top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

იესო ქრისტეს ექვსი უძველესი გამოსახულება

სხვადასხვა საუკუნეში იესოს გამოსახულებას მხატვრები, მოქანდაკეები და მოზაიკოსები სხვადასხვაგვარი გარეგნობით გამოსახავდნენ. ამ სტატიაში  წარმოგიდგენთ ქრისტეს გამოსახულებას I საუკუნის ნაკლებად ცნობილი გრაფიტიდან – VI საუკუნის ცნობილ, ეგვიპტურ პანტოკრატორამდე (ყოვლისმპყრობელი).

ბევრი რამ, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ იესო ქრისტეს გარეგნობის შესახებ, მხატვრული შეთანხმების საგანია. წმიდა წერილში არსად არის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა ქრისტე სინამდვილეში. მხატვრები, მოქანდაკეები და მოზაიკოსები მაცხოვრის გამოსახვისას იმდროინდელ კანონიკას მიმართავდნენ. შესაბამისად, იესოს ზოგიერთი უძველესი გამოსახულება გვთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციას იმ ადგილებისა და ადამიანების სხვადასხვა სტილზე, რომლებმაც ადრეული ქრისტიანობა ჩამოაყალიბეს.

 

გთავაზობთ იესოს ექვს უძველეს გამოსახულებას:

 

1. ალექსამენოსის გრაფიტი - I საუკუნე


ამ გრაფიტზე წარმოდგენილია ადამიანი, რომელიც უყურებს ჯვარცმულ მამაკაცს, რომელსაც ვირის თავი აქვს. იგი I საუკუნით თარიღდება და ამოკვეთილი თაბაშირზე, რომში, პალატინის ბორცვზე, კეისრის სასახლის კედელზე. საინტერესოა, რომ იესოს პირველი ცნობილი გამოსახულება კარიკატურაა. ჩვენი უფალი, რომელმაც ჩვენი ხსნისათვის სასჯელად სიკვდილი მიიღო, ავტორმა დამცინავი სახით უკვდავყო, ცნობილ უძველეს ნახატში.

 

პირველ საუკუნეში ქრისტიანობა არ იყო ოფიციალური რელიგია და რომის მოქალაქეების უმეტესობა მის მიმდევრებს ეჭვითა და სკეპტიციზმით უყურებდნენ. ეს გრაფიტი, სავარაუდოდ, შექმნილია ქრისტიანი ალექსამენოსის დაცინვის მიზნით. გავრცელებული აზრის მიხედვით, იგი თაყვანს სცემდა "ვირისთავიან ღმერთს". გრაფიტზე დატანილ წარწერაზე წერია: "ალექსამენოსი თაყვანს სცემს თავის ღმერთს". აქვეა კიდევ ერთი დამცინავი ფრაზა: „ალექსამენოსის ღმერთი ჯვარს აცვეს”. 

 

პირველ საუკუნეში ჯვარცმა სამარცხვინო სასჯელი იყო, რომელსაც ყველაზე უარეს დამნაშავეებსა და მონებს უსჯიდნენ.

 

2. „კეთილი მწყემსი“ –  III საუკუნე

 


სახარებები მართალია არ გვაძლევს ინფორმაციას იესოს გარეგნობაზე, მაგრამ ისინი ბევრ მეტაფორას გვთავაზობენ მის შესახებ. მათგან ყველაზე გასაოცარია “კეთილი მწყემსის” მეტაფორა. იოანეს სახარებაში (10:11 და 10:14) იესო ამბობს: „მე ვარ მწყემსი კეთილი... მწყემსი დებს თავის სულს ცხვრებისთვის“. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრმა ადრეულმა ქრისტიანმა მხატვარმა ქრისტეს გამოსახვისთვის „კეთილი მწყემსის“ მეტაფორა აირჩია. ყველაზე ხშირად ისინი ბერძნული და რომაული ხელოვნებისთვის დამახასიათებელ მწყემსურ მოტივებს იყენებდნენ.


ეს გამოსახულება გვხვდება რომში, წმიდა კალიქსტის კატაკომბის კედლებზე და აღწერს იესოს, რომელსაც მხრებზე მოგდებული ჰყავს ხბო. იგი ჰგავს მოსხოფორის (ხბოს მატარებელს) ფიგურას, რომლის პირველი გამოსახულება, ძველ ბერძნულ ხელოვნებაში ჩვ.წ აღრიცხვამდე 570 წლით თარიღდება.

 

3. სამი მოგვის თაყვანისცემა  – III საუკუნე


ახალი აღთქმის საფუძველზე შექმნილი ქრისტეს კიდევ ერთი გამოსახულებაა  მოგვების თაყვანისცემა, რომელიც აღწერილია მათეს მე–2 თავის 1-12 პარაგრაფში. ადრეულ ქრისტიანებში, ეპიფანია (უფლის გაცხადება) ქრისტეს ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმოდგენა იყო. სამი მოგვის გამოსახულება, რომლებიც ყრმა იესოს სცემენ თაყვანს, III საუკუნის სარკოფაგის გასაფორმებლად შეიქმნა, ახლა კი ინახება რომში, ვატიკანის მუზეუმებში.

 

4. 'დავრდომილის განკურნება' – III საუკუნე

 


მათეს (9:1-8), მარკოზისა (2:1-12) და ლუკას სახარებებში (5:17-26) აღწერილი იესოს კიდევ ერთი სასწაული კაპერნაუმში დავრდომილის განკურნებას ეხება. მას შემდეგ სახარების ეს ეპიზოდი ქრისტიანულ იკონოგრაფიაში განმეორებადი ელემენტია. III საუკუნით დათარიღებული „დავრდომილის განკურნების“ ეს გამოსახულება იპოვეს სირიაში, დიდი ხნის წინ მიტოვებული ეკლესიის ბაპტისტერიუმში (მოსანათლავი ადგილი).  ეს არის ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ადრეული გამოსახულება, რომელიც ისტორიკოსებისთვის ცნობილია.

 

5. ქრისტე პეტრესა და პავლე მოციქულებს შორის –  IV საუკუნე

 


 ქრისტეს ეს გამოსახულება, IV საუკუნით თარიღდება და იესოს წარმოგვიდგენს მოციქულების – წმიდა პეტრესა და წმიდა პავლეს შორის მდგარს. იგი გამოსახული იყო წმიდა მარცელინუსისა და პეტრეს კატაკომბებში, რომში, ვია ლაბიკანაზე, სასახლესთან, რომელიც ოდესღაც იმპერატორ კონსტანტინეს ეკუთვნოდა. გამოსახულების მთავარი ფიგურების - იესოს, პეტრესა და პავლეს ქვემოთ ვხვდებით გორგონიუსს, პეტრეს, მარცელინუსს და ტიბურციუსს – ოთხ მოწამეს, რომლებიც დაკრძალეს ამ კატაკომბაში. ისინი მიუთითებენ ღვთის კრავისკენ, მისი ზეციური საკურთხევლისკენ.

 

6. ქრისტე პანტოკრატორი (ყოვლისმპყრობელი) – VI საუკუნე

 


ბერძნული სიტყვა “Pantikrator” სიტყვა–სიტყვით ნიშნავს "ის, ვისაც ყველაფერზე  ძალაუფლება აქვს ". ამგვარად, ბერძნულად ითარგმნა ორი ებრაული გამოთქმა, რომელიც ძველ აღთქმაში გამოიყენებოდა ღვთის წარმოსაჩენად: „ზეციური მხედრობის ღმერთი“ (ცაბაოთი) და „ყოვლისშემძლე“ (ელ შადაი). ასეთი ძლიერი ტიტულის გამოსახატავად, ბიზანტიელმა ხატმწერებმა გამოიყენეს ისეთი თვისებები, როგორიცაა: ღია მარჯვენა ხელი, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა ძალასა და ავტორიტეტს. ეს გამოსახულება „ქრისტე პანტოკრატორის“ უძველესი ცნობილი ნიმუშია.


განსხვავებული მიმიკები, იესოს სახის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, შეიძლება მიუთითებდეს მის ორ, ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებაზე. გამოსახულება VI-VII საუკუნეში, ხის დაფაზეა შესრულებული და ამჟამად ეგვიპტეში, სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში ინახება, რომელიც  მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მონასტერია.

 

წყარო: pl.aleteia.org

 

 შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page