მას შემდეგ, რაც კოვიდ-19 გამოვლინდა, ყველა გამოთქვამდა სურვილს, რაც შეიძლება მალე შეექმნათ ვაქცინა, რაც ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა; დღეს არსებობს ვაქცინა, უფრო სწორად, სხვადასხვა ვაქცინა, მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგნი არიან უმეტესად 40 წლამდე ასაკის ქალები და სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. რატომ აქვთ ასეთი ალერგია ვაქცინის მიმართ, როდესაც დღესდღეობით ის ყველაზე საიმედო საშუალებაა დაავადებისა და ინფექციის სხვაზე გადადების თავიდან ასაცილებლად? ვაქცინების ისტორია ალბათ მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, მომხიბვლელი და დამაჯერებელი თემაა. ,,მდიდარი“, რადგან მან მოიცვა არა მხოლოდ ბიომედიცინის სფეროში წარმოებული მთელი რიგი განსაცვიფრებელი კვლევები, - ბაქტერიებისა და ვირუსების არსებობიდან მოყოლებული თვით ადამიანის იმუნური სისტემის უფაქიზეს მექანიზმებამდე, - არამედ ასევე დებატები, რასაც ზოგჯერ ნამდვილი იდეოლოგიური და პოლიტიკური დაპირისპირება მოსდევდა.
,,მომხიბვლელი“, რადგან იგი ხაზს უსვამს სამეცნიერო ცოდნის იდეალებს შორის საერთო სიკეთის მსახურებას ინდივიდუალური და სოციალური სოლიდარობის მაგალითებით. ,,დამაჯერებელი“ კი იმიტომ, რომ სავსეა გმირული ჟესტებით, რომელთაგან ზოგიერთი გაბედულების ზღვარზეც კი შესრულდა, მიუხედავად ხმაურიანი მარცხისა და ექსპერიმენტებისა, რაც ზოგჯერ ეჭვს იწვევს. ყოველივე ამის მიუხედავად, ვაქცინაციის გასამართლებლად თავისთავად საკმარისი მიზეზია ის, რომ მისი მეშვეობით შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა, გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა და გაუმჯობესდა ადამიანის ჯანმრთელობა. მთელი საზოგადოების აცრის შემთხვევაში, ჩვენ მივიღებდით იმას, რასაც ცუდი ტერმინით ,,ბრბოს იმუნიტეტს“ ვუწოდებთ, მაგრამ რაც შეაფერხებდა ვირუსის შეღწევას ამ საზოგადოებაში და, შესაბამისად, მის დაზიანებას. სამწუხაროდ, მაშინ როდესაც ნდობის ფაქტორი უნდა გაძლიერებულიყო შექმნილი ვაქცინის მიმართ, მათდამი, ,,ვინც ჩვენზე მეტი იცის“, მეცნიერების, ექიმებისა და მკვლევარების მიმართ, ჩანს, რომ ამ ბოლო ხანებში უპირატესობა ეძლევათ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, მენეჯერებს, ბიზნესმენებს, საბირჟო თამაშებს, უსინდისო რელიგიურ შარლატანებს, აპოკალიფსის მაუწყებლებს... ნაცვლაად იმისა, რომ ერთიანობას გამოვხატავდეთ ამ დაავადების წინაშე, როგორც ვემორჩილებით არაერთ შეზღუდვას, რატომ გაჩნდა ამჯერად ასეთი ნეგატიური და ეჭვიანი დამოკიდებულება ადამიანებში?
ვფიქრობ, ამას მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, ზოგი კონიუნტურულია, ზოგიც სტრუქტურული. ,,კონიუნტურული“: შეიძლება მასმედიის მხრიდან მოხდა ადამიანების ერთგვარი დაბომბვა სამეცნიერო ინფორმაციებით, რომელსაც, ექსპერტების მხარდაჭერის მიუხედავად, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ხასიათი ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სხვა ვირუსით დავსნეულდით - უნდობლობის, დეზინფორმაციისა და ჭარბი ინფორმაციის ვირუსით. თუკი სოციალურმა ქსელებმა დემოკრატიულობა გამოიჩინეს საკუთარი შეხედულებების საჯაროდ გაცხადების შესაძლობლობის მიმართ, ამავდროულად, მათ ვეღარ შეძლეს ამდენი სიახლის ერთმანეთისაგან გარჩევა, ყველაფერს ერთი საფუძველი დაუდეს და ,,ყალბი ამბებით“ გადაფარეს. ,,სტრუქტურული“: მრავალმა სოციალურმა ასპექტმა, როგორიცაა ცვლილებები, კრიზისი და არასტაბილურობა, გაააქტიურა ადამიანის ემოციური სისტემა, რათა გადაეფასებინა ინფორმაცია, რომელიც უფრო მეტად საფრთხის, მარცხისა და შიშის მაჩვენებელია, ვიდრე დამაიმედებელი. სწორედ ფაქტორების ერთობლიობა არის იმის შედეგი, რომ ვაქცინაციის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება გაიზარდა. შეიძლება პროტესტის ფორმაზეც ვისაუბროთ! თუკი ასეა, იმ მოწოდებაზე ადრე, რომ მზად ვარ ვაქცინა გავიკეთო, უკეთესი იქნებოდა, ემოციები გვერდზე გადაგვედო და უკეთეს გამოსავალზე დაგვეწყო ფიქრი და მსჯელობა. თუკი ერთი წლის წინ ვაქცინის დროულად შექმნას მოვითხოვდით, ეს მის მიმართ ნდობით იყო განპირობებული; თუ დღეს მრავალი ადამიანი სხვაგვარად ფიქრობს, ცხადია, არა იმიტომ, რომ ვაქცინა შედეგიანი არ არის, არამედ იმიტომ, რომ თავად გარემო, პანდემიის მართვის ფორმა, არსებული მძიმე და დამაბნეველი ვითარების აღქმა ადამიანებში ეჭვს აღძრავს არა თავისთავად ვაქცინის სიკეთეზე, არამედ ვაქცინაციაზე.
გარკვეული რელიგიური მოტივებიც კი, რასაც ხშირად ბრმად უდებენ სარჩულად ბიბლიის ამა თუ იმ ტექსტს, არანაირ მსჯელობაში არ გვეხმარება. თუ ადამიანი ნამდვილად თავისუფალია, ის თავისუფალი უნდა იყოს სხვათა ემოციებზე, შეცდომებსა და ინტერესებზე დამოკიდებულებისაგან, რათა საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება შეძლოს, პასუხისმგებლური და შედეგიანი. ვიღაც ამბობს: ,,მაგრამ მე უფლება მაქვს, უარი ვთქვა ვაქცინაციაზე, რადგანაც თავად ვარ პასუხისმგებელი ჩემს ჯანმრთელობაზე“. ასეც არის, მაგრამ მარტო არავინ ცხოვრობს... ცხადია, თუ განდეგილად არ წავა და არ შეწყვეტს ადამიანებთან კონტაქტს. ასეც რომ მოიქცეს, საერთო სიკეთე მაინც იმპერატივია ყველასთვის, დაწყებული ხელისუფალთაგან, რომლებმაც კანონები უნდა მიიღონ, იმ ადამიანებით დამთავრებული, რომელთაც ოკეანეში დაკარგულ კუნძულზე სურთ ცხოვრება, სწორედ იმიტომ, რომ ,,არცერთი ადამიანი არ არის კუნძული“.
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ჟურნალი "საბა" (მაისი)
Comments