top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა განთავსდა

ვატიკანის ისტორიულ სასახლეში, პალაცო დელა კანჩელარიაში, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის განთავსებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.

ფოტო – TV1

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვატიკანის წმინდა მიწაზე ქართული მოზაიკური ფრესკა განთავსდა. იგი ძვირფასი თვლებით არის მორთული და არქიტექტორები ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.


მოზაიკურ პანოზე ივერიის ღვთისმშობლის გამოსახვის გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრმა მიიღო, რომელსაც პატრიარქი ილია II ხელმძღვანელობს. ფრესკის ავტორი ცნობილი ქართველი ფერმწერი მოზაიკოსი ამირან ბაკურაძეა.


წმინდა საყდართან საქართველოს საელჩომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, ვატიკანის ტერიტორიაზე ქართული მოზაიკის განთავსების საკითხზე ინტენსიური მუშაობა 2022 წლიდან განაახლა.

საზეიმო ცერემონიაზე ვატიკანში სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლონი და ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი.


ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მადლობა გადაუხადა ვატიკანის მხარეს და პაპ ფრანცისკეს საჩუქრად მრევლის მიერ შეწირული, 1683 წელს ფლორენციაში დასტამბული კათოლიკური წირვის კრებული გადასცა.

სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონის განსაკუთრებულ წვლილს საქართველოსა და წმინდა საყდრის ურთიერთობათა განვითარებაში.


„დღეს ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და აღვნიშნავთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას, რომელიც დაკავშირებულია ისტორიის მრავალი მოვლენით და ღრმად არის ფესვგადგმული ქრისტიანულ კულტურაში", - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

მისივე თქმით, ორი სუვერენული სახელმწიფო - საქართველო და წმინდა საყდარი - იზიარებს მშვიდობისა და სტაბილურობის ფასეულობებს, როგორც უზენაეს ნორმებს, რომელთაგანაც უნდა მომდინარეობდეს სახელმწიფოს ქმედებები, ისევე, როგორც სამყაროს ხედვა, სადაც დომინირებს ტოლერანტობა, პატივისცემა და ურთიერთგაგება.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებზეც.


„ისტორიულად, მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები გვერდიგვერდ იდგნენ საქართველოს აღორძინების გზაზე და კათოლიკური ეკლესია ყოველთვის იყო ჩვენს ქვეყანაში ევროპული ღირებულებებისა და ცოდნის გავრცელების წინა პლანზე.


დღეს წმინდა საყდარი არის საქართველოს ევროპული გზის, ჩვენი ქვეყნის მრავალწლიანი და ცივილიზაციური არჩევანის მტკიცე მხარდამჭერი. ხვალ, ვატიკანის ბაღებში, მექნება პატივი მონაწილეობა მივიღო ივერიის ღვთისმშობლის ქართული მოზაიკის საინაუგურაციო ცერემონიაში. აღნიშნული წარმოადგენს კიდევ ერთ დამატებით იმპულსს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რომელიც იქნება ჩვენი მჭიდრო სულიერი და კულტურული კავშირების მუდმივი დადასტურება" - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.


აღსანიშნავია, რომ საღამოს „სუხიშვილები“ და ანსამბლი „ბასიანი“ აფორმებდნენ.


ფოტოები – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

Catholic.ge

bottom of page