იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი ისრაელის პოლიციამ წმიდა საფლავის ტაძარში არ შეუშვა
- Mar 30
- 2 min read
იერუსალიმის ლათინური წესის საპატრიარქომ და წმიდა მიწის კუსტოდიამ გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელის პოლიციამ პატრიარქ პიცაბალასა და კუსტოდ იელპოს, ბზობის კვირის ლიტურგიის აღსავლენად, იერუსალიმის წმიდა საფლავის ბაზილიკაში შესვლის საშუალება არ მისცა.

იერუსალიმის ლათინური წესის საპატრიარქო და წმინდა მიწის კუსტოდია გმობენ ამ ფაქტს და მიიჩნევენ, რომ შესვლის აკრძალვა წარმოადგენს აშკარად გაუმართლებელ და უხეშად არაპროპორციულ ზომას.
ეს გადაწყვეტილება მიჩნეულია „ნაჩქარევ და ფუნდამენტურად მცდარ ნაბიჯად, რომელიც შელახულია არასათანადო მოსაზრებებით და წარმოადგენს მკვეთრ გადახვევას გონიერების, აღმსარებლობის თავისუფლებისა და „სტატუს კვოს“ პატივისცემის ფუნდამენტური პრინციპებიდან“.
ამგვარი დაბრკოლება საუკუნეების განმავლობაში პირველი შემთხვევაა.
განცხადებაში განმარტებულია, რომ პიცაბალა და იელპო გზად შეაჩერეს, როდესაც ისინი კერძო ვიზიტით გადაადგილდებოდნენ, ყოველგვარი პროცესიის ან საცერემონიო ელემენტების გარეშე. შესაბამისად, ისინი იძულებულნი გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ. ეს არის „საუკუნეების განმავლობაში პირველი შემთხვევა“, როდესაც ეკლესიის წინამძღოლებს „ბზობის კვირადრეს წმიდა წირვის აღვლენა წმინდა საფლავის ტაძარში აეკრძალათ“.
საქმე გვაქვს „მძიმე პრეცედენტთან“, რომლითაც უგულებელყოფილია „გრძნობები მსოფლიოს იმ მილიარდობით ადამიანისა, რომელთა ყურადღებაც ამ კვირის განმავლობაში იერუსალიმისკენ არის მომართული“.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ეკლესიების წინამძღოლები ყოველთვის პატივს სცემდნენ ხელისუფლების მითითებებს, კონფლიქტის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და მოქმედებდნენ „სრული პასუხისმგებლობით“.
„საჯარო შეხვედრები გაუქმდა, მონაწილეობა აიკრძალა და მიღებულ იქნა ზომები, რათა დღესასწაულები გაზიარებული ყოფილიყო ასობით მილიონი მორწმუნისთვის, რომლებიც აღდგომის ამ დღეებში მზერას იერუსალიმისა და წმინდა საფლავის ბაზილიკისკენ მიმართავენ“.
შესაბამისად, ლათინური წესის პატრიარქი პიცაბალა და წმინდა მიწის კუსტოდი იელპო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ წმიდა მიწისა და მთელი მსოფლიოს ქრისტიანი მორწმუნეების მიმართ იმის გამო, რომ ქრისტიანული კალენდრის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა დღეს, ლოცვის აღვლენა ამგვარად იქნა აკრძალული.
პიცაბალა: აღდგომას ამჯერადაც მოკრძალებულად აღვნიშნავთ
იერუსალიმის ლათინი პატრიარქი ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა „გაუგებრობას“ — „ერთმანეთი სწორად ვერ გავიგეთ და სწორედ ეს მოხდა; მსგავსი რამ აქამდე არასოდეს მომხდარა, რაც ძალიან სამწუხაროა“ — თუმცა რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
„მართალია, პოლიციამ აკრძალა ნებისმიერი სახის შეკრება იმ ადგილებში, სადაც თავშესაფარი არ არის, მაგრამ ჩვენ საჯარო ღონისძიება არც მოგვითხოვია; მხოლოდ მცირე და ხანმოკლე კერძო ცერემონია გვინდოდა, რათა წმინდა საფლავის ტაძარში აღსრულებული ზეიმის აზრი და ტრადიცია შეგვენარჩუნებინა“, – განმარტავს კარდინალი ამატებს:
„გვინდა ეს ვითარება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში უფრო ნათლად განვსაზღვროთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ დაცული იყოს როგორც ყველას უსაფრთხოება, ასევე ლოცვის უფლება.“
პატრიარქის თქმით, აუცილებელია უფრო ფართო სურათზეც ფიქრი:
„არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან და სხვადასხვა მიზეზის გამო საერთოდ ვერ ახერხებენ აღნიშვნას. ამიტომ კიდევ ერთხელ აღდგომას მოკრძალებულ ფონზე ვზეიმობთ.“
დასასრულს, პრემიერ Benjamin Netanyahuს სიტყვებთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც „იესო ქრისტეს არავითარი უპირატესობა არ აქვს ჩინგიზ-ყაენთან შედარებით“, პიცაბალა ხაზს უსვამს:
„ჩვენთვის გამარჯვება ჯვარშია და სწორედ ამის დამოწმება გვინდა; ჯვარი მხოლოდ ტანჯვა და სიკვდილი კი არ არის, არამედ ის არის ვინმე, ვინც სიყვარულის გამო სიცოცხლეს გასცემს".

ბზობის ტრადიციული მსვლელობის გაუქმება კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო, გასულ დღეებში მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ იერუსალიმში ზეთისხილის მთიდან ტრადიციული ბზობის კვირეულის მსვლელობა გაუქმებულიყო.
ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:
„ომის, ამ რთული დროის სიმძიმეს, რომელიც ყველას გვეხება, დღეს ისიც ემატება, რომ აღდგომას ვეღარ აღვნიშნავთ ღირსეულად და ერთად. ეს არის ჭრილობა,“ — რომელიც „კონფლიქტის მიერ მიყენებულ მრავალ სხვა ჭრილობასაც ემატება,“ — თუმცა ამას ლოცვის შეჩერება არ შეუძლია.
რადგან, როგორც იგი დასასრულს ამბობს:
„ვერავითარი სიბნელე, თვით ომის სიბნელეც კი, ვერ იქნება საბოლოო სიტყვა.“
შოთა გიქოშვილი





Comments