• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ინდოეთში იცოდნენ, რომ დემეტრე თბილელი საქართველოდან იყო’ – მამა გაბრიელე

კათოლიკე მღვდლები, მამა გაბრიელე ბრაგანტინი და მამა სიმონე დე ნარდო ინდოეთში მუმბაიში (ბომბეი) იმყოფებოდნენ. ეს ის რეგიონია, სადაც 1321 წელს, ქართველი ფრანცისკანელი ბერი, ძმა დემეტრე თბილელი აწამეს. მღვდლების ინდოეთში ყოფნის მიზანი იყო გაეცნოთ ის კულტი, რომელიც ოთხი ფრანცისკანელი ბერის მოწამეობრივი სიკვდილის შემდეგ ბომბეიში არსებობს.

მამა გაბრიელე და მამა სიმონე ინდოეთში

საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ვიკარიუსი და დასავლეთ საქართველოს დეკანი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი ის მღვდელმსახურია, რომლის ძალისხმევითა და მონდომებითაც ქართველმა კათოლიკეებმა ძმა დემეტრე თბილელის შესახებ შეიტყვეს. სწორედ მამა გაბრიელე იყო პირველი, ვინც ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს ძმა დემეტრეს შესახებ ცნობების მოძიების აუცილებლობაზე ესაუბრა:


კურთხევა მივეცი, თუმცა სკეპტიციზმისაგან არ ვყოფილვარ თავისუფალი. მას კი, უხმაუროდ, ეყო სიჯიუტე კონტაქტები ეძებნა და კავშირები გაება ინდოეთში, იტალიაში, ფრანცისკელთა უფროსებთან და სხვადასხვა ადგილების ეპისკოპოსებთან“, – თქვა 2021 წლის 9 აპრილს, ძმა დემეტრე თბილელისადმი აღვლენილი წირვის ქადაგებისას ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.


რვა თვეზე მეტია საქართველოში კათოლიკე ეკლესია ძმა დემეტრეს ნეტარად შერაცხვისათვის საჭირო ცნობებს აგროვებს. მღვდელმსახურები ცდილობენ გაიგონ როგორა დემეტრე თბილელისა და მასთან ერთად მყოფი კიდევ სამი ფრანცისკანელი წამებული ბერის მოხსენიების კულტი ინდოეთში (მათი წამების ადგილზე) და იტალიაში (სამი ფრანცისკანელი ბერის სამშობლოში).


სწორედ ამის გასაგებად, მამა გაბრიელე ბრაგანტინი და სომხეთში მოღვაწე, ლათინური წესის კათოლიკე მღვდელი მამა სიმონე დე ნარდო, 25 ოქტომბერს ინდოეთში გაემგზავრნენ.


„ვიყავით ბომბეისა და გოაში. ეს ორი ადგილი ძლიერ კავშირში საქართველოს ისტორიასთან. ჯერ იმიტომ, რომ ბომბეიში მოწამეობრივად აღესრულა ძმა დემეტრე თბილელი. სამწუხაროდ, არ არის ცნობილი ზუსტად რომელ ადგილზე მოხდა წამება, თუმცა ახლომახლო არის ეკლესია, რომელიც მე–16 საუკუნეში აშენდა წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელზე. იგი პორტუგალიელებმა ააშენეს, როცა შემოვიდნენ ინდოეთში და ეს ადგილი აირჩიეს, რადგან თანას მოწამეები ითვლებოდნენ, როგორც შორეული აღმოსავლეთიდან პირველი მოწამეების ჯგუფი. ანუ ეკლესიისათვის მათი მოწამეობა მნიშვნელოვანი მომენტი იყო და ამ ფაქტს ევროპაშიც დიდი რეზონანსი ჰქონდა“, – ამბობს მამა გაბრიელე.



მიუხედავად იმისა, რომ 1321 წელს, თანაში მოწამეობრივად აღსრულებული ოთხი ფრანცისკანელიდან მხოლოდ ერთი მათგანია ნეტარად შერაცხული (არცერთი წმინდანი), ინდოეთში მათი ერთგვარი თაყვანისცემის ტრადიცია მაინც არსებობს. როგორც მამა გაბრიელე ამბობს, 1932 წლიდან ბომბეის ადგილობრივი ეკლესიის კალენდარში 9 აპრილი შეტანილია, როგორც ამ ოთხი წამებულის მოხსენიების დღე.


„ვიცი, რომ არსებობს 1895 წლის დეკრეტი, სადაც წერია, რომ შეიძლება ამ ოთხი მოწამის კულტი აღდგენილი იყო. მე არ ვიცი, კონკრეტულად რას გულისხმობდნენ „კულტის აღდგენაში“, რადგან ეს ტექსტი წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ის არსებობს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან თუ საუბარია ლიტურგიულ კულტზე, ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ მათი სახელები შეტანილი იყოს საეკლესიო კალენდარში და შეიძლება, რომ მათ სახელზე აღვავლინოთ წირვა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არიან შერაცხული ნეტარებად ან წმინდანებად, მაგრამ არიან მოწამეები“.


როგორც მღვდელმსახური ამბობს, ეს ოთხი წამებული ძველ, აქამდე შემორჩენილ ფრესკებზე შარავანდედებით არიან გამოსახული, რაც ხაზს უსვამს მათი პიროვნების მნიშვნელობას.


„ადრე, მოწამეები ეკლესიისთვის თითქმის ისეთივე ფიგურები იყვნენ, როგორც წმინდანები. ეს ჩანს იმ ფრესკებზე, სადაც წამებაა გამოსახული. მაგალითად, ჩემს ქალაქში, ვერონაში წმინდა ფერმოს ეკლესიაში, მარჯვენა მხარეს კედელზე დიდი ფრესკაა, სადაც დატანილია ამ მოწამეების ცხოვრებისა და სიკვდილის ფაქტები. ამ ოთხ წამებულს კი თავზე შარავანდედი ადგათ. ეს ფრესკა შექმნილია მე–14 საუკუნეში, ეკლესია კი იმ პერიოდში ფრანცისკანელების იყო, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პირველ რიგში, ეს ადამიანები ფრანცისკანელების ორდენისთვის იყვნენ მნიშვნელოვანი ფიგურები. ასევე სხვა ქალაქებშიც: სენაში, პადუაში, უდენში...“


ოთხი ფრანცისკანელი ბერი, ტომაზო ტოლენტინოელი, იაკოპო პადუელი, პიეტრო სიენელი და დემეტრე თბილელი თანაში (ბომბეის რეგიონი) 700 წლის წინ აწამეს, თუმცა ინდოეთში კათოლიკე მრევლი მათ პატივს დღემდე მიაგებს და მოიხსენიებს.


„ჩანს, რომ ინდოეთში დღესაც დიდი ყურადღება ექცევათ ამ მოწამეებს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათი წამების დღე, 9 აპრილი წმინდა კვირას ემთხვევა, ხალხი მაინც იკრიბება და წმ. წირვა აღევლინება მათ სახელზე. სამწუხაროდ, ჩვენ საქართველოში დავკარგეთ ასეთი ტრადიცია და საჭიროა, რომ აღვადგინოთ. სწორედ ამის გამო წავედით მე და მამა სიმონე ინდოეთში, რომ გვენახა როგორია კულტი ამ ადგილების მიმართ. როცა ხალხი იგებდა, რომ საქართველოდან ვიყავი, ძალიან უხაროდათ. იცოდნენ, რომ ვიყავით იმ ქვეყნიდან, საიდანაც იყო ძმა დემეტრე“, – ამბობს მამა გაბრიელე და ამატებს, რომ სქიზმის შემდეგ, ძმა დემეტრე იყო პირველი ქართველი მოწამე და კარგი იქნება, თუ იგი გახდება პირველი ქართველი კათოლიკე წმინდანი, რომელიც აღიარებული იქნება კათოლიკე ეკლესიის მიერ.


„შეიძლება ვინმემ თქვას, რატომ არ ვფიქრობთ იმ მღვდლების წმინდანად შერაცხვაზე, რომლებიც კომუნისტების დროს აწამეს და დახოცეს. მართალია, რომ მაგ პერიოდში ნამდვილად ბევრი მღვდელი იყო ასეთი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სჯობს დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს და იქიდან დავიწყოთ ეს პროცესი. რა თქმა უნდა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც ცოტა ხნის წინ, საბჭოთა პერიოდში მოხდა“.


მღვდლის აზრით, ძმა დემეტრეს ნეტარად შერაცხვა არა მხოლოდ კათოლიკე ეკლესიისათვის, არამედ ქართული სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება, შესაბამისად, კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას თბილისში ერთი ქუჩისთვის ძმა დემეტრეს სახელი მიენიჭებინა. ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიას კათოლიკე ეკლესიამ 2021 წლის 9 აპრილს განცხადებით მიმართა, თუმცა წელიწად–ნახევარზე მეტია მერიიდან პასუხი არ მოსულა.


„ვფიქრობ, რომ სირცხვილია, საქართველოში არ იყოს არცერთი ქუჩა ამ ადამიანისა. ვინაიდან თავის დროზე, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ცხოვრობდა თბილისში, იყო ქართველი, წავიდა ჯგუფთან ერთად ქრისტიანობის საქადაგებლად ჩინეთში... თუ ამ საქმისთვის ის აირჩიეს, ნიშნავს, რომ სანდო და მომზადებული პიროვნება იყო. თარჯიმნობდა და სწავლული იყო“.


საქართველოში კათოლიკე ეკლესია ცდილობს ძმა დემეტრეს შესახებ ის საჭირო ცნობები შეაგროვოს, რომლებიც შემდეგში მის ნეტარად შერაცხვისავის აუცილებელია.


„ამ ეტაპზე, ბომბეის არქიეპისკოპოსისგან მივიღეთ თანხმობა, რომ ეს [ნეტარად შერაცხვის] საეკლესიო პროცესი დაიწყოს ადგილობრივ დონეზე. ანუ უნდა შეგროვდეს ხალხისგან მოწმობები, რომ ხალხისთვის ეს პიროვნება მნიშვნელოვანია, როგორც ქრისტიანული ცხოვრებისათვის წამებული. გვაქვს უკვე რამდენიმე მოწმობა. უნდა შევკრიბოთ ყველა მოწმობა, შემდეგ ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით უნდა შედგეს ოქმი და გაიგზავნოს ნეტარობისთვის. სამწუხაროდ, საქართველში არ გვაქვს მისი გამოსახულება, არცერთი ლოცვა მის მიმართ, ანუ ხელახლა უნდა შევქმნათ ყველაფერი, მაგრამ მგონია რომ არსებობს ამისთვის საფუძველი და ხალხში ინტერესი, სწორედ ამისათვის წავედით ჩვენ ინდოეთში, რომ დაგვენახა როგორი სიტუაციაა“, – განმარტავს მამა გაბრიელე ბრაგანტინი.


ქართველი კათოლიკე, ფრანცისკანელი ბერი, ძმა დემეტრე თბილელის შესახებ ცნობები მცირეა, თუმცა ჯერ კიდევ 1910 წელს, ქართველი კათოლიკე მღვდელი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, მიხეილ თამარაშვილი წერდა: „ძმა დემეტრე ტფილელი მცირე ძმების ორდენში შევიდა, თავის ევროპელ თანამოძმეებთან ერთად ინდოეთში წავიდა და თანაში ეწამა 1321 წელს“...


ისტორიული ცნობებიდან ირკვევა, რომ დემეტრე თბილელი ფრანცისკანელთა ორდენის ქართველი ბერი იყო, რომელიც ინდოეთში აწამეს.


მოწამეობრივი აღსასრულიდან 700 წლის შემდეგ, საქართველოში კათოლიკე ეკლესია ცდილობს მისი მოღვაწეობრივი აღსასრული სათანადოდ დააფასოს.


ამავე თემაზე:


დემეტრე თბილელი


ქართველი კათოლიკეები რომის პაპს დემეტრე თბილელის ნეტარად შერაცხვას სთხოვენ


ძმა დემეტრესადმი მიძღვნილი დღის ქადაგება


კათოლიკეები ითხოვენ თბილისის რომელიმე ქუჩას დემეტრე თბილელის სახელი მიენიჭოს


კათოლიკე ეკლესიამ ძმა დემეტრე თბილელის წამების დღე გაიხსენა

თაკო ფეიქრიშვილი