
რუსეთის ფედერაციის უკრაინის სახელმწიფოზე თავდასხმის შემდეგ,წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანიიმედს გამოთქვამს, რომ კიდევ დარჩა დრო კეთილი ნების გამოხატვისა და მოლაპარაკებებისათვის.
26 თებერვალს, მაშინ, როცა უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრიზისი ღია ომში გადაიზარდა, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ ვატიკანის საინფორმაციო საშუალებებისათვის გაავრცელა შემდეგი მიმართვა:
„უკრაინაში გაღრმავებული კრიზისის ფონზე, წმინდა მამა ფრანცისკეს სიტყვები, რომელიც გუშინ წარმოთქვა საჯარო აუდიენციის ბოლოს, კიდევ უფრო ნათლად და გამჭვირვალედ ჟღერს. პაპმა ისაუბრა ღრმა გულისტკივილზე, შფოთვასა და წუხილზე. მან მოუწოდა ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხალხისთვის მეტი ტანჯვა, მოახდინონ მშვიდობიანი თანაცხოვრების დესტაბილიზაცია და საერთაშორისო სამართლის ნორმების დისკრედიტაცია. ეს მიმართვა დრამატულ აქტუალობას იძენს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ. ტრაგიკული სცენარები, რომელთაც ყველას ეშინოდა, სამწუხაროდ, რეალობად იქცა. მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო კეთილგანწყობისა, ჯერ კიდევ არის სივრცე მოლაპარაკებისთვის, ჯერ კიდევ არის ადგილი სიბრძნის გამოვლინებისთვის, რომელიც არ დაუშვებს კერძო ინტერესების გაბატონებას, დაიცავს ყველას ლეგიტიმურ მისწრაფებას და იხსნის მსოფლიოს ომის სიგიჟისა და საშინელებისგან. ჩვენ მორწმუნეები არ ვკარგავთ სინდისის ნაპერწკალის იმედს მათ შორის, ვისაც სამყაროს ბედი ხელში უჭირავს. მოდით გავაგრძელოთ ლოცვა და მარხვა - ჩვენ ამას გავაკეთებთ მომდევნო ნაცრისყრის ოთხშაბათს, მშვიდობისთვის უკრაინასა და მთელს მსოფლიოში“.
ცნობისათვის, 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაწყო.
აფეთქების და საარტილერიო ცეცხლის ხმა ისმის კიევში, ოდესაში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში. ევროკავშირის წარმომადგენლებმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესია უკვე შეაფასა როგორც ერთ–ერთ „ყველაზე მძიმე დროდ ევროპისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“.