თურქეთში, 2020 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სმირნას კათოლიკური ტაძარი აღადგინეს. ამ საქმეში ადგილობრივ ეპარქიას უნგრეთის კათოლიკეები დაეხმარნენ.
უნგრეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტი, ანდრაშ ვერეში, თურქეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტის, მარტინ კმეტეკის მიწვევით, თურქეთის ქალაქ იზმირში იმყოფებოდა. ამ ქალაქის ძველი სახელწოდება სმირნაა.
ვიზიტისას, იერარქებმა წმინდა წირვა აღავლინეს იზმირის პროვინცია ეფესოში, შემდეგ კი მოინახულეს სმირნის საკათედრო ტაძარი, რომელიც 2020 წელს, მიწისძვრის დროს დაზიანდა და რესტავრაცია ჩაუტარეს. არქიეპისკოპოს კმეტეკმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კათოლიკეებსა და საეპისკოპოსოს, საკათედრო ტაძრის აღდგენისთვის აღვლენილი ლოცვებისა და ფინანსური მხარდაჭერისათვის, რომელმაც 40 000 ევრო შეადგინა.
ამჟამად, იზმირში 4 მილიონი მაცხოვრებელია და ის თურქეთში მოსახლეობის სიმრავლით მესამე ქალაქია. ამავე ქალაქშია თურქეთის არქიეპისკოპოსის რეზიდენციაც.
სმირნას საკათედრო ტაძარი XIX საუკუნეში აშენდა და წმინდა იოანე მოციქულის სახელზეა ნაკურთხი. ადგილობრივი კათოლიკური მთავარი ეპარქია დაახლოებით 100 000 კვ. კილომეტრს ითვლის და მის ტერიტორიაზე 5 000 კათოლიკე ცხოვრობს.
შოთა გიქოშვილი
Comments