top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვატიკანში 23 პირი დიაკვნად ეკურთხა

23 თებერვალს ვატიკანში, მუდმივი დიაკვნების საზეიმო იუბილე გაიმართა. ლიტურგიაზე 23 ახალ დიაკვანს დაასხეს ხელი.


დიაკვნების იუბილესთვის მთელი მსოფლიოდან რომში დაახლოებით 4000 დიაკონი მიმლოცველობით ჩავიდა. მათგან 23 დიაკვნად ეკურთხა –  ორი ბრაზილიიდან, ექვსი კოლუმბიიდან, ერთი საფრანგეთიდან, სამი იტალიიდან, სამი მექსიკიდან, ორი პოლონეთიდან, სამი ესპანეთიდან და სამი შეერთებული შტატებიდან.

 

საზეიმო ლიტურგია წმიდა პეტრეს ტაძარში აღევლინა. იმის გამო, რომ პაპი ფრანცისკე ამჟამად კლინიკაში გადის მკურნალობას, ლიტურგია, ევანგელიზაციის დეპარტამენტის პროპრეფექტმა,  არქიეპისკოპოსმა რინო ფიზიკელამ აღავლინა. წირვის დროს მან  წმიდა მამის მიერ მომზადებული ქადაგება წაიკითხა.

 

პაპის ქადაგების მთავარი ხაზი იყო ეკლესიის მსახურებისა და ქრისტიანული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი - უანგარობა, რომელიც მისი თქმით, ვლინდება სამ ძირითად ასპექტში: მიტევებაში, თავდაუზოგავ მსახურებასა და ერთიანობაში.

 

პაპმა მაგალითად მოიყვანა ქრისტეს სიტყვები: „გიყვარდეთ თქვენი მტრები“ (ლუკა 6:27). მოწინააღმდეგეების სიძულვილზე აგებულ სამყაროს არა აქვს მომავალი და იმედი. ის განწირულია გაუთავებელი ომების, განხეთქილებებისა და შურისძიებისათვის. სამწუხაროდ, ამას ვხედავთ დღესაც, სხვადასხვა დონეებზე და დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში. მიტევება ნიშნავს უსაფრთხო და სტუმართმოყვარე სახლის მომზადებას მომავლისათვის, ჩვენს საზოგადოებაში”.

 

დიაკვნები მოწოდებულნი არიან ყველა ადამიანში (იმ ადამიანებშიც კი, რომლებიც ტკივილს აყენებენ) დაინახოთ დები და ძმები, რომლებიც დახმარებასა და შერიგებას საჭიროებენ. ასეთი გულგახსნილი ადამიანის მაგალითებს წარმოადგენენ ბიბლიური პერსონაჟები: დავითი, რომელმაც შეიწყალა თავისი მტერი, საულ მეფე და სტეფანე პირველწამებული, რომელმაც თავის მდევნელებს მიუტევა. ხოლო მიტევების უმაღლეს მაგალითად რჩება თვით იესო ქრისტე, რომელმაც ილოცა ჯალათებისათვის და გაუხსნა სამოთხის კარი კეთილგონიერ ავაზაკს“.



„დიაკვნის მისიის მეორე ასპექტი არის - უანგარო მსახურება, რომელშიც ხორციელდება იესოს სიტყვები: “სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნურაფერს მოელით”(ლუკა 6,35). დიაკვნები მოწოდებული არიან იყვნენ ღვთის უპირობო სიყვარულის ხატება, ვინაიდან საკუთარი მსახურებით,  ისინი მორწმუნეებს გულმოწყალე ზეციერი მამის სახეს ანახებენ. დიაკვნები უნდა იქცნენ “ხიდად” საკურთხეველსა და ქუჩას შორის. მათ უნდა გააერთიანონ  ევქარისტია და ყოველდღიური ყოფა. მათი მსახურება უნდა იყოს აღსავსე სიხარულითა და ძმური მხარდაჭერით. უნდა შექმნან ეკლესიაში სივრცე, სადაც მსახურების ყოველგვარი ნიჭი ძვირფასი და აუცილებელია“, –  ნათქვამია პაპის მიერ დაწერილ ქადაგებაში.

 

„მესამე ასპექტი დიაკვნის მსახურებისა - არის უანგარობა, წყარო ერთიანობისა. როდესაც ადამიანი უანგაროდ გასცემს და სანაცვლოდ არაფერს მოელის, იგი ქმნის ძმობის ჭეშმარიტ კავშირს. ერთობა იქმნება პირადი და საზოგადო ნაბიჯებით. დიაკვნის საქმე უკვე ლამაზი “ლიტურგიაა”. ბევრი დიაკონი არის მეუღლე, მამა, ბაბუა, რომლებიც ცდილობენ გააფართოონ საკუთარი ოჯახების საზღვრები და მათ უფრო ღიას ხდიან გაჭირვებულებისთვის. სწორედ ასეთი მსახურება ხდის ეკლესიას ჭეშმარიტსა და სინოდურს“.

 

ახალი დიაკვნებისადმი მიმართვისას პაპი ხაზს უსვამს, რომ მათი მსახურება აღმავალი გზა კი არ არის, არამედ გზა თავმდაბლობის, თავგანწირვისა  და თვითმიძღვნის.

 

ბოლოს, ახლადხელდასხმული დიაკვნები პაპმა ღვთისმშობლის მზრუნველობასა და წმიდა ლავრენტის შემწეობას მიანდო. ასევე მოუწოდა მათ დარჩნენ ბოლომდე მიტევების, უანგარო მსახურებისა და ერთობის მშენებელ მოციქულებად.


შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page