ვატიკანის პრეს–სამსახურის უფროსის, მათეო ბრუნის განცხადებით, ბოლო რამდენიმე საათია, ემერიტუსი პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, რაც ასაკით არის გამოწვეული, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ბენედიქტე XVI ექიმების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
წმინდა მამა ფრანცისკე მორწმუნეებს სთხოვს ემერიტუსი პაპის, ბენედიქტე XVI-თვის ლოცვას, რომელიც ძალიან მძიმედაა. ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ საჯარო აუდიენციაზე ისაუბრა. ემერიტუსი პაპი 95 წლისაა. მას შემდეგ, რაც გადადგა, 2013 წლიდან იგი ვატიკანის ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობს. მისი პირადი მდივანი ამბობს, რომ ემერიტუსი პაპი სანთელივით არის, რომელიც ნელ-ნელა ქრება.
ემერიტუს პაპის, ბენედიქტე XVI - თვის ლოცვის თხოვნა პაპ ფრანცისკესგან სპონტანური იყო.
“ყველას გთხოვთ სპეციალურ ლოცვას ემერიტუსი პაპის, ბენედიქტე XVI - თვის, რომელიც დუმილით უდგას გვერდში ეკლესიას. იგი ძალიან ავად არის, მისდამი ლოცვებში ვთხოვოთ ღმერთს, რათა ანუგეშოს და გვერდით დაუდგეს მის მოწმობაში ეკლესიისადმი სიყვარულში, ბოლო წუთამდე”.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, პაპმა ფრანცისკემ ისაუბრა ემერიტუს პაპთან ურთიერთობების შესახებ. მას ჰკითხეს, თუ რას აფასებს ყველაზე მეტად ბენედიქტე XVI - ში. მან განაცხადა: “არის წმინდა ადამიანი, ადამიანი მაღალი სულიერი კულტურით. მე მას ხშირად ვნახულობდი. იგი ცხოვრობს ჭვრეტითი ცხოვრებით. აქვს კარგი იუმორის გრძნობა, არის საკმაოდ ცოცხალი და გონიერი, საუბრობს საკმაოდ ნელა, თუმცა არ უჭირს. მაოცებს მისი ინტელექტი, ძალიან კარგი ადამიანია”, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ ჟურნალ “ABC” - თან.
შოთა გიქოშვილი
Comments