top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ვინ არის ქალი, რომელმაც პაპს ყვითელი ყვავილები მიართვა

მას შემდეგ, რაც პაპი ფრანცისკე „ჯემელის“ კლინიკიდან გაწერეს, გარეთ მას  უამრავი მორწმუნე დახვდა, თუმცა პაპის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ყვითელი ყვავილები პაპს მიართვა. როდესაც წმიდა მამა ხალხის დასალოცად კლინიკის აივანზე გაიყვანეს, მან განსაკუთრებულად ახსენა „ქალბატონი ყვითელი ყვავილებით“.  ყველას დააინტერესდა, ვინ იყო ეს ქალი.

 



ქალი, რომელმაც პაპს ყვითელი ყვავილების თაიგული მიართვა 78 წლის კარმელა მანკუსოა, იგივე "კარმელინა". იგი ყოფილი მასწავლებელია კალაბრიადან, წარმოშობით მონტეროსოდანაა, მაგრამ ბოლო ექვსი წელია რომში ცხოვრობს. 

 

კარმელა მანკუსოს კლინიკის ეზოში ყვავილები მიჰქონდა იმ 38 დღის განმავლობაშიც, რაც პაპი საავადმყოფოში იწვა.

 

როდესაც პაპის მზერა შენიშნა, ქალს ემოციისგან ყვავილების თაიგული ხელიდან გაუვარდა და იგი ჟანდარმმა მიაწოდა. პაპმა კი, დაბალი ხმით წარმოთქვა: "აქ ვხედავ ქალბატონს ყვითელი ყვავილებით. ის მშვენიერია!".

 


“დღემდე არ მჯერა, რომ პაპი პირადად მომესალმა, აქამდე აღფრთოვანებული ვარ. მე ყვავილებს თერაპიად ვიყენებ და ამის გაკეთება დავიწყე ერთი ბავშვისთვის, რომელიც „ბამბინო ჯეზუს“ პედიატრიულ კლინიკაში იწვა”, - განაცხადა კარმელამ, რომელსაც ცრემლები მოსდიოდა და ხმა უკანკალებდა.

 

პაპმა, კარმელას მიერ ნაჩუქარი ყვავილები სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში მიიტანა და ღვთისმშობლის ხატს “Salus Populi Romani” შესწირა.

 

"არ ვიცი რა ვთქვა, მადლობა, მადლობა, მადლობა უფალს და წმიდა მამას, არ მეგონა, რომ ასე შემომხედავდა. წმინდა მამას. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და დაბრუნებას, , ჩვენს შორის. როგორც ადრე".

 

კარმელა მანკუზის თქმით, სულაც არ ფიქრობდა, რომ პაპს რამე მოუვიდოდა: “არა, არა, არასდროს! ყოველთვის მწამდა უფლისა, რომ მას არაფერი მოუვიდოდა. ახლა იგი გაწერეს წმიდა მართას სახლში დაბრუნდა. მისი გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივი იქნება და ნუ შევწყვეტთ მისთვის ლოცვას. მას ყველაფერი გამოუვა, ეს უეჭველია”.



 

შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page