• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ივლიტელი კათოლიკეები შიშობენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, ხატებს ტაძარში აღარ შეატანინებენ



კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის ერთ–ერთ სადავო ტაძარს, რომელიც ივლიტაში მდებარეობს, უკვე ოთხი თვეა სახურავი გადახდილი აქვს. აღდგენითი სამუშაოები 2021 წლის აპრილში უნდა დაწყებულიყო, თუმცა დღემდე არ დაწყებულა.


ტაძარში მხოლოდ კათოლიკე ეკლესიის რამდენიმე ხატია დარჩენილი, მართლმაიდდებელმა მრევლმა თავის საკუთრებაში არსებული ხატები გაიტანა.


უამინდობის დროს, უსახურაოდ დარჩენილ ეკლესიაში წყალი ჩადის და იტბორება, თუმცა კათოლიკე მრევლს ხატების ტაძრიდან გამოტანის ეშინია, რადგან ეჭვი აქვთ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, მართლმადიდებელი მრევლი ხატებს უკან არ შეატანინებს და საკუთარ ეკლესიაში იმ ერთ კედელსაც დაკარგავენ, რომელიც ახლა კათოლიკეებს ეკუთვნით.


როგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, უსახურაოდ დარჩენილ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტაძარზე, სახურავის ადგილას ბალახი ამოვიდა. მათივე ინფორმაციით, ძეგლთა დაცვის სააგენტოში, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ჟურნალისტს არ უპასუხეს როდის დაიწყება ტაძრის სახურავის აღდგენითი სამუშაოები.


ივლიტის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მართლმადიდებელ წინამძღვრის, იოანე გელაშვილი სააგენტოსთან ამბობს, რომ ამჟამად ტაძრის კარი დაკეტილია და მრევლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ღვთისმსახურება არ ტარდება. ტაძრიდან გატანილია მართლმადიდებლური ხატებიც.


„შიგნით წყალი ჩადის. ქვები გაბზარულია. გარშემო ხალხის მიმოსვლისთვის საშიშია. წელს მოესწრება თუ არა ტაძრის აღდგენა არ ვიცი. ჩვენ ყველაფერი გამოვიტანეთ. მხოლოდ ჭაღია დარჩენილი. ტაძარში კათოლიკებსაც აქვთ კუთხე, მათი ხატები შენობაში ისევ რჩება“,– ამბობს იგი.


კათოლიკე ეკელსიის კანცელარიის გამგე, მღვდელი აკაკი ჭელიძე ამბობს, რომ არც კათოლიკე სასულიერო პირები და არც მრევლი, ივლიტის ეკლესიიდან ხატების გამოტანას ჯერჯერობით არ აპირებენ, რადგან შიშობენ, რომ უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ მიეცემათ.


„ტაძრიდან ხატების გამოტანა ჩვენს მორწმუნეებს არ სურთ, რადგან შიშობენ, რომ უკან აღარ შეატანინებენ. მოსახლეობამ ახალციხის კათოლიკური ტაძრის წინამძღვართან ერთად, მიმართა მამა იოანეს, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რის საფუძველზეც, ეკლესიის რეაბილიტაცის შემდეგ, ხატების უკან შეტანის უფლებას მისცემდნენ, მაგრამ მან ამგვარ წინადადებას თავი აარიდა. რა თქმა უნდა, როცა ტაძრის აღდგენა დაიწყება, უნდა გათავისუფლდეს კედელი, თუმცა უნდა იყოს გარანტიები, რომ ხატების დაბრუნებას შევძლებთ“, – აღნიშნა სასულიერო პირმა.


მისივე თქმით, შენობის რეაბილიტაციის დროს პროცესებში როგორც მართლმადიდებლური, ისე კათოლიკური მხარე უნდა ჩაერთოს: „ 2000–იანების დასაწყისში ტაძარში ბეტონის იატაკი დაიგო და მის ქვეშ მოყვა ყველა ის საფლავი, რომელიც ეკლესიაში იყო. მსგავსი სახის ვანდალიზმი სამწუხაროდ არ გაგვიკვირდება, ამიტომ ჩვენი აღდგენის პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტყუილი შიშებია“,– აღნიშნა მან.