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს ჰუმანიტარულ საკითხებს და გამოკვეთეს სამართლიანობისა და სოციალური ჰარმონიის წახალისების მნიშვნელობა“.


ამ შეხვედრის პრეს-ბრიფინგი ქართული მედიისთვის დამახასიათებელი შაბლონურობით გაშუქდა. არადა, ეს მოვლენა უფრო მეტად სიღრმისეულ და განსხვავებულ ყურადღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი სხვა პრეზიდენტების ვიზიტების ერთგვარი გამეორება იქნება.


ამ ვიზიტის უნიკალურობა სინამდვილეში არის ის, რომ პრეზიდენტი პირდაპირ ვატიკანში გაფრინდა ისე, რომ არ შეხვდა, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, იტალიის რესპუბლიკის ხელისუფლებას. როგორც ჩანს, ეს გახლდათ გულითადი სურვილი, რომ ვიზიტი შემდგარიყო მხოლოდ პაპთან და წმიდა საყდრის ზოგიერთი ორგანოს წარმომადგენლებთან. პრეზიდენტს შეეძლო საპასუხო ვიზიტით შეხვედროდა ევროპის სხვადასხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო თვეების მანძილზე ბრიუსელსა და თბილისს შორის მიმოდიოდნენ; შეეძლო ასევე მოსკოვის, სტამბოლის ან პარიზის გავლით ჩასულიყო... არადა, მან მხოლოდ რომი არჩია, უფრო სწორად რომში და ისიც მხოლოდ ვატიკანში; რატომ? იქნებ ამით იმის ჩვენება უნდოდა, რომ ქვეყანას რეგიონალური კრიზისის ჭაობიდან და შინაგანი კრიზისიდან (მათ შორის, საეკლესიო?) გამოსასვლელად ნეიტრალური და ავტორიტეტული სანაპიროს პოვნა სჭირდება და ეს მხოლოდ წმიდა საყდრის თანადგომით მიიღწეოდა?


თუკი ასეა, ეს თავისთავად მრავლისმეტყველი გზავნილი იქნება! ამ სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის დროს საქართველოს დელეგაცია შეხვდა სახელმწიფო მდივანს, კათოლიკური განათლების კონგრეგაციას, პაპის საბჭოს კულტურის სფეროში, მოინახულა Propaganda Fide-ს არქივი და ვატიკანის მუზეუმები, გაფორმდა თანამშრომლობის ორი ,,მემორანდუმი“, რასაც ქართულმა მხარემ, ორი ქალბატონის წარმომადგენლობით,მოაწერა ხელი. ეს ყოველივე იმაზე ხომ არ მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტის „ვარდისფერი“ დიპლომატიის უპირატესობა არის კულტურის, ფორმაციის, განათლების, წმიდა საყდრის გამოცდილების გაზიარება, იმ ტრადიციის კვალდაკვალ, შორეული ეპოქიდან რომ მოდის, ანუ ქრისტიანულის, და ასევე ეხმიანება ახალ კულტურულ მოთხოვნილებებსაც? საუბარი შეეხო ქართული მუსიკის კონცერტებს, მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ვატიკანის მუზეუმებში სტუდენტების სტაჟირებას, რათა განავითარონ და დახვეწონ ხატებისა და ნახატების რესტავრაციის ტექნიკა, ან აითვისონ სხვა სახის ტექნიკა, რასაც საქართველოს უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის სამსახურში ჩააყენებენ, მათივე შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით; ისაუბრეს ასევე პაპი ფრანცისკეს ინიციატივაზე განათლების გლობალური ხელშეკრულების შესახებ - Global Compact on education, რომელიც ,,გულისხმობს ისეთ საერთო პრიორიტეტებს, როგორიცაა კონფლიქტების მოგვარება, განათლება, ქალთა როლი, გარემოს დაცვა...“.


ესეც მრავლისმეტყველი გზავნილია იმ ვითარებაში, როდესაც ბევრი უკმაყოფილოა ახალი თაობების აღზრდით.


ოფიციალური ვიზიტი არ არის, უწინარესად, დემონსტრაცია ეტიკეტის, ელეგანტურობის, უპირატესობის, ღიმილის, ხელის ჩამორთმევის, ფოტოებისა და საჩუქრებისა (თუნდაც ეს იტალიაში ქართველმართლმადიდებელთათვის 70-წლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემული კათოლიკური ეკლესია იყოს)... მხარეები მუშაობენ და თავიანთი უფლებამოსილებით იღვწიან საკუთარი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ, იმ საერთო ფასეულობების გაზიარებით, რაც მომავლის იმედს უსახავს საქართველოში მყოფ კათოლიკეებსაც, რომლებიც, თავის მხრივ, მრავლისმეტყველ ნიშნებს ელიან.


მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ჟურნალი "საბა" /2021 წელი, ივლისი

Commentaires


bottom of page