ვატიკანის მუზეუმის ექსპონატების დათვალიერება უფასოდ იქნება შესაძლებელი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შეგროვებულ ხატებს, რომლებიც მუზეუმში ინახება, 16 დეკემბრიდან 16 თებერვლის ჩათვლით, რომში, წმინდა აგნესას სახელობის ტაძარში დააბრძანებენ.
![](https://static.wixstatic.com/media/3230ff_352284926af04cc7a5efb3fe0b231124~mv2.jpeg/v1/fill/w_750,h_421,al_c,q_80,enc_auto/3230ff_352284926af04cc7a5efb3fe0b231124~mv2.jpeg)
“იმედის ხატები. რწმენის გზა ვატიკანის მუზეუმებში” – ასეთი სახელწოდება ექნება გამოფენას. პროექტს ახორციელებს ვატიკანის მუზეუმების გაერთიანება ევანგელიზაციის საკითხთა განყოფილებასთან ერთად.
როგორც ვატიკანის მუზეუმების დირექტორმა, ბარბარა ჯატამ განმარტა, გამოფენა შედგება თვრამეტი ნამუშევრისგან, ქრისტიანული აღმოსავლეთ ევროპიდან, მათ შორის: საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და მაკედონიიდან: „ჩვენ მათ იმედის ხატები ვუწოდეთ, საიუბილეო დევიზის შესაბამისად, სწორედ იმიტომ, რომ ისინი მშვიდობისა და ძმობის გამოხატულებაა, რასაც სტილის შერევა მოწმობს. მათი სინთეზი გვიჩვენებს, რომ ჩვენ ყველა ერთსა და იმავე გზავნილს ვატარებთ”, - ამბობს ჯატა. წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების უმეტესობა ახლახან რესტავრირებულია ვატიკანის მუზეუმების სპეციალიზებულ სახელოსნოებში.
ხატები დაწერილია XV და XX საუკუნეებში. ისინი დამზადდა სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, მათ შორის: ტემპერა, მინანქარი და ძვირფასი ქვები.
“ხატი არ არის უბრალოდ გამოსახულება, ის არის უტყუარი დასტური, რომელში შესაძლებელია ხსნის ისტორიის ამოკითხვა. ისტორია მოგვითხრობს უამრავი მომლოცველის შესახებ, რომლებიც ხატს თან ატარებდნენ, რათა გზად მარტოსულებად არ ეგრძნოთ თავი და ყოფილიყვნენ წმინდანთა გარემოცვაში. ისინი, ვინც ამ გამოფენაზე მოსვლას შეძლებს, იმედს ვიტოვებთ, რომ განჭვრეტენ იმ საიდუმლოს, რომელიც ხატშია დატანილი”, - განაცხადა ევანგელიზაციის საკითხთა დიკასტერიის პრეფექტმა, არქიეპისკოპოსმა რინო ფიზიკელამ.
გამოფენა არის ნაწილი პროგრამისა: “იუბილე ეს კულტურაა”.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments