• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანის ელჩის ვიზიტი სომხეთში


5-9 დეკემბერს, წმიდა საყდრის დესპანი, ჯოზე აველინო ბეტანკური სადესპანოს მრჩეველ მონსინიორ ჯუზეპე ლატერცასთან ერთად, სომხეთს ეწვია.


ვიზიტის დროს დესპანმა მასპინძლებს პაპის სოლიდარობა, სულიერი თანადგომა და სამოციქულო ლოცვა-კურთხევა გადასცა.


ელჩი ეწვია ქალაქ აშოცკის ტირამაირ ნარეკის სახელობის საავადმყოფოს – ე. წ. „პაპის საავადმყოფოს“ სომხეთში და შეხვდა მის დირექტორს, მამა მარიო კუკაროლოს.


წმიდა საყდრის დესპანმა გაიხსენა 1988 წლის დამანგრეველი და ათასობით მსხვერპლის გამომწვევი მიწისძვრა, რომლის შემდეგაც კამილელმა ბერებმა პაპ იოანე პავლე II-ის თხოვნით, 1991 წელს ააგეს ეს სამედიცინო დაწესებულება.


დღეს საავადმყოფო COVID 19-ის პანდემიას ებრძვის და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მთიანი ყარაბაღის ომით დაზარალებულთ.


არქიეპისკოპოსმა ჟოზე ბეტანკურმა ადგილობრივ სასაფლაოებზე, პატივი მიეგო მთიანი ყარაბაღის ომში დაცემული მებრძოლების ხსოვნას და ილოცა მათი საუკუნო განსვენებისთვის. სპიტაკელი გულმოწყალების დების სახლში დესპანს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ომისა ამბები და შეეტყო იმ დაჭრილი ჯარისკაცების შესახებ, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს და ბერების მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.


კვირას, 6 დეკემბერს, დესპანმა მონაწილეობა მიიღო წმინდა ლიტურგიაში, რომელიც გიუმრის წმინდა მოწამეთა სომხურ კათოლიკურ საკათედრო ტაძარში ჩატარდა. ელჩი პირადად შეხვდა მთიანი ყარაბაღის ომის დაჭრილებს, ლტოლვილებს, ომის შედეგად გადაადგილებულ პირთა ოჯახებს და მათ მოთმინებისა და რწმენისკენ მოუწოდა. პაპის წარმომადგენელს ახლდა სომხეთის „კარიტასის“ აღმასრულებელი დირექტორი გაგიკ ტარასიანი, რომელმაც დესპანთან ერთად მომოიხილა აღნიშნული კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციის პროექტები, დაკავშირებული უამრავ დევნილთან, დაჭრილებთან, ობლად დარჩენილ ბავშვებთან და პანდემიურ კრიზისთან, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმა ცხოვრების ისედაც მძიმე პირობები ქვეყნის რამდენიმე რეგიონში.


ერევანში დესპანი ეწვია აღმოსავლეთ ევროპის სომხური წესის კათოლიკეთა ორდინარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობა არქიეპისკოპოს რაფაელ მინასიანს, შემდეგ კი წმინდა ანგელოზების სემინარიის რექტორსა და სომხეთის უმანკო ჩასახვის დების კაპელანს, მონს. მაშდოცს, რათა განეხილა მთიანი ყარაბაღიდან დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად გაწეული სამუშოები, ასევე ქვეყანაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკური ვითარება.


7 დეკემბერს, ნაშუადღევს, პაპის წარმომადგენელი ეჩმიაძინის წმიდა დედა საყდარში მიიღო ყოველთა სომეხთა უზენაესმა პატრიარქმა და კათოლიკოსმა, მისმა უწმიდესობამ გარეგინ II-მ. კათოლიკოსმა ძმური სალამი შეუთვალა პაპ ფრანცისკეს, ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ უაღრესად მძიმე მდგომარეობაზე და მადლობა მოახსენა დესპანს სომხეთში ჩამობრძანებისთვის.


ერევანში, გულმოწყალების დების სახლში აღინიშნა უმანკოდ ჩასახვის დღესასწაული, რომლის დროსაც ორმა ახალგაზრდა მორჩილმა განაახლა აღთქმა პროვინციული წინამძღვრის, და მარტინას, მათი თემის წევრებისა და პაპის წარმომადგენლის წინაშე.


8 დეკემბერს, წმიდა საყდრის დესპანი ეწვია საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც იგი მიიღო მინისტრის მოადგილემ, ავეტ ადონცმა. მათ ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის 10 ნოებრის საზავო შეთანხმების შესახებ, ომის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარულ ვითარების, ტყვეების დაბრუნების, რეგიონში სომხური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გადაუდებელი ღონისძიებებისა და კონფლიქტის გეოპოლიტიკური შედეგების შესახებ.


პაპის წარმომადგენელი შეხვდა სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს, რომელმაც გულითადი სალამი გადასცა პაპ ფრანცისკეს და მადლობა გადაუხადა მას რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული მოწოდებებისა და ლოცვებისთვის. შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა და შეეხო პრეზიდენტის საქმიანობასა და სომეხი ერის ცხოვრებას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, უნიკალური და უმდიდრესი სომხური კულტურული მემკვდირეობის დაცვას და ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს.


ვატიკანის ელჩის ვიზიტი სომხეთში 8 დეკემბერს დასრულდა. დესპანი საქართველოში დაბრუნდა.


წყარო: Vaticange.org