• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანის ელჩს საქართველოში, რომის პაპთან პირადი აუდიენცია ჰქონდა


აპრილის პირველ ნახევარში, წმიდა საყდრის დესპანი, მისი აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტანკური ვატიკანში იმყოფებოდა. იგი პირადი აუდენციით მიიღო პაპმა ფრანცისკემ თავისი სასახლის ბიბლიოთეკაში.


დესპანმა მის უწმინდესობას გადასცა ნეკრესის ეპარქიის ბერების მიერ წმინდა იოსებისა და მისი ოჯახისადმი მიძღვნილი წელიწადის აღსანიშნავად შექმნილი წმინდა ოჯახის ხატი.




პაპმა ფრანცისკემ ისაუბრა თავის 2016 წლის სამოციქულო ვიზიტზე საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში და გაიხსენა არაერთი პიროვნება, რომელთაც შეხვდა ამ ვიზიტების დროს. მან თავის პირად წარმომადგენელს, წმიდა საყდრის დესპანს სთხოვა მისი სალამი და სოლიდარობა გადაეცა გაჭირვებულთათვის, ლოცვა და კურთხევა კი ყველა ადამიანისთვის და ითხოვა „ვილოცოთ მისთვის“.


ვატიკანში წმიდა საყდრის დესპანი შეხვდა:


სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს; სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, არქიეპისკოპოს ედგარ პენია პარას; სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს რიჩარდ გალაგერს; დიპლომატიური პერსონალის მდივანს, არქიეპისკოპოს იან რომეო პავლოვსკის; აღმოსავლურ ეკლესიათა კონგრეგაციის პრეფექტს, კარდინალ ლეონარდო სანდრის; კულტურის საპაპო საბჭოს პრეზიდენტს, კარდინალ ჯანფრანკო რავაზის; ამავე საბჭოს მდივანს, ეპისკოპოს პოლ ტიგეს; ადამიანის ყოველმხრივი განვითარების ხელშემწყობი დიკასტერიის პრეფექტს, კარდინალ პეტერ ტურკსონს; ამავე დიკასტერიის მდივნის მოადგილეს მიგრანტებისა და ლტოლვილთა საკითხებში, კარდინალ მიხაელ ჩერნის; რომის წმინდა ეკლესიის ბიბლიოთეკარსა და არქივარიუსს, კარდინალ ჟოზე ტოლენტინო დე მენდონსას; ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობი საპაპო საბჭოს მდივანს, ეპისკოპოს ბრაიან ფარელს; კათოლიკური აღზრდის კონგრეგაციის მდივანს, არქიეპისკოპოს ანჯელო ძანის; ვატიკანის „ბამბინო ჯეზუს“ ბავშვთა საავადმყოფოს ხელმძღვანელს, დოქტ. მარიელა ენოკს; წმიდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენს და კვიპროსის ელჩს; მათ აღმატებულებებს - წმინდა საყდართან საქართველოს, სომხეთის, კანადის, პორტუგალიისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩებს.


გარდა ამისა, წმიდა საყდრის დესპანი რომში ეწვია სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დაწესებულებას, კერძოდ, უმანკო ჩასახვის სომეხი დების სახლს და საერთაშორისო „კარიტასს“.


შეხვედრების დროს, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში შექმნილ სიტუაციას, ადამიანის ღირსებას, ჰუმანიტარულ საქმიანობას, მშვიდობას, რელიგიურ თავისუფლებას, განვითარებას, კულტურულ მემკვიდრეობას, ჯანმრთელობის დაცვას და ეკუმენურ საკითხებს.


განსაკუთრებული ყურადღება მიექცა კოვიდ-19 - ის პანდემიის შედეგად შექმნილ კრიზისს და სამხრეთ კავკასიის ცალკეულ ქვეყნებში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.

აღინიშნა, რომ წელს სრულდება ფრანცისკელი ბერის, დემეტრე თბილელის ინდოეთში წამების 700 წელი.


საუბარი ასევე შეეხო ოქტომბრის თვეში ფატიმას ჩვენი ქალბატონის საერთაშორისო სტატუის ჩამობრძანებას საქართველოში და რეგიონში შერიგებისა და მშვიდობის მისეულ გზავნილს.


დესპანის ვატიკანში ყოფნის დროს, პაპმა თავის ტრადიციულ სააღდგომო საკვირაო ლოცვაში „Orbi et Urbi“ გააკეთა მოწოდება მთიანი ყარაბაღის ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ.


თავისი დესპანის მეშვეობით, პაპ ფრანცისკეს სურვილი აქვს დააარსოს ახალი დიპლომატიური რეზიდენციული მისია ერევანში. ეს ჟესტი ნათლად მეტყველებს, პაპის სიახლოვეზე ისტორიის ამ კონკრეტულ ეტაპზე.


Catholic.ge