• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ვილოცოთ და ერთობლივად ვიზრუნოთ ჩვენს საერთო სახლზე’ – პაპი



“მოუსმინე ქმნილების ხმას!” - ასეთია ყოველწლიური ეკუმენური აქციის, “შექმნის ჟამის” მთავარი თემა, რომელიც დაიწყება „ქმნილების ლოცვითი ზრუნვის“ მსოფლიო დღეს, 1 სექტემბერს და დასრულდება წმინდა ფრანცისკე ასიზელის ხსენების დღეს – 4 ოქტომბერს.


მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ეპისტოლეში, რომელიც 21 ივლისს გამოიცა, პაპი ფრანცისკე ამ პერიოდს უწოდებს “განსაკუთრებულ დროს ყველა ქრისტიანისათვის”, რათა ილოცონ და ერთობლივად იზრუნონ ჩვენს საერთო სახლზე.


„თემა – “ქმნილების ჟამი” შთაგონებული იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომე I-ის მიერ, იგი არის მადლიანი შესაძლებლობა ჩვენი ეკოლოგიური მოქცევისკენ ზრდისათვის“, - ნათქვამია წერილში.


“ქმნილებისათვის ლოცვითი ზრუნვის მსოფლიო დღის თემაზე დაყრდნობით, პაპი განმარტავს, რომ ქმნილებაზე ყურის დაგდებით აღმოვაჩენთ გარკვეულ დისონანსს. ერთის მხრივ, გვესმის ჩვენი საყვარელი შემოქმედის სადიდებელი ტკბილი გალობა, მეორეს მხრივ კი, გვესმის ჩივილი ჩვენზე, ადამიანებზე, ქმნილებისადმი არასათანადო მოპყრობის გამო”.


სამყაროს ტკბილი საგალობელი მოგვიწოდებს ეკოლოგიური სულიერებისაკენ, ყურის დაგდებისაკენ ღმერთის მყოფობაზე ბუნების წიაღში და ამყარებს ჩვენს დარწმუნებულობას იმაში, რომ “ყველაფერი, რაც კი შექმნილია მის მიერ, არის შექმნილი და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა” (იოან. 1,3). პაპი მოგვიწოდებს უფლისადმი გალობაში შევუერთდეთ წმინდა ფრანცისკე ასიზელს. “განდიდებულ იყავ ჩემო უფალო ყველა შენი ქმნილებითურთ”. ასევე ფსალმუნი გვეუბნება: “ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი”. (150, 6).


სამწუხაროდ, ამ საგალობელს ახლავს მწარე ძახილი დედამიწისა, რომელიც არის ჩვენი თვითნებური სამომხმარებლო ექსცესების მსხვერპლი. იგი გვემუდარება შევწყვიტოთ მისი განადგურება და ბოროტად გამოყენება. მსგავსი გამოძახილები ასევე გამოსჭვივის სხვა ქმნილებებიდანაც. უამრავი გადაშენების პირას მყოფი სახეობებიდან დაწყებული, მოწყვლადი ადამიანებით დამთავრებული, რომლებიც თავის თავზე განიცდიან კლიმატური კრიზისების, გვალვის, წყალდიდობების, ქარიშხლებისა და სიცხის შედეგებს. ეს ყველაფერი სულ უფრო ხშირ და ინტენსიურ სახეს იღებს. მწარე ძახილი ასევე მოდის აბორიგენი ხალხებისგანაც, რომლებიც იტანჯებიან ეკონომიკური ინტერესების მიტაცებით.


ამ ძახილების მიყურადებით, ჩვენ უნდა მოვინანიოთ და შევიცვალოთ ცხოვრების წესი. შევცვალოთ მავნებლური სისტემები.


ჩვენი საერთო სახლის დეგრადაცია ისეთივე ყურადღებას მოითხოვს, რასაც სხვა გლობალური გამოწვევები. ისეთები, როგორებიცაა: მძიმე სანიტარული და საომარი კონფლიქტები.


მონანიება, რომლისკენაც მოგვიწოდებს პაპი არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ კოლექტიური უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით, წმინდა მამა გვთხოვს ორი მოახლოებული სამიტისათვის ლოცვას. ესენია COP27, რომელიც ეხება კლიმატს და ჩატარდება ეგვიპტეში ნოემბრის თვეში, ხოლო მეორეა COP15, რომელიც ეხება ბიომრავალფეროვნებას და ჩატარდება კანადაში დეკემბერში.


პაპი შეგვახსენებს ეკონომიკურ ვალზე, იმ ქვეყნების მისამართით, რომლებმაც, ბოლო ორი ასწლეულის მანძილზე ყველაზე მეტი ზიანი მიაყენეს გარშემომყოფ სამყაროს. პაპი მათ მოუწოდებს შეასრულონ დანაპირები და გვერდით დაუდგნენ ეკონომიკურად გაცილებით ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან საკუთარ თავზე კლიმატურ კრიზისებს, ფინანსურად და ტექნოლოგიურად.


ეპისტოლეს ბოლოს, წმინდა მამას მოჰყავს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: “იხარეთ მოხარულებთან და იტირეთ მოტირალებთან”.


მოდით, ვიტიროთ ქმნილების მწარე ძახილთან ერთად, ყური დავუგდოთ მას და ვუპასუხოთ საქმეებით, რათა ჩვენ და მომავალმა თაობამ შევძლოთ კვლავ ვიხაროთ ქმნილების ტკბილი საგალობლით, იმედისა და სიცოცხლის საგალობლით.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი